Accessibility links

logo-print

ეროვნულ ძალთა გაერთიანება საარჩევნო პროცესში პირველ დარღვევებს აპროტესტებს


"ეროვნულ ძალთა გაერთიანება" საარჩევნო პროცესში პირველ დარღვევებს აპროტესტებს. საქმე ეხება ქვედა დონის საარჩევნო კომისიების, კერძოდ, საოლქო საარჩევნო კომისიების

თავმჯდომარეების დანიშვნის პროცესს, რასაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე რაიონების საკრებულოების წარდგინებით ახორციელებს. როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან გვაცნობეს, ამ პროცესის დასრულების ვადა10 სექტემბერს იწურება. ეროვნულ ძალთა გაერთიანებაში კი აქვთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საკრებულოების მხრიდან საოლქო კომისიების თავმჯდომარეების კანდიდატთა წარდგენა ზოგიერთ შემთხვევაში კანონდარღვევით, უმეტს შემთხვევაში კი გამგეობების ხელმძღვანელების კარნახით ხდება.


მას შემდეგ, რაც ეუთომ უარი თქვა მონაწილეობა მიეღო საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეთა კანდიდატების შერჩევაში, ეს მისია ადგილობრივ ორგანოებს - საკრებულოებს დაევალათ. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სწორედ საკრებულოებმა წარადგინეს საოლქო კომისიების თავმჯდომარეების კანდიდატურები, რასაც თან ახლავს საკრებულოების შესაბამისი დადგენილებები. "ეროვნულ ძალთა გაერთიანებაში" ფლობენ ინფორმაციას, რომ ერთ-ერთი ასეთი დადგენილება - ამა წლის 3 სექტემბრის დადგენილება, რომლის მიხედვით სამტრედიის რაიონის საკრებულო მხარს უჭერს ნომერ 54 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე თემურ სულაქველიძის დანიშვნას, ყალბია. სამტრედიის საკრებულოს წევრთა უმარვლესობა აღიარებს, რომ ამ დადგენილების მიღებაში მონაწილეობა არ მიუღია. "ეროვნულ ძალთა გაერთიანებაში" ასკვნიან, რომ სამტერდიის რაიონის საკრებულოს თავმჯდომარემ, ვალერი ფოცხვერიამ დადგენილება თვითნებურად, გამგეობის ზეწოლით მიიღო. ასეა თუ არა, აი, რა შინაარსის განცხადება გაუგზავნეს სამტრედიის საკრებულოს წევრებმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს - ნანა დევდარიანს:

"გაცნობებთ, რომ სამტრედიის რაიონის ასოცირებული საკრებულო შედგება 15 წევრისგან. 3 სექტემბერს კი სხდომა არ ჩატარებულა. შესაბამისად ნომერ 43 დადგენილება თემურ სულაქველიძის ნომერ 54 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ წარდგინების შესახებ არ არსებობს."

განცხადებას ხელს აწერენ: აკაკი უჯმაჯურიძე, შალვა თევზაძე, დავით ამაღლობელი, დავით ცქიტიშვილი, გივი ფოცხვერია, ზაზა ნემსაძე, ელგუჯა იობიძე, კობა სიხარულიძე.

აქვე განვმარტავთ, რომ სამტრედიის რაიონის საკრებულოს თავმჯდომარე ვალერი ფოცხვერია ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას, ანუ სახელისუფლებო ბლოკს წარმოადგენს, ხოლო მის მიერ 54 სოლქო საარჩევნო კომისიის თავჯდომარის პოსტზე თვითნებურად წარდგენილი პიროვნება ამავე ოლქში საარჩევნო კომისიას წარსულშიც თავმჯდომარეობდა.

სამტრედიაში მომხდარის კომენტირებისას "ეროვნულ ძალთა გაერთიანების" ოფისში ჩატარებულ პრესკონფერენციაზე ზვიად ძიძიგურმა აღნიშნა, რომ საოლქო კომისიების თამჯდომარეების პოსტებზე კანდიდატები კანონდარღვევით მარტო სამტრედიის საკრებულოდან არ წარუდგენიათ.

[ზვიად ძიძიგურის ხმა ] " ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ეს ყველაფერი გადავიდა ადმინისტრაციის ხელში, კანცელარიის გავლით ადგილობრივ გამგებლებს ევალებათ რაიონების საკრებულოებმა წარმოადგინოს ის კანდიდატურები, რომელთა შესახებაც უბრძანებენ მათ გამგებლები. რეალურად ასეთი ფაქტები განხორციელდა სამტრედიაში, ლანჩხუთში, მარტვილში და ჩვენ გვაქვს ეჭვი, რომ არა მარტო ამ სამ რაიონში. ყველა რაიონში ასეთი წესით მიიღეს კანდიდატები საოლქო კომისიების თავმჯდომარეებისა. "

ეროვნულ ძალთა გაერთიანება მზადაა სამტერდიის რაიონის საკრებულოს თავჯდომარეს სასამართლოში უჩივლოს. ამ გაერთიანების წევრები სამტრედიის 54 საოლქო კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენასთან დაკავშირებით კანონდარღვევით მიღებული დადგენილების ბათილად ცნობას და რაიონული საკრებულოს თავმჯდომარის უკანონო ქმედების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრას მოითხოვს.
XS
SM
MD
LG