Accessibility links

logo-print

ძალადობის ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში


ანდრო ეული, პრაღა ოთხშაბათს, ისრაელის ავიაციამ რეიდი განახორციელა ღაზის სექტორში და რაკეტები ესროლა პალესტინელ ექსტრემისტთა დაჯგუფება "ჰამასის" ერთ-ერთი ლიდერის მაჰმუდ ალ-ზაჰარის სახლს.

შედეგად 2 ადამიანი იქნა მოკლული, ხოლო ოცზე მეტი, მათ შორის თავად ზაჰარიც, დაიჭრა.


ამ საჰაერო რეიდის მთავარი სამიზნე მაჰმუდ ალ-ზაჰირი მსუბუქად დაიჭრა, მაგრამ მისი ვაჟი და პირადი მცველი დაიღუპნენ.

ეს, საპასუხო აქცია იყო მას შემდეგ, რაც თვითმკვლელმა ტერორისტებმა სამშაბათს, იერუსალიმსა და თელ-ავივის მახლობლად მოაწყეს აფეთქებები, რამაც სულ ცოტა 15 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა; 50 დაიჭრა. არავის არ აუღია თავის თავზე ამ აფეთქებებისთვის პასუხისმგებლობა.

პალესტინელთა ავტონომიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დასახელებულმა აჰმედ ყურეიმ, იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ჟურნალისტებთან შეხვედრისას, ოთხშაბათს, დაგმო ისრაელის წინააღმდეგ თვითმკვლელ ტერორისტთა მიერ მოწყობილი აფეთქებები [აჰმედ ყურეის ხმა]: "ჩვენ, პალესტინის ხელმძღვანელობა მძაფრად ვგმობთ ამ აფეთქებებს. ამგვარი ქმედება საზიანოა, ვინაიდან ეწინააღმდეგება პალესტინელი ხალხის ინტერესებს, ხოლო პალესტინელთა ხელმძღვანელობა კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ არ შეურიგდება ამგვარ ქმედებას. ეს, გარკვევით და არაორაზროვნად იყო ნათქვამი, და თავად პალესტინელთა ლიდერმა იასირ არაფატმა ასევე გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც მძაფრად, ძალზედ მძაფრად დაგმო ისრაელში მოწყობილი აფეთქებები".

ექსტრემისტულ დაჯგუფება "ჰამასის" მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დროა სამაგიერო მიეზღოს ისრაელს იქნეს იმ დანაშაულისთვის, პალესტინელი ხალხის წინაშე რომ მიუძღვის. "ჰამასის" სულიერმა ლიდერმა შეიხმა აჰმედ იასინმა "რეიტერის" სააგენტოსათვის მიცემულ ინტერვიუში სამშაბათს, ქალაქ ღაზაში განაცხადა [აჰმედ იასინის ხმა]: "უწინარეს ყოვლისა, ალაჰის სახელით, ისრაელი მოწმეა იმ სისხლისღვრისა, რაც პალესტინელი ხალხის ოკუპაციითაა გამოწვეული".

თავად იასინი გასულ კვირაში დაიჭრა ისრაელის ავიაციის მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შდეგად.

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარკ სოფერმა იერუსალიმში განაცხადა, რომ ისრაელი დაიცავს თავის მოქალაქეებს თვითმკვლელ ტერორისტთა თავდასხმებისაგან.

ძალადობის უკანასკნელმა ესკალაციამ უზარმაზარი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ახლო აღმოსავლეთში "გზამკვლევის" სახელით ცნობილი სამშვიდობო გეგმის რეალიზაცია; გეგმისა, რომელიც შეერთებული შტატების, ევროკავშირის, გაეროსა და რუსეთის ერთობლივი ძალისხმევით იქნა შემუშავებული. ახლახან მიღებული ცნობის თანახმად, პალესტინელთა პარლამენტის თავმჯდომარე აჰმედ ყურეი დათანხმდა ავტონომიის მთავრობას ჩაუდგეს სათავეში, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, ამ "კრიზისულ" ვითარებაში. ამის შესახებ ყურეიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა ქალაქ რამალაში, იორდანეს დასავლეთ ნაპირზე.
XS
SM
MD
LG