Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

11 სექტემბრის ტრაგედიიდან ორი წლის თავზე, ამერიკასა და ევროპას შორის მკვეთრმა უთანხმოებამ იჩინა თავი


ანდრო ეული, პრაღა ის საყოველთაო სიმპათია, რაც 11 სექტემბრის ტრაგედიამ აღძრა შეერთებული შტატების მიმართ, დღეს ამერიკის საგარეო პოლიტიკით გამოწვეულმა შიშმა და აღშფოთებამ შეცვალა.

საგრძნობლად იკლო თანაგრძნობამაც, რომელსაც 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმის შემდეგ მთელს მსოფლიოში გამოუთქვამდნენ ამერიკელებს. მას შემდეგ გასული ორი წლის მანძილზე, როცა შეერთებული შტატების თაოსნობით ჯერ ანტიტერორისტული ომი დაიწყო ავღანეთში, ხოლო მოგვიანებით - სამხედრო ოპერაცია ერაყში სადამ ჰუსეინის რეჟიმის წინააღმდეგ, პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაციისადმი დამოკიდებულებამ ევროპაში, აზიასა და არაბულ სამყაროში, აშკარად უარყოფითი ხასიათი მიიღო.

მრავალი პოლიტიკური მიმომხილველის აზრით, ეს ცვლილება გამოწვეულია ჯორჯ ბუშის მმართველობის სტილით, აგრეთვე მისი ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკით.

როგორც პარიზში მოქმედი საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე დომინიკ მუასი აღნიშნავს, სწორედ ხსენებულმა ფაქტორებმა განაპირობა უარყოფითი განწყობა ევროპაში შეერთებული შტატების მიმართ [დომინიკ მუასის ხმა]: "ჩვენ ვხედავთ, როგორ გაჩნდა ორი დასავლეთი: ამერიკული დასავლეთი და ევროპული დასავლეთი, განსხვავებული გრძნობებითა და ემოციებით. და ჩვენი ვალია, შევინარჩუნოთ საერთო მიზნები და ერთობლივი პასუხისმგებლობის გრძნობა. სწორედ ეს იქნება სამომავლო მიზანი როგორც ამერიკელების, ისე და ევროპელებისთვის."

არაერთი სხვა ევროპელი ექსპერტის მსგავსად, დომინიკ მუასიც ფიქრობს, რომ შეერთებული შტატების გადაწყვეტილებამ, ერაყის წინააღმდეგ ომი გაეროს მანდატის გარეშე დაეწყო, და ანგარიში არ გაეწია საფრანგეთის, გერმანიისა და რუსეთის პროტესტისთვის, გადამწყვეტი როლი შეასრულა ტრანსატლანტიკური ურთიერთობის ესოდენ მკვეთრ ცვლილებაში [დომინიკ მუასის ხმა]: "თქმა არ უნდა, რომ 11 სექტემბრის ტრაგედიიდან ორი წლის შემდეგ, ამერიკას უფრო მეტად ემიჯნებიან მისი ტრადიციული მოკავშირეები. გერმანიაში იმ დონემდე იმატა ანტიამერიკანიზმმა, თავის დროზე საფრანგეთში რომ იყო. ცხადია, ამასთანავე, რომ ერაყის ომმა ერთობ უარყოფითი ზეგავლენა იქონია ამერიკის იმიჯზე ევროპაში."

დომინიკ მუასის არ ჰგონია, ამ მხრივ არსებითად შეიცვალოს ვითარება, თუნდაც შეერთებული შტატების პრეზიდენტად ხვალ ბუშის პოლიტიკური ოპოზიციის - დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი აირჩიონ.

რაც შეეხება არაბულ სამყაროს, იქ, როგორც ჩვენი რადიოსათვის მოცემულ ინტერვიუში დომინიკ მუასიმ თქვა, ანტიამერიკული განწყობა ბევრად უფრო აშკარად არის გამოკვეთილი.

ფრანგი ექსპერტის თქმით, ანტიამერიკული ტენდენცია არაბულ სამყაროში ერაყის ომის დროს გამოვლინდა. თავდაპირველად არაბები კმაყოფილებას გამოთქვამდნენ იმით, რომ ერაყელებმა წინააღმდეგობა გაუწიეს კოალიციის ძალებს. ხოლო შემდეგ, როცა ბაღდადი თითქმის ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე დაეცა, დამცირებულად იგრძნეს თავი. ამავე დროს ამერიკა არაბულ სამყაროში კვლავაც საოცნებო ქვეყნად რჩებაო - დასძინა დომინიკ მუასიმ.

ბერლინის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს უფროსი მკვლევრის ფრანკ უმბახის აზრით, მართალია ევროპის რიგმა მთავრობებმა მხარი დაუჭირეს ვაშინგტონის საგარეო პოლიტიკას, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მათს პოზიციას ამ ქვეყნების მოსახლეობაც იზიარებს. ფრანკ უმბახმა ისიც აღნიშნა, რომ პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაციას ჯერ კიდევ 11 სექტემბრის ტრაგედიამდე აკრიტიკებდნენ ევროპაში გარემოს დაცვისა და ვაჭრობის საკითხებში დაკავებული ერთპიროვნული პოზიციის გამო.
XS
SM
MD
LG