Accessibility links

logo-print

პარლამენტის საქმიანობის პოლიტიკური შედეგები


1999 წლის მოწვევის პარლამენტს, უფლებამოსილების ვადის ამოწურვის ზღვარზე, საზოგადოებაც და პოლიტიკოსებიც აფასებენ როგორც უუნაროს. საპარლამენტო ცხოვრების ყველაზე

დასამახსოვრებელ ეპიზოდებად გადაიქცა ხელჩართული ჩხუბები, დილამდე გაგრძელებული საპროცედურო ომები და კვორუმის მუდმივი პრობლემა. მაგრამ რამდენად საინტერესო აღმოჩნდა ბოლო მოწვევის პარლამენტი წმინდა პოლიტიკური თვალსაზრისით?

საპარლამენტო არჩევნები ის ინსტრუმენტია, რომელიც ოთხ წელიწადში ერთხელ თითოეულ პარტიას თავის კუთვნილ ადგილს მიუჩენს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში.

იმის შემდეგ, რაც საქართველოს მოქალაქეთა კავშირი შეიქმნა და სახელისუფლო პარტიად ჩამოყალიბდა, პოლიტიკას სიცოცხლე მოაკლდა და საზოგადოება ილუზიების და მოლოდინების მოჯადოებულ ველში მოექცა. 1992 წელს პარლამენტში 26 პოლიტიკური პარტია მოხვდა და ამ სიჭრელიდან ამოიზარდა მოქალაქეთა კავშირი, პოლიტიკური ძალა, რომელსაც წლების განმავლობაში რეალური ოპონენტი და კონკურენტი არ ჰყოლია. მხოლოდ ახლა, 2003 წლის არჩევნებისთვის, პოლიტიკური სპექტრი ისევ აჭრელდა და გაჩნდა არჩევანის საშუალება. ის ფაქტი, რომ ახლად შექმნილი პარტიები მთლიანად მოქალაქეთა კავშირის წიაღიდან არიან შობილნი, ლოგიკურია: ყველა მეტ-ნაკლებად აქტიური პოლიტიკური ფიგურა წლების განმავლობაში თავს იყრიდა იმ ერთადერთ პარტიაში, რომელიც არსებობდა. დანარჩენი პარტიები, რომლებიც ეროვნული მოძრაობის პერიოდში გაძლიერდნენ, მოქალაქეთა კავშირის შექმნის შემდეგ თანდათან დასუსტდნენ, დაიხლიჩნენ და ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში რაიმე როლის შესრულება ვერ შეძლეს.

ამიტომ, ამჟამინდელი პარლამენტის საქმიანობის მთავარ შედეგად მოქალაქეთა კავშირის დაშლა და ახალი პარტიების ჩამოყალიბება უნდა მივიჩნიოთ. თუ 1992 წლის პარლამენტის სიჭრელე სამოქალაქო ომმა განაპირობა, პარტიული სპექტრის დღევანდელი მრავალფეროვნება მშვიდობიანი პოლიტიკური ცხოვრების შედეგია.

პროცესის განვითარება მთლიანად განაპირობა ედუარდ შევარდნაძის ფაქტორმა. მოქალაქეთა კავშირი, როგორც ძლიერი სახელისუფლო პარტია, არსებობდა მანამ, სანამ პრეზიდენტის ძალაუფლება ძლიერი იყო. ახლა, როდესაც შევარდნაძის პრეზიდენტობის მეორე ვადაც იწურება, ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრება ერთბაშად შეივსო ახალი სახეებით და ახალი როლებით. პოლიტიკის გულისგული პარლამენტია და ბუნებრივიც არის, რომ მთავარი პროცესები პარლამენტში განვითარდა. ყოველი ახალი პარტია საპარლამენტო ფრაქციის ან ჯგუფის ფორმით ჩაისახა და მხოლოდ შემდეგ "შეისხა ხორცი", როგორც მეტ-ნაკლებად ძლიერმა პოლიტიკურმა ძალამ.

ისიც უნდა ითქვას, რომ მოქალაქეთა კავშირის დაშლა-დასუსტება მხოლოდ დროის მოთხოვნა არ ყოფილა. ედუარდ შევარდნაძემ თავად არ ისურვა, რომ საკუთარი ძალაუფლება პოლიტიკური მემკვიდრისთვის გადაეცა. ამ მოვლენამ, რომელმაც პრეზიდენტის პოსტი კონკურენციისთვის გახსნა და მეტ-ნაკლებად ხელმისაწვდომი გახადა, ბუნებრივად გამოიწვია პრეზიდენტობის მსურველთა რიცხვის ზრდა; საპრეზიდენტო პერსპექტივა როგორც ახალი ლიდერების, ასევე, ახალი პარტიების ჩამოყალიბების სტიმულად იქცა.

პრეზიდენტობის მსურველთა სიმრავლის ფონზე, თანამედროვე ქართული პოლიტიკის მთავარ ფიგურად მაინც ედუარდ შევარდნაძე რჩება. ძველი ლიდერების ახალი ფუნქცია, ან ახალი ლიდერების როლი პოლიტიკაში განსაზღვრულია მათი სამომავლო პესპექტივით. სამომავლო პერსპექტივა კი დიდწილად დაკავშირებულია სწორ სტრატეგიასთან შევარდნაძის მიმართ. ამ რეალობის გათვალისწინებით, ახალი როლები შეიძინეს ძველმა ლიდერებმა: ზურაბ ჟვანიამ, მიხეილ სააკაშვილმა, ვაჟა ლორთქიფანიძემ, ვახტანგ რჩეულიშვილმა. საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, ზოგიერთი მათგანი დაშორდა ედუარდ შევარდნაძეს, ზოგიერთი - დაუახლოვდა, ზოგიერთი კი დაშორება-დაახლოების პერმანენტულ პროცესშია.

ამჟამინდელ პარლამენტში, იმის პარალელურად, რომ ძველმა ლიდერებმა როლები შეიცვალეს, ორი ახალი პოლიტიკური ლიდერიც იშვა: ნინო ბურჯანაძე და დავით გამყრელიძე. ორივე შევარდნაძის წიაღიდანაა, ორივე ხელისუფლების ოპონენტია და ორივე პრეზიდენტობის მომავალი კანდიდატია.

თუ შევაჯამებთ, ამჟამინდელი პარლამენტის საქმიანობის მთავარ პოლიტიკურ შედეგად უნდა მივიჩნიოთ ძლიერი სახელისუფლო პარტიის დაშლა, პოლიტიკური პროცესის გაცოცხლება, პარტიების ჩამოყალიბება, ძველი ლიდერების ფუნქციის შეცვლა და ახალი რეალური ლიდერების დაბადება. მომავალი პარლამენტის როლს ქვეყნის ცხოვრებაში სწორედ ამ ერთიანი პროცესის შემდგომი შინაარსი განსაზღვრავს.
XS
SM
MD
LG