Accessibility links

logo-print

წინა კვირის რუსეთის პრესაში საქართველოსთან დაკავშირებული არაერთი წერილი დაიბეჭდა. თქვენს


გიორგი კაკაბაძე, თბილისი წინა კვირის რუსეთის პრესაში საქართველოსთან დაკავშირებული არაერთი წერილი დაიბეჭდა. თქვენს ყურადღებას შევაჩერებთ იმ ორიოდე პუბლიკაციაზე, რომელიც ორი ქვეყნის ურთიერთობას ეძღვნება.



5 სექტემბრის "ნეზავისიმაია გაზეტა" აქვეყნებს რუსეთში საქართველოს ელჩის - ზურაბ აბაშიძის წერილს. იმასთან დაკავშირებით, რომ სოხუმის ხელისუფლება კატეგორიულ უარს ამბობს გაეროს ჩარჩოებში მომზადებული "ბოდენის დოკუმენტის" განხილვაზე, ავტორი წერს: "სამწუხაროდ, სოხუმის არაკონსტრუქციულ პოზიციას ბევრ რამეში მხარს უბამენ რუსეთის გარკვეული წრეები, რომლებიც აფხაზურ სეპარატიზმთან სახიფათო თამაშს ეწევიან. ამ მიზეზით ქართულ საზოგადოებაში კვლავინდებურად ფიქრობენ, რომ "რუსეთს აფხაზეთის წართმევა სურს". ამგვარ შეშფოთებას აღრმავებს ბოლო დროს რუსეთის მიერ ცალმხრივად გადადგმული ზოგიერთი ნაბიჯი. კერძოდ, მხედველობში მაქვს "ორმხრივი" სავიზო რეჟიმის შემოღება საქართველოსთან (მაშინ, როცა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მიმართ უვიზო რეჟიმია შენარჩუნებული), ნებართვა რუსეთის მოქალაქეობის მიღებაზე აფხაზეთში მცხოვრებთათვის, სეპარატისტულ რეჟიმთან თანამშრომლობა როგორც ფედერალურ, ისე რუსეთის ფედერაციის სუბიექტების დონეზე, აფხაზეთთან სატრანსპორტო მიმოსვლის აღდგენა და სხვა".

ამასთან ერთად ზურაბ აბაშიძე ამბობს, რომ "საქართველოში მაღალ შეფასებას აძლევენ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის პრინციპულ პოზიციას, რომლის არსს წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა და აფხაზეთის პრობლემის გადაჭრა რეგიონში მცხოვრები ყველა ეროვნების ინტერესთა გათვალისწინებით".

ელჩის თქმით, იმედის მომცემია, რომ ამ საკითხში რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების პოზიციები ერთმანეთს ემთხვევა. "თბილისში იმედოვნებენ, რომ ვლადიმირ პუტინისა და ჯორჯ ბუშის მომავალი შეხვედრა მისცემს იმპულსს საქართველოსთვის ამ ყველაზე უფრო მწვავე პრობლემის დარეგულირებას", - წერს ზურაბ აბაშიძე "ნეზავისიმაია გაზეტას" ფურცლებზე.

3 სექტემბრის გაზეთი "კრასნაია ზვეზდა" წერს,რომ "მოსკოვის ოფიციალური პოზიცია აფხაზეთის საკითხში, რომელსაც საქართველო, თავის მხრივ, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ლამის მთავარ ფაქტორად მიიჩნევს, უცვლელი და აბსოლუტურად გამჭვირვალე რჩება". გაზეთის თქმით, "აფხაზეთის პრობლემის გადაწყვეტა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და აფხაზეთის მრავალეროვნებიანი ხალხის უფლებების დაცვის ფარგლებში შეიძლება მოიძებნოს. აფხაზეთის გარშემო შექმნილი ვითარება არის არა რუსულ-ქართული კონფლიქტი, არამედ ქართულ-აფხაზური კონფლიქტი, რომელშიც რუსეთი მხოლოდ შუამავლის როლს ასრულებს. რუსეთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანა ამ მხრივ ძველი კავშირების აღდეგენასა და ქართულ და აფხაზურ მხარეთა შორის დიალოგის გამართვას უკავშირდება. და რუსეთიც, რომელიც არ არის დაინტერესებული ამ კონფლიქტის ახალი მასშტაბური ფაზით, ბევრს აკეთებს მისი თავიდან აცილებისთვის. ასე რომ, საქართველოში განლაგებული რუსეთის ბაზები და, შესაბამისად, მოსკოვის პოზიცია სწორედ ამ თვალსაზრისიდან გამომდინარე უნდა განიხილებოდეს".

საქართველოს ენერგოსისტემაში მომხდარ დივერსიებთან დაკავშირებით, 2 სექტემბრის "გაზეტა" წერს, რომ ექსპერტების აზრით, ეს პოლიტიკური მიზეზებით უნდა აიხსნებოდეს. ექსპერტ დიმიტრი ორლოვის თქმით, "ვითარებას საქართველოს პოლიტიკური კლანები, პროამერიკული ლობი ძაბავს. ისინი არ არინ დაინტერესებულები, რომ რუსეთის კამპანიები მათ ბაზარზე შემოვიდნენ".

ექსპერტმა ვლადიმირ მილოვმა კი "გაზეტას" განუცხადა, რომ "ენერგობიზნესი საქართველოში რუსეთისთვის მომგებიანი არ იქნება".
XS
SM
MD
LG