Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟვანია-სააკაშვილი: გამიჯვნა დასრულდა. იწყება თუ არა კონფრონტაცია?


დავით პაიჭაძე, თბილისი ბოლო ორი-სამი დღე დამაბნეველი აღმოჩნდა იმ მოქალაქეებისათვის, რომელთაც ჯერ კიდევ შერჩათ ინტერესი პოლიტიკური პროცესების მიმართ. "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის

დემარში ზურაბ ჟვანიას წინააღმდეგ და მეორე დღესვე პოზიტიური რევერანსები იმავე მისამართით ერთგვაროვან ინტერპრეტაციას არ ექვემდებარება. შევეცადოთ მოვლენებში გარკვევას.

"ნაციონალური მოძრაობისა" და "გაერთიანებული დემოკრატების" წევრები ამ თემაზე ხალისით არ ლაპარაკობენ. მათი სიტყვები მიმართულია ამ თითქოს უნებლიეთ გაჩენილი ბზარის ამოქოლვისაკენ. ან საერთოდ დუმილს ამჯობინებენ. ისე, თუ დავაკვირდებით, მიხეილ სააკაშვილის ორი განცხადება სულაც არ არის ლოგიკურად ურთიერთგამომრიცხავი: 1) შევარდნაძემ ჟვანიას რომ დაუძახოს, ის მაშინვე მიაშურებს პრეზიდენტს და 2) ზურაბ ჟვანია ძალიან ნიჭიერი ორგანიზატორი და კარგი მოტორია.

სხვა საქმეა, რომ სააკაშვილმა წარმატება უსურვა ჟვანიას და ამით გაემიჯნა წინა დღეს გამოხატულ პოზიციას. პარტიათა სამზარეულოში ჩაუხედავი კაცისთვის სააკაშვილის კრიტიკული გამოსვლა სრულიად უმოტივო იყო. "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა რამდენიმე შეცდომა დაუშვა: ვერ გათვალა, რომ ვითარების ასახსნელად მიმართულ ყველა მის არგუმენტს გადაწონიდა თვითონ ფაქტი ჟვანიასთან დაპირისპირებისა. აშკარა კონფრონტაცია ოპოზიციის რიგებში, როცა ხელისუფლება ცდილობს განსხვავებული ძალებისა და ფიგურების შემოკრებით კონსოლიდაციის ილუზია შექმნას, წამგებიანია ოპოზიციისთვის და, მით უმეტეს, კონფრონტაციის მოთავისათვის. ოპოზიციის ერთიანობა, მართალია, არ შედგა, მაგრამ აქამდე ოპოზიცია, ასე თუ ისე, ახერხებდა არ წარმოჩენილიყო ერთმანეთისადმი მტრულად განწყობილი ჯგუფების კრებულად. მეორეც, წლების მანძილზე ჯერ კოლეგასა და თანამოაზრესთან, შემდეგ კი პოლიტიკურ პარტნიორად მიჩნეულ კაცთან უცაბედი დაპირისპირება, ერთ მოძველებულ ჟარგონს თუ მოვიხმობთ, "არაქურდული" საქციელია. ჭეშმარიტი მოტივების გამომზეურება და მათ სისწორეში მოქალაქეთა დარწმუნება საჭიროებს დროს, რომელიც ახლა არავის აქვს. მიხეილ სააკაშვილისა და ზურაბ ჟვანიას გზები რომ იყრებოდა, კარგად გამოჩნდა 2001 წლის ოქტომბერ-ნოემბრის მოვლენათა დროს. დღემდე ეს გაყრა მდორედ მიმდინარეობდა, ვიდრე სააკაშვილმა უცებ არ გადაწყვიტა ხიდების დაწვა. ვიმეორებ, ეს ნაბიჯი გასაგებია მხოლოდ იმ ხალხისთვის, ვინც კარგად იცის, როგორ მოქმედებენ ჟვანია და სააკაშვილი ერთმანეთის წინააღმდეგ პოლიტიკურ კულუარებში და "ბურჯანაძე - დემოკრატების" მზარდი პოპულარობის ფონზე როგორ ირიყება მიხეილ სააკაშვილი საარჩევნო ასპარეზიდან. ამ ამბების დანამდვილებით მცოდნე ხალხი კი ცოტაა, რაც ქმნის პირობას პოლიტიკაში "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის ამბიციურ მწვალებლად წარმოსაჩენად. სააკაშვილმა ეს იგრძნო და ტონი შეიცვალა.

მიზანი, საითკენაც ჟვანიას და სააკაშვილს ნამდვილად ცალ-ცალკე მოუწევთ სიარული, ჯერ შორსაა. ახლოა საპარლამენტო არჩევნები და აშკარა დაპირისპირება მათ შორის ნაადრევია. გამიჯვნა კი უკვე მოხდა.
XS
SM
MD
LG