Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ აღინიშნა საქართველოში 11 სექტემბერის 2 წლისთავი


11 სექტემბრის ტრაგედიამ უდიდესი გავლენა იქონია მსოფლიო პოლიტიკურ წესრიგზე და მის ახალ კონსტრუქციაში კიდევ უფრო გაიზარდა საქართველოს საგარეო პოლიტიკური მნიშვნელობა.

ანტიტერორისტულ კოალიციაში საქართველოს ჩართვა, პოლიტიკური და სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავება ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ეტაპობრივი ნაბიჯი აღმოჩნდა საქართველოს დამოუკიდებლობის განმტკიცების თვალსაზრისით, რაც ქვეყნის განვითარების ახალ პერსპექტივებს ქმნის.
11 სექტემბრის ტრაგიკული მოვლენის 2 წლისთავის აღნიშვნას საქართველოს პარლამენტი ამერიკის შეერთებული შტატებისათვის სპეციალური მიმართვის მიღებით აპირებდა. პარლამენტის დღის წესრიგში ჯერ კიდევ საგაზაფხულო სესიის დამთავრებამდე შეტანილი საკითხის განხილვა და კენჭისყრა იმ ტრადიციული მიზეზის გამო არ მოხდა, რითაც ამ მოწვევის პარლამენტია სახელგანთქმული, ანუ ქვორუმი არ შეიკრიბა. პარლამენტში შემთხვევით მისულმა დეპუტატებმა მხოლოდ ის მოახერხხეს, რომ ფეხზე ადგომითა და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს 11 სექტემბერს ტრაგიკულად დაღუპულებს. დეპუტატების დიდი ნაწილისთვის წინასაარჩევნო კამპანია უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვიდრე დასკვნითი საკანონმდებლო საქმიანობა.

პარლამენტის სპეციალური მიმართვის ტექსტის შემუშავება საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს ჰქონდა დავალებული. საკანონმდებლო ორგანოს ვიცე- სპიკერის, გიგი წერეთელის თქმით, მიმართვის პროექტის შემუშავებისას სოციალისტმა ვახტანგ რჩეულიშვილმა იაქტიურა.

[გიგი წერეთელის ხმა] "იქ ძირითადად აქცენტი გაკეთებულია არა იმდენად ამერიკაში დატრიალებულ ტრაგედიაზე, რაც ჩემი აზრით უფრო კარგი იქნებოდა და ამ მიმართებით საერთაშორისო ტერორიზმთან დაკავშირებით, არამედ უფრო რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე, რაც ცალკე თემაა, ალბათ. მე მაგალითად ვთვლი, რომ პარლამენტმა კონკრეტულად 11 სექტემბერზე და ანტიტერორისტულ საკითხებზე უნდა გაამახვილოს ყურადღება."

გიგი წერეთელი ვარაუდობს, რომ თუ 12 სექტემბერს პარლამენტის ხდომის გახსნა მოხერხდა, პარლამენტი კვლავ მიუბრუნდება 11 სექტემბერთან დაკავშირებული მიმართვის განხილვას. როგორც ჩანს, პარლამენტი ხელმძღვანელობს პრინციპით - "სჯობს გვიან ვიდრე არასდროს".

პარლამენტარებისგან განსხვავებით, მობილიზება და 11 სექტემბრის ტრაგიკული მოვლენების 2 წლისთავის აღსანიშნავად შეკრება შეძლეს თბილისის მეხანძრეებმა. რიყეზე გამართული საზეიმო ღონისძიებით ქართველმა მეხანძრეებმა პატივი მიაგეს 2001 წლის 11 სექტემბერის ტერაქტის დროს დაღუპულ მეხანძრეებს. ქართველი მეხანძრების საჩვენებელ მანევრებს და შეჯიბრს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ერთად, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩიც ესწრებოდა. მან თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა 11 სექტემბრის მნიშვნელობას, რომელმაც მთელს მსოფლიოს საერთაშორისო ტერორიზმთან ერთობლივი ძალებით ბრძოლის აუცილებლობა დაანახა. საქართველო ამ ბრძლოლაში მნიშვნელოვანი საგარეო თუ საშინაო წინააღმდეგობების მიუხედავად არის ჩართული.
XS
SM
MD
LG