Accessibility links

logo-print

რუსთავის კოლონიიდან გაქცეული პატიმრების ძებნა გრძელდება


თამარ ჩიქოვანი, თბილისი ამ დროისთვის კვლავ გრძელდება 10 სექტემბერს ღამით რუსთავის მკაცრი რეჟიმის კოლონიიდან გაქცეული 129 პატიმრის ძებნა. ბოლო ცნობებით, პირველ დღეს მხოლოდ 38 გაქცეულის დაკავება მოხერხდა.

მათი ნაწილი კოლონიაში ახლობლებმა მოიყვანეს, ნაწილი - საქართველოში განლაგებული რუსეთის სამხედრო ბაზების მოსამსახურეებმა დააკავეს, ნაწილიც - პოლიციის მიერ მოწყობილ რეიდებისას დააპატიმრეს.

რატომ გახშირდა ციხეებიდან პატიმრების გაქცევა?


ქართველმა ჟურნალისტებმა 10 სექტემბერს რუსთავის მკაცრი რეჟიმის კოლონიიდან 129 პატიმრის გაქცევის შეფასებისას უკვე გამოთქვეს ვარაუდი, რომ ეს ფაქტი - გაქცეულთა რაოდენობის გათვილისწინებით, შესაძლოა გინესის რეკორდების წიგნშიც კი აღმოჩნდეს. თუმცა, საეჭვოა, ამგვარი აღიარება მოხდეს - სხვა ქვეყნებიდანაც არანაკლები რაოდენობის პატიმრები გარბიან. დღესდღეობით, გრანდიოზული გაქცევის სახელით სარგებლობს ბრაზილიაში, სან-პაოლოს ციხიდან ერთბაშად 150 პატიმრის გაქცევის ფაქტი. სხვათა შორის, პოლიციისა და არმიის მონაწილეობით უპრეცედენტო ოპერაციის ჩატარების შედეგად, 150 გაქცეულიდან ბრაზილიაში მხოლოდ 9 პატიმრის დაკავება და ციხეში დაბრუნება მოხერხდა.
სან-პაოლოს მაგალითისგან განსხვავებით, რუსთავის მკაცრი რეჟიმის კოლონიიდან გაქცეული 129 პატიმრიდან 38 უკვე დაკავებულია. დაკავების ოპერაციაში მონაწილეობენ როგორც პოლიიცია და შინაგანი ჯარი, ისე საქართველოში განლაგებული რუსეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებიც, - რამდენიმე გაქცეული პატიმარი რუსმა სამხედროებმა კუმისში დააკავეს.
სანამ საქართველოს უშიშროების საბჭო სპეციალურად რუსთავის კოლონიიდან პატიმართა გატაცებასთან დაკავშირებით სხდომას მართავს, გენერალური პროკურატურა კი ბადრაგის წევრთა მიმართ სისხლის სამართლის საქმეებს აღძრავს, ალბათ, უინტერესო არ იქნება იმის გარკვევა, რამდენად მოულოდნელი იყო ეს გაქცევა. გულახდილად რომ ითქვას, მოულოდნელი ნამდვილად არ უნდა ყოფილიყო. შეგახსენებთ, წელს, ივნისში სწორედ ამ კოლონიიდან 8 განსაკუთრებით საშიში დამნაშავე გაიქცა, რომელთაგან 4-ს სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. კიდევ ერთი სტატისტიკური მონაცემი - მხოლოდ ივლისსა და ივლისში საქართველოს ციხეებიდან 50 პატიმარი გაიქვა, ვინც სასჯელს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის იხდიდა. გაქცეულთაგან სამი დაკავებისას ლიკვიდირებული იყო, ოთხი პოლიციამ დააკავა. სხვებს დღემდე ეძებენ. კიდევ ერთი შეხსენება - იანვარში, უკვე ორთაჭალის ციხეში პატიმრების მიერ მოწყობილი ბუნტის ჩახშობის შემდეგ, სპეცნაწილებმა ციხიდან ისეთი შეიარაღება ამოიღეს, რომ ნებისნიერ ჯარს შეშურდებოდა. შესაბამისად, სულაც არ არის გასაკვირი, რომ 10 სექტემბერს ჩაბნელებულ რუსთავში გამალებული ორმხრივი სროლა ისმოდა, რომ მოკლულია ბადრაგის ერთი წევრი, რომ პატიმრებმა ციხის კედლის აფეთქება მოახერხეს.
ერთზე ყველა თანხმდება - გაქცევა კარგად იყო ორგანიზებული. ორგანიზებული - გარედან. ფაქტია, რომ გაქცევა მხოლოდ რამდენიმე პატიმრისთვის იყო განკუთვნილი, სხვებმა, როგორც ჩანს, მომენტით ისარგებლეს.
და ბოლოს: არ დასტურდება გავრცელებული ხმები, თითქოს გაქცეულთა შორის უმრავლესობას ყოფილი მხედრიონელები და პოლიციის თანამშრომლები შეადგენენ. კარგად ინფორმირებული პირის ცნობით, რუსთავის მკავრი რეჟიმის კოლონიაში სასჯელს ე.წ. ქურდული "ბომონდი" იხდის.
XS
SM
MD
LG