Accessibility links

logo-print

საქართველო ჰუმანიტარული ტვირთების სატრანზიტო დერეფნის ფუნქციებს იძენს


მიუხედავად საქართველოს ხელისუფლების განცხადებებისა, რომ საქართველო "ტრასეკას" პროექტის ღერძს წარმოადგენს, ჩვენი ქვეყნის საბაჟო და სატარიფო პოლიტიკა სულაც არ ხიბლავს უცხოელ ბიზნესმენებს.

ექსპედიტორთა დიდი ნაწილი საქართველოს მეზობელი ქვეყნების, კერძოდ კი ირანის სატრანზიტო საშუალებების გამოყენებას ანიჭებს უპირატესობას შუა აზიის ქვეყნებში ტვირთების გადასაზიდად. თუმცა, გეოპოლიტიკა მაინც საქართველოს სასარგებლოდ მუშაობს.

საქართველოში ბევრს ლაპარაკობენ ქვეყნის საგარეო კურსის დასავლეთიდან ჩრდილოეთისკენ გადანაცვლებისა და ამის ნიადაგზე საინვესტიციო გარემოს გაუარესების შესახებ. ეს მოსაზრება რამდენად შეესაბამება რეალობას, ძნელი სათქმელია, რადგან საქართველოში სწორედ ახლა ხორციელდება ყველაზე დიდი დასავლური კაპიტალდაბანდება. ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებთან საქართველოს სამხედრო თუ ეკონომიკური თანამშრომლობა განვითარების ტენდენციებს ავლენს. ეს საქართველოს ხელისუფლების მონდომებაზე, ანდა საინვესტიციო კლიმატზე მეტად, უფრო იმ გეოპოლიტიკური ვითარებითაა გამოწვეული, რომლიც საქართველოს ირგვლივაა შექმნილი.

საქმე ისაა, რომ ავღანეთში მიმავალი, ანდა ცენტრალური აზიისთვის განკუთვნილი ტვირთები ოკეანის გაღმიდან დანიშნულების ადგილს სხვადასხვა ევროპული ქვეყნების საზღვაო პორტებიდან ავტოტრანსპორტით აღწევს. საქართველოს პორტებიდან კი ავღანეთამდე და ცენტრალური აზიის ქვეყნებამდე უმოკლესი მანძილია. ბუნებრივია, რომ აშშ, ანდა დასავლეთის სხვა სახელმწიფოები ირანის გავლით ტვირთების ტრანსპორტირებას ერიდებიან, ამიტომ უსაფრთხოების გარანტიების პირობებში თანახმა არიან საქართველოს სატრანზიტო საშუალებები გამოიყენონ.

საქართველოს პრეზიდენტის მიერ 9 სექტემბერს გამოცემული განკარგულების მიხედვით შეიქმნა სამთავრობო კომისია, რომელსაც ავღანეთში ჰუმანიტარული ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებული საკითხების კურატორობა დაევალა. კომისიას სახელმწიფო მინისტრი ავთანდლ ჯორბენაძე უხელმძღვანელებს. ავღანეთისათვის განკუთვნილი პირველი ტანკერი ფოთის პორტში 15 სექტემბერს შემოვა და ფოთიდან ტვირთების გადაზიდავა ავტოტრანსპორტით განხორციელდება. შევარდნაძემ თავისი განკარგულებით ყველა სახელმწიფო უწყებას ქარავნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა დაავალა.

8 სექტემბერს კი ფოთის პორტში პირველად შემოვიდა ამერიკის შეერთებული შტატების დროშით მცურავი სატვირთო ლაინერი "არგონავტი". ამ ხომალდით შემოტანილი 300-მდე კონტენინერი დატვირთულია ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისთვის განკუთვნილი ჰუმანიტარული ტვირთით. საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრმა მერაბ ადეიშვილმა ჩემთან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა, რომ ამერიკულ მხარესთან მიღწეული შეთანხმების მიხედვით, სატვირთო ტანკერი ფოთის პორტში ყოველთვიურად შემოვა.
[მერაბ ადეიშვილის ხმა]
"ბატონო მერაბ ეს რა სარგებელს მოუტანს საქართველოს ჰუმანიტარული ტვირთის გარდა?
- წარმოიდგინეთ ამდენი კონტეინერების გადამუშავება, ტვირთები. რკინიგზა. პორტები. პორტები, რკინიგზა და მთელი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა მუშაობს ტვირთებით. ტვირთი არის შემოსავლები და თქვენ წარმოიდგინეთ, ეს შემოსავლები კიდევ უფრო გაიზრდება. მითუმეტეს, ტრანსპორტიდან შემოსავლები თითქმის 300 მილიონ ლარს მიაღწევს საქართველოს ბიუჯეტში."

შეაფერხებს თუ არა ქართული სახელმწიფო სტრუქტურების ბიუროკრატიზმი, კორუფცია და მაღალი გადასახადები დასავლეთის გეოპოლიტიკურ ინტერესებს საქართველოში, ეს დროთა განმავლობაში ნათლად გამოჩნდება. თუმცა, დღემდე, ამ წინააღმდეგობების მიუხედავად, სატრანსპორტო ბიზნესი მაინც ვითარდება.
XS
SM
MD
LG