Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა იწვევს ტერორიზმს?


ანდრო ეული, პრაღა 2001 წლის 11 სექტემბრის ტრაგედიამ საგონებელში ჩააგდო მკვლევრები და ექსპერტები.

მათ მოსვენებას არ აძლევს კითხვა: რა არის ტერორიზმის გამომწვევი მთავარი მიზეზი? ამ საკითხში კონსენსუსის მიღწევა ჯერაც ვერ ხერხდება.

ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა ომი გამოუცხადა არა მარტო ცალკეულ ტერორისტებსა და ჯგუფებს, არამედ თავად ტერორიზმის გამოწვევ ძირითად მიზეზებსაც. გასაგებია რატომაც. რაოდენ ხანგრძლივიც არ უნდა იყოს ანტიტერორისტული ძალისხმევა, იგი უშედეგოდ დამთავრდება, თუკი, ყოველი შეპყრობილი თუ მოკლული ტერორისტის ნაცვლად, ორი ახალი ტერორისტი მოინახება.

მაგრამ, თუ სამხედრო ოპერაციამ და სადაზვერვო სამსახურის ძალისხმევამ ცალკეული ტერორისტებისა და ჯგუფების წინააღმდეგ გარკვეულ წარმატებას მიაღწია, ტერორიზმის გამოწვევი მიზეზების დადგენაში დღემდე არაა მიღწეული აზრთა ერთიანობა.

როგორც პრაღის კარლოსის უნივერსიტეტის მკვლევარი ახლო აღმოსავლეთისა და ტერორიზმის საკითხებში იტკა მალეჩკოვა აღნიშნავს, 11 სექტემბრის ტრაგედიამ, თავდაპირველად, არნახული ინტერესი აღძრა აკადემიურ წრეებში ტერორიზმის გამოწვევი მიზეზების დასადგენად, თუმცა მოგვიანებით, მრავალ მეცნიერს გაუქრა ამგვარი ინტერესი. ჩვენი რადიოსათვის მოცემულ ინტერვიუში ჟიტკა მალეჩკოვამ განაცხადა [იტკა მალეჩკოვას ხმა]: "ვფიქრობ არაა მიღწეული კონსენსუსი ტერორიზმის გამომწვევი მიზეზების თაობაზე. ამას წინათ ოსლოში დავესწარი დიდ კონფერენციას, რომელსაც დასაწყისში "ტერორიზმის გამომწვევი მიზეზები" ერქვა. მაგრამ კონფერენციის მსვლელობისას ეს სახელი შეიცვალა, ვინაიდან მონაწილენი შევთანხმდით, რომ არ შეგვიძლია ვილაპარაკოთ საერთოდ, ტერორიზმის გამომწვევ მიზეზებზე"

მრავალი მკვლევარი დასაწყისში ტერორისტული ძალადობის გამომწვევ მიზეზად ეკონომიკურ უთანასწორობას ასახელებდა. ისინი აცხადებდნენ, რომ სულ უფრო მზარდი ნაპრალი, შემოსავლის მხრივ, მსოფლიოს უმდიდრესსა და უღარიბეს ქვეყნებს შორის რომ არსებობს, უცილობლად იწვევს უიმედობას, როცა ტერორიზმი რჩება მდგომარეობის შეცვლის ერთადერთ საშუალებად.

მაგრამ, მალეჩკოვამ და მისმა ამერიკელმა კოლეგამ პრინსტონის უნივერსიტეტიდან ალენ კრუგერმა, მოგვიანებით, ყოველ შემთხვევაში ნაწილობრივ, უარყვეს ეკონომიკური ფაქტორი, როგორც ტერორიზმის გამომწვევი მიზეზი. მალეჩკოვასა და კრუგერის მიერ ახლო აღმოსავლეთში ჩატარებულმა კვლევამ ტერორისტული ჯგუფების საქმიანობასთან დაკავშირებით ცხადყო, რომ შემოსავლის დონეს, ეკონომიკურ მდგომარეობასა და ტერორიზმს შორის არანაირი კავშირი არ არსებობს [იტკა მალეჩკოვას ხმა]: "გავრცელებულია მოსაზრება, რომ ტერორიზმი თითქოს სიღარიბესთანაა დაკავშირებული. და ამას ამბობენ პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, აგრეთვე ცალკეული მკვლევარებიც, ამ დროს ეს საკითხი სათანადო კვლევას არ დაუდასტურებია. ყველას სჯერა ამის, სინამდვილეში კი არ ჩატარებულა კვლევა, რაც ხსენებულ ვერსიას დაადასტურებდა".

როგორც იტკა მალეჩკოვა აღნიშნავს, ტერორიზმის გამომწვევი მიზეზი, თუკი ასეთი არსებობს, უცილობლად პოლიტიკური ხასიათისა იქნება.
"მიმაჩნია, რომ არ უნდა შევწყვიტოთ ძალისხმევა ტერორიზმის გამომწვევი მიზეზების დასადგენად, რაც პირადად ჩემი და ჩემი კოლეგების აზრით, არა ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური ხასიათისა იქნება" - უთხრა ჩვენი რადიოს კორესპონდენტს იტკა მალეჩკოვამ.

პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაცია კატეგორიულად უარყოფს ვარაუდს, თითქოს ტერორიზმის გამომწვევი ერთადერთი ან, თუნდაც, მთავარი მიზეზი სიღარიბე იყოს.
XS
SM
MD
LG