Accessibility links

logo-print

''დაბრუნების'' წარმატება - რუსული კინოს აღმასვლის მაუწყებელი?


ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე ახალგაზრდა რუსი რეჟისორის ანდრეი ზვიაგინცევის წარმატებამ კინოს სამყარო რუსული კინოს "რენესანსზე" აალაპარაკა.

იქცევა თუ არა ზვიაგინცევის ფილმი სახელწოდებით "დაბრუნება" დიდ საერთაშორისო ასპარეზზე რუსული კინემატოგრაფის დაბრუნებად?

[დაჯილდოების ცერემონიის აუდიონაწყვეტი]

იტალიური კინოს მეტრს, ვიტორიო ტავიანის აშკარად გაუჭირდა ზვიაგინცევის გვარის წარმოთქმა, მაგრამ არა მგონია, რუს რეჟისორს ამის გამო დიდად დასწყვეტოდა გული: ვენეციის კინოფესტივალის ჟიურიმ ხომ მას მთავარი პრიზი - "ოქროს ლომი" მიანიჭა. აქამდე ამ ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტიანი კინოფორუმის მთავარი ჯილდო მხოლოდ ორ რუს კინოხელოვანს ჰქონდა მოპოვებული: 1962 წელს "ოქროს ლომი" ანდრეი ტარკოვსკის "ივანეს ბავშვობას" მიენიჭა, ხოლო 1991 წელს ასეთივე წარმატება ხვდა ნიკიტა მიხალკოვის "ურგას".

მაგრამ "დაბრუნების" გამარჯვება მაინც განსაკუთრებით უჩვეულოდ შეიძლება ჩაითვალოს. თუნდაც იმიტომ, რომ ეს ფილმი რეჟისორის პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ნამუშევარი გახლავთ. და, საერთოდ, 39 წლის ზვიაგინცევი აქამდე თეატრის მსახიობად და ტელემოდერატორად უფრო იყო ცნობილი, ვიდრე რეჟისორად.

რადიო "თავისუფლების" კორესპონდენტმა ჯერემი ბრანსტენმა ლაურეატის შესახებ აზრის გამოთქმა სთხოვა დიდი ბრიტანეთის ყველაზე ავტორიტეტიანი კინოგამოცემის, ჟურნალ "Sight and Sound"-ის მთავარ რედაქტორს ნიკ ჯეიმსს, რომელიც ვენეციის ფესტივალზე აკრედიტებულ ჟურნალისტთა შორის იყო.

[ნიკ ჯეიმსის ხმა] "ეს სავსებით დამსახურებული გამარჯვება იყო. ვფიქრობ, არაერთი მეტაფორული განზომილებით დატვირთული ჭეშმარიტი თხრობისა და უაღრესად შთამბეჭდავი კინოენის, აგრეთვე მთავარი როლების სამივე შემსრულებლის ბრწყინვალე თამაშის კომბინაცია იყო ის, რამაც ფილმი ჩემთვის ფესტივალის ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრად აქცია."

მოსკოველი კინომცოდნე კირილ რაზლოგოვი მთლიანად იზიარებს თავისი ბრიტანელი კოლეგის მოსაზრებას. მეტიც, მისი თქმით, ანდრეი ზვიაგინცევის ტრიუმფი და ამავე ფესტივალზე კიდევ ერთი რუსი რეჟისორის, უმცროსი ალექსანდრ გერმანის ფილმის "უკანასკნელი მატარებლის" დაჯილდოება ჟიურის სპეციალური პრიზით, იმაზე მეტყველებს, რომ რუსული კინემატოგრაფი აღმავლობის გზაზეა.

[კირილ რაზლოგოვის ხმა] "ჩემი აზრით, საუბარია რუსული კინემატოგრაფისადმი ინტერესის აღორძინებაზე. ამის დასტურია ისიც, რომ დიპლომით დააჯილდოვეს უმცროსი ალექსანდრ გერმანის სურათი, პრიზი მიიღო მურად იბრაგიმბეკოვის მოკლემეტრაჟიანმა ფილმმაც. ასე რომ, ზვიაგინცევის წარმატება, შესაძლოა, ამ ინტერესის აღზევებითაც აიხსნას. თუმცა, არც ის არის გამორიცხული, მოწმენი ვიყოთ ახალი დიდოსტატის დაბადებისა. მაგრამ ახლა ეს თვით ხელოვანმა უნდა დაამტკიცოს. რადგან ყველაზე რთულია, გადაიღო მეორე სურათი პირველის ესოდენ თავბრუდამხვევი და ხმაურიანი წარმატების შემდეგ."

კირილ რაზლოგოვი აღნიშნავს, რომ უცხოელ კრიტიკოსებს ხშირად ის რუსული ფილმები მოსწონთ, რომლებიც თავად რუსეთში ნაკლები წარმატებით სარგებლობს, და პირიქით. თანამედროვე რუსულ კინემატოგრაფში რაზლოგოვი ორ მიმართულებას გამოყოფს. მისი თქმით, ერთს წარმოადგენენ ლირიკოსები, ანუ ტრადიციული, "ლიტერატურული" სკოლის გამგრძელებლები, რომლებიც პოეტური ენით მოგვითხრობენ მარადიულ თემებზე; ხოლო მეორე მიმართულების მიმდევრები არიან "ახალი რუსული კინოს" შემქმნელნი, ანუ ისინი, ვისი ყურადღებაც მიმართულია ქაოსური, პოსტსაბჭოთა სამყაროსკენ, სადაც ფული და შიშველი ძალა ბატონობს.

რაზლოგოვის აზრით, "დაბრუნების" წარმატება იმანაც განაპირობა, რომ სტილისტურად ის კლასიკური რუსული კინოს ტრადიციებს აგრძელებს. ამ მოსაზრებას "Sight and Sound"-ის მთავარი რედაქტორი ნიკ ჯეიმსიც იზიარებს.

[ნიკ ჯეიმსის ხმა] "ჩემთვის ამ ფილმის წმინდა რუსული თვისება იმაში მდგომარეობს, რომ მასში რეალიზმის პოეტურ ფორმას ვხვდებით. ეს არის უაღრესად რეალისტური ფილმი, მაგრამ, ამავე დროს, იგი გასაოცრად ექვემდებარება ლანდშაფტის გავლენას. ეს არის ბუნების სურათებით მდიდარი, ულამაზესი ფილმი."

ანდრეი ზვიაგინცევის ფილმის წარმატებას სევდიანი ნოტიც ახლავს. სურათის გადაღება ახალი დამთავრებული იყო, როცა ლადოგის ტბაში, ზუსტად იქ, სადაც ფილმის პირველი სცენები თამაშდება, დაიხრჩო ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი, 15 წლის ვლადიმირ გარინი.
XS
SM
MD
LG