Accessibility links

logo-print

როგორი წინასაარჩევნო განწყობებია საქართველოს მოსახლეობაში


ქართველ პოლიტიკოსთა დიდი ნაწილი მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს საქართველოს ბოლო შანსს უწოდებს. ეს უფრო წინასაარჩევნო კამპანიის კონიუნქტურით ნაკარნახევი განცხადებაა,

ვიდრე რეალობა. საინტერესოა, როგორ ფიქრობს თავად საქართველოს მოსახლეობა, რომლის არჩევანზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარება.
გაგაცნობთ ამ თემაზე ასოციაცია "გორბის" მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს.

საქართველოს მოსახლეობას რამდენჯერმე გაუცრუვდა არჩევანი, ძირითადად - კენჭისყრის შედეგების შემდგომი გაყალბების გამო. ამან მოქალაქეთა შორის ნიჰილისტური ტენდენციების გაძლიერებას მისცა ბიძგი, თუმცა საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი მაინც იმედიანადაა განწყობილი მომავალი არჩევნების მიმართ და აპირებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგული კვლევის ასოციაციის -"გორბის" მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ საპარლამენტო არჩევნების დღეს კენჭისყრის პროცესში მონაწილეობის მისაღებად მზადყოფნას გამოთქვამს მოსახლეობის 47 პროცენტი; 25 დასაშვებად მიიჩნევს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, ხოლო მხოლოდ 12 პროცენტი ამბობს კატეგორიულ უარს, 9 პროცენტი კი ორჭოფულ მდგომარეობაშია.

"გორბის" დირექტორის, მერაბ ფაჩულიას თქმით, სოციოლოგიური კვლევისას მოსახლეობას ისიც კითხეს, თუ რამდენად გამჭვირვალე და დემოკრატიული იქნება საპარლამენტო არჩევნები.

[მერაბ ფაჩუაშვილის ხმა] "ჩვენ იდენტური კითხვა დავუსვით ივნისში და აგვისტოში. ივნისში 75% დარწმუნებული არ იყო, რომ არჩევნები ჩატარდებოდა გამჭვირვალედ და დემოკრატულად. აგვისტოში ეს ციფრი საგრძნობლად დაეცა. თუმცა მოსახლეობის დიდი ნაწილი მაინც დარწმუნებულია, რომ არჩევნები არ ჩატარდება გამჭვირვალედ და დემოკრატიულად".

ფაჩულიას აზრით, ივლისსა და აგვისტოს შედეგებს შორის ასეთი სხვაობა აშშ-ს დესპანის ჯეიმს ბეიკერის საქართველოში ვიზიტის შედეგია.

მოსახლეობა, რომელსაც აჩევანი თითქმის 10 წლის მანძილზე რამდენჯერმე გაუცრუვდა, ისევ საბჭოთა რეჟიმში ცხოვრების სურვილს გამოთქვამს, თუმცა, დაახლოებით იგივე რაოდენობა თვლის, რომ დემოკრატია სახელმწიფოს მართვის ყველაზე მისაღები ფორმაა. ამას ლონდონელი ექსპერტი, "ORB"-ის მმართველი დირექტორი გორდონ ჰილდი საქართველოში ცხოვრების დონის უცვლელობით ხსნის.

[გორდონ ჰილდის ხმა] "თუ ხალხმა ვერ დაინახა, რომ ცხოვრების დონე უმჯობესდება, ხალხი კარგავს იმედს. ამ გამოკვლევაში გამაკვირვა იმან, რომ 27 პროცენტი საქართველოში დიქტატურის დამყარებას შესაძლებლად მიიჩნევს. ჩემი აზრით, ეს ძალიან დიდი მაჩვენებელია და ის ეკონომიკური სიტუაციის შედეგია".

ეკონომიკური მდგომარეობა განაპირობებს მოსახლეობის პოლიტიკურ მსოფლმხედველობასაც. მათი დიდი ნაწილი მემარცხენე სოციალისტურ იდეების მატარებელია. ამ განწყობის შესაბამისად, ამომრჩევლთა უმრავლესობა წინასაარჩევნოდ ძირითადად პოლიტიკურ პარტიათა სოციალური ხასიათის დაპირებებზე ამახვილებს ყურადღებას და არა ლიბერალურ ფასეულობებზე. გორდონ ჰილდის აზრით, ამ ნიშნით არჩეული პარლამენტი ბევრს ვერაფერს შეცვლის, თუ ქვეყანაში რეალური ეკონომიკური ცვლილებები არ განხორციელდა.
XS
SM
MD
LG