Accessibility links

logo-print

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


ანდრო ეული, პრაღა მრავალმხრივი კომენტარით გამოეხმაურა მსოფლიო პრესა ოთხშაბათს ღამით სტოკჰოლმში მომხდარ ტრაგედიას,

როცა დანით შეიარაღებულმა ბოროტმოქმედმა ქალაქის ცენტრალურ უნივერმაღში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა შვეციის საგარეო საქმეთა მინისტრს, რის შედეგად 46 წლის ანნა ლინდი საავადმყოფოში გარდაიცვალა მეორე დღეს. აი რას წერს სარედაქციო სტატიაში გაზეთი "უოლ სტრიტ ჯორნალი":

"ეს 46 წლის პოლიტიკოსი, უკანასკნელ წლებში, შვეციასა და მთელს ევროპაშიც ამომავალ ვარსკვლავად მოგვევლინა, ადამიანად, რომელიც ყოველთვის გაბედულად გამოთქვამდა საკუთარ აზრს.
მან საჯაროდ დაგმო რუსი სამხედროების ბარბაროსობა ჩეჩნეთში, ხოლო 2001 წელს, როცა შვეცია თავმჯდომარეობდა მორიგეობით ევროკავშირს, ანნა ლინდის მთელი ძალისხმევა ევროკავშირის აღმოსავლეთით გაფართოებისკენ იყო მიმართული. ლინდის მოკვლამ დემოკრატიას მიაყენა დარტყმა".

ანნა ლინდის მკვლელობასთან დაკავშირებით გაზეთი "ფრანკფურტერ ალგემაინე" იხსენებს 17-წლის წინანდელ ისტორიას, როცა იმავე სტოკჰოლმში, შეიარაღებულმა ბოროტმოქმედმა შვეციის მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ოლოფ პალმე მოკლა. ამ ტრაგედიამ, მაშინ, თითქოს გამოაფხიზლა შვედები, თუმცა სათანადო დასკვნები მაინც არ გაკეთებულა. გაზეთი წერს:

"კვირას შვეციაში რეფერენდუმი გაიმართება ევროპის ერთიანი ვალუტის, "ევროს" ზონაში შესვლის თაობაზე, და შვედებმა მხარი უნდა დაუჭირონ ევროზონაში შესვლას, რითაც პატივს მიაგებენ ანნა ლინდის ხსოვნას, რომელიც ერთიან ვალუტაზე გადასვლის აქტიური მომხრე იყო, და შესაძლოა სწორედ ეს გახდა მისი მოკვლის მიზეზი".

გაზეთ "ნოიე ციურხერ ცაიტუნგის" აზრით, თვალსაჩინო პოლიტიკური მოღვაწე ანნა ლინდი, რომელიც ალბათ შვეციის პრემიერ-მინისტრიც გახდებოდა, ლაჩრული თავდასხმის მსხვერპლი გახდა. რაც შეეხება "ევროს" საკითხზე დანიშნულ რეფერენდუმს, უნდა მოველოდეთ, რომ ელექტორატის უდიდესი უმრავლესობა მხარს დაუჭერს ევროზონაში შესვლას, რითაც ანნა ლინდის უკანასკნელ თხოვნას შეასრულებს. სწორი გადაწყვეტილება მიიღო პრემიერ-მინისტრმა გორან პერსონმა, როცა ანნა ლინდის ტრაგიკული დაღუპვის გამო არ გადადო 14 სექტემბრისათვის დანიშნული რეფერენდუმი.

"რუსეთში არავინ არაა ანგარიშვალდებული" - ასეა დასათაურებული მაშა ლიპმანის სტატია გაზეთ "ვაშინგტონ პოსტში". ამერიკელი ჟურნალისტი წერს:

"კურსკის ტრაგედიიდან სამი წლის თავზე ბარენცის ზღვაში რუსეთის კიდევ ერთი წყალქვეშა ნავი ჩაიძირა. და ისევე, როგორც სამი წლის წინათ, დამოუკიდებელი ექსპერტები მომხდარის შესახებ საკუთარ ვერსიებს გვთავაზობენ და სამხედროების დაუდევრობაზე ლაპარაკობენ. ხოლო ოფიციალური წარმომადგენლები არ რეაგირებენ საერთოდ ამგვარ პრეტენზიებზე. ისინი თავიანთი განცხადებებით გამოდიან, მაგრამ უპასუხოდ სტოვებენ საზოგადოების ჯვარედინ შეკითხვებს. ერთადერთი გადარჩენილი მეზღვაური სამხედრო გამომძიებლებმა დაკითხეს, ხოლო სანახავად მასთან, მამაც კი არ მიუშვიათ დღემდე. "კურსკის" ტრაგედიისთვის სერიოზულად არავინ დასჯილა. ის, რომ ხელისუფლება არაა ანგარიშვალდებული, სერიოზულ და ქრონიკულ პრობლემად რჩება პუტინის რუსეთში. და ამაში უწინარესად, დამნაშავეა თავად პრეზიდენტი, რომელმაც შეზღუდა სხვა პოლიტიკური სტრუქტურების როლი და ზეწოლას ახდენს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე, რაც უნიათო, არაფრის მაქნისი ბიუროკრატიის წისქვილზე ასხავს წყალს".
XS
SM
MD
LG