Accessibility links

logo-print

"ბურჯანაძე-დემოკრატები-ახლების" საარჩევნო ბლოკი ოფიციალურად უახლოეს ხანში გაფორმდება


"ბურჯანაძე-დემოკრატების" საარჩევნო ბლოკი უახლოეს ხანში, სავარაუდოდ, ორი მნიშვნელოვანი სუბიექტით გამსხვილდება: მას შემდეგ, რაც "ტრადიციონალისტთა კავშირის" ბლოკში გაერთიანების

მოლაპარაკებები თითქმის დამამთავრებელ ფაზაში შევიდა, ცნობილი ხდება, რომ ბურჯანაძე-დემოკრატებთან საარჩევნო ალიანსს "ახალი მემარჯვენეებიც" შეუერთდებიან. კონსულტაციები დაწყებულია და მომავალი მემარჯვენე ოპოზიციური ბლოკი თავს სახელისუფლებო ბლოკის ძირითად კონკურენტად მოიაზრებს. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის გაერთიანება მისასალმებელი ფაქტია, "ახლების" მხრიდან ბურჯანაძე- დემოკრატების ბლოკში ასოცირება მაინც კომპორმისულ ნაბიჯად ითვლება.

"ახალი მემარჯვენეების" იძულებითი კომპორმისის აუცილებლობა უკანასკნელ დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა კულისებიდან სააშკარაოზე გამოიტანა. "ახლებმა ", სახელისუფლებო ბლოკის სასარგებლოდ, ერთმანეთის მიყოლებით და თითქმის ერთდროულად დაკარგეს ბლოკში გაწევრიანების რეალური კანდიდატები. მათ შორის - აფხაზეთის დევნილი უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე თამაზ ნადარეიშვილი, რომლის უკან ამომრჩეველთა არცთუ ხელწამოსაკრავი რაოდენობა დგას. "ახლები" თამაზ ნადარეიშვილთან მოლაპარაკებებს აფხაზეთის თემისა თუ პრობლემის პრიორიტეტულობით ხსნიდნენ - მათი აფხაზური პოლიტიკა ეკონომიკურ რეფორმებსა და საინვესტიციო გარემოს შექმნას გულისხმობს და, შესაბამისად, მიმზიდველი ვერ აღმოჩნდა აფხაზეთის დევნილი უზენაესი საბჭოს თავმჯდომარისათვის. პოტენციური "ახლების", მათ შორის ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის პირდაპირი და არაპირდაპირი გადაბარგებით სახელისუფლებო ბლოკში კიდევ უფრო სახიფათო გახდა არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის პერსპექტივა. მოვლენების ასე განვითარება ნაკლებად სავარაუდო იყო თუნდაც ერთი თვის წინ, როდესაც "ახალმა მემარჯვენეებმა" სატელევიზიო რეკლამებით პრაქტიკულად პირველებმა გამოხატეს პირველობის პრეტენზია. ახლა კი ისინი დამოუკიდებლად შვიდპორცენტიანი საარჩევნო ბარიერის ვერგადალახვის საფრთხის წინაშე დგანან. "ბურჯანაძე-დემოკრატების" საარჩევნო ბლოკში მათი გაერთიანება კი, სავარაუდოდ, ამომრჩეველსაც გაუადვილებს საქმეს. როგორც სოციოლოგიური გამოკითხვები ცხადყოფს, მათ თითქმის საერთო ელექტორატი ჰყავთ, ანუ გაერთიანების შემთხვევაში, საარჩევნო ხმები აღარ დაიქსაქსება.
"ბურჯანაძე-დემოკრატებისა" და "ახალი მემარჯვენეების" გაერთაინებაზე კონსულტაციები გრძელდება, მაგრამ ის, რასაც ჯერჯერობით საჯაროდ აღიარებს ორივე მხარე, წინასაარჩევნო კოორდინაციაა. ეს ჩვენთან საუბარში დაადასტურა გაერთიანებული დემოკრატების გენერალურმა მდივანმა გოკა გაბაშვილმაც.
[გოკა გაბაშვილის ხმა] "ჩვენთვის პრიოტიტეტულია რაც შეიძლება ფართო გაერთიანების შექმნა და, შესაბამისად, ჩვენთან ახლოს მყოფ, იდეოლოგიით და პოლიტიკით ახლოს მყოფ ძალებთან ვაწარმოებთ კონსულტაციებს. რამდენად მოხერხდება საარჩევნო ბლოკად კიდევ რამდენიმე პოლიტიკური ორგანიზაციის ჩვენ ბლოკთან გაერთიანება, ეს სხვა საკითხია, მაგრამ საარჩევნო პროცესში კოორდინაცია და ურთიერთთანამშრომლობა, ყველა შემთხვევაში იმედი გვაქვს, რომ იქნება."
მიუხედავად იმისა, რომ კონსულტაციები გრძელდება და საარჩევნო პროცესში კოორდინაცია პრაქტიკულად შეთანხმებულია, საარჩევნო ხმების დაქსაქსვა მაინც გარდაუვალია. 10 სექტემბერს, მაგალითად, თბილისის გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად "ახლებმა" ბიზნესმენი თემურ გოცირიძე წარადგინეს. იმავე რაიონში "დემოკრატებიდან" კენჭს დეპუტატი ელენე თევდორაძე იყრის. ოპოზიციის კანდიდატებს შორის კონკურენცია უშეღავათო იქნება, თუ იმასაც დავაზუსტებთ, რომ "ნაციონალების" მაჟორიტარი რაიონში დეპუტატი კობა დავითაშვილია.
XS
SM
MD
LG