Accessibility links

logo-print

საქართველოში ეუთოს დაკვირვებელთა მისია მუშაობას შეუდგა


დავით პაიჭაძე, თბილისი საქართველოს უკვე მოაშურა ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის სადამკვირვებლო მისიამ, რომელიც 9 სექტემბრიდან შეუდგა მუშაობას. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა

და ადამიანის უფლებების ოფისმა სამშაბათს გამოაცხადა, რომ დამკვირვებლები საარჩევნოდ ფართომასშტაბიან და გრძელვადიან სამუშაოს გასწევენ.

ეუთოს დამკვირვებლებისგან საქართველოში ბევრს მოელიან, ამ დროს კი მისიას მკაცრად განსაზღვრული კომპეტენცია აქვს. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის ხელმძღვანელს თბილისში, ჯულიან ფილ იეიტსს 9 სექტემბერს ჟურნალისტებთან შეხვედრისას რამდენჯერმე მოუწია თქმა, რომ მისია არ ერევა საარჩევნო პროცესში.

[იეიტსის ხმა] "ჩვენი როლი გულისხმობს მეთვალყურეობასა და მონიტორინგს. ეს არ გახლავთ ზედამხედველობა ან მართვა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავებაა. პასუხისმგებლობა არჩევნების ჩატარებაზე მთლიანად საქართველოს ეკისრება. ჩვენ გვაქვს პროფესიული კოდექსი, რომელიც მოითხოვს ჩვენგან, არ ჩავერიოთ არჩევნებში, არ გავაკეთოთ წინასწარი დასკვნები. ჩვენ არ შევაფასებთ და არ გავაკეთებთ არავითარ კომენტარს კამპანიის მიმდინარეობისას".

ჩამოთვლილი შეზღუდვების მიუხედავად, ეუთოს საარჩევნო მისიის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მისიის წევრთა ცოდნა და გამოცდილება ხელს შეუწყობს სტაბილურობასა და გამჭვრივალობას არჩევნების დროს, გაზრდის მოქალაქეთა ნდობას არჩევნებისადმი.

რა რესურსებით აპირებს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი არჩევნების მეთვალყურეობას? ჯულიან ფილ იეიტსი ამბობს, რომ თბილისში უკვე იმყოფება 10 ექსპერტი, ხოლო 21, გრძელვადიანი მუშაობისთვის სპეციალურად გაწვრთნილი ექსპერტი რეგიონებში შეუდგება საქმეს.

[იეიტსის ხმა]: "ისინი მონიტორინგს გაუწევენ და გააანალიზებენ მთელ საარჩევნო პროცესს: პოლიტიკური პარტიების კამპანიას; საარჩევნო ადმინისტრაციებისა და კომისიების მუშაობას; ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობასა და მედიას; არჩევნების დღესა და გასაჩივრების პროცედურებს".

გარდა ამისა, დაახლოებით 400 მოკლევადიანი მეთვალყურე, ეუთოსა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეათა და ევროპარლამენტის დეპუტატებთან ერთად, არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე ჩამოვა საქართველოში და მთელი ქვეყნის მასშტაბით განახორციელებს კენჭისყრის, ხმების დათვლისა და შედეგების შეჯამების მონიტორინგს.

ეუთოს საარჩევნო მისიის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მისია მეთვალყურეობის შედეგებს, დასკვნებსა და შეფასებებს არჩევნების მეორე დღესვე, 3 ნოემბერს წარმოადგენს.
XS
SM
MD
LG