Accessibility links

logo-print

ენერგეტიკული კრიზისი და გაუგებრობა საქართველოში


საქართველოში მრავალნაცადი ტრადიცია ირღვევა. როგორც ჩანს, ქვეყნის ხელისუფლება წინასაარჩევნო სატყუარად და ელექტორატის მოსათაფლად უწყვეტ ელექტროენერგიას ვეღარ გამოიყენებს.

რისი ბრალია ენერგოკრიზისის ბოლოდროინდელი გამწვავება? ამ შეკითხვაზე ათასნაირი პასუხი არსებობს, თუმცა არავინ დავობს, რომ ეს დილემა ხელოვნურად არის შექმნილი.

ვითარება აშკარად დაძაბულია. რეგიონებზე რაღა უნდა ვთქვათ მაშინ, როდესაც, მაგალითად, თბილისში, ბოლო წლების განმავლობაშიც კი ასეთი უსინათლო ზაფხული და შემოდგომა არავის ახსოვს. ვაის გავეყარეთ და ვუის შევეყარეთ - ამბობენ უშუქოდ დაჩენილი თბილისელები, რომელთათვისაც ელექტროენერგიის დეფიციტის ბოლოდროინდელი გამწვავება მრავალტანჯულ თელასში ამერიკელების რუსებით ჩანაცვლებასთან ასოცირდება.

თუმცა საწარმოს ახალი მეპატრონე - "რაო-ეეს"-ი (РАО ЕЭС) არაფერს იბრალებს და ყველაფერში საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას ადანაშაულებს. რუსული კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის - ანდრეი რაპაპორტის თქმით, ელექტროსისტემა თელასს ელექტროენერგიის მიწოდებას სუბიექტური მიზეზებით უზღუდავს და ვერც რუსეთიდან იმპორტირებული დენის უდანაკარგო ტრანსპორტირების გარანტიას იძლევა. მოგახსენებთ, რომ ამჟამად თელასი მის მიერ მოთხოვნილი ელექტროენერგიის მხოლოდ 60-80%-ით მარაგდება. საწარმოს ლოგიკა მარტივია - რა უნდა გავუნაწილო დედაქალაქს, რასაც თავად არ მაწვდიან?!

პარალელურად, არგუმენტები არც სახელმწიფო ელექტროსისტემას ელევა და ურთიერთგადაბრალების ამ ჯადოსნურ წრეში დაზარალებული კვლავაც მომხმარებელი რჩება. საქმე, როგორჩ ჩანს, ძალიან წახდა: იმავე მომხმარებელს, რომელსაც წინასაარჩევნო ეპოქაში ახალი სახელი - ამომრჩეველი - უკვე დაერქვა და ამ სახელით ის ხელისუფალთათვის ბევრად უფრო სახიფათო გახდა, უწყვეტი დენითაც ვეღარ თაფლავენ. ხელისუფლებას ამგვარი ქაოსი, რბილად რომ ვთქვათ, ნამდვილად არ აწყობს და რადგან მაინც ვერაფერს აკეთებს - როგორც ჩანს, ქვეყანაში ენერგეტიკულ სიტუაციას ის საერთოდ ვეღარ აკონტროლებს. ისედაც გახშირებულ ავარიებს ბოლო დროს ვერაგული დივერსიები ემატება. ცხადია, რომ ვიღაც-ვიღაცეები თავიანთ გეგმას მიზანმიმართულად ახორციელებენ.

საქართველოში ბნელი და ცივი ზამთრის, როგორც ასეთის, უკვე კარგა ხანია ეშინიათ. ამბობენ, რომ წელს უარესს უნდა ველოდეთ, მაგრამ ახლანდელი ენერგოკრიზისის მომსწრეებს თურმე მხოლოდ მომავალი ზამთრის არ უნდა გვეშინოდეს. ექსპერტები ამჟამად შექმნილ ვითარებაში ბევრად იმაზე მეტს ხედავენ, ვიდრე რომელიმე ერთი საარჩევნო ბლოკის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებას. ისინი საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფაზე საუბრობენ. შეკითხვაზე - ვის და რის წინაარმდეგ არის მიმართული ენერგოკრიზისის ხელოვნური გამწვავება - ექსპერტი სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებში ალექსანდრე თვალჭრელიძე პასუხობს:

(თვალჭრელიძის ხმა) "მთელი საქართველოსა და მისი მდგრადი განვითარების წინააღმდეგ. მე აქ მეჩვენება უფრო ღრმა წინაპირობა. ვფიქრობ, ყოველივე ეს საქართველოს დამოუკიდებლობისკენ არის მიმართული".

ერთი სიტყვით, შექმნილია მეტად დამაფიქრებელი ვითარება, რომელზეც სრულ პასუხს ამჟამინდელი ხელისუფლება ალბათ ვეღარ იპოვის.
XS
SM
MD
LG