Accessibility links

"საქართველოს მოსახლეობის 67 პროცენტს არ სჯერა, რომ არჩევნები გამჭვირვალე იქნება"


თამარ ჩიქოვანი, თბილისი "საქართველოს მოსახლეობის 67 პროცენტს არ სჯერა, რომ არჩევნები გამჭვირვალე იქნება" - სოციოლოგიური კვლევის ცენტრის "გორბის" ამგვარი საკმაოდ პესიმისტური დასკვნის მიუხედავად,

გასული კვირის ქართული პრესის ყურადღების ცენტრში კვლავ საარჩევნო თემატიკა რჩებოდა. მით უფრო, რომ მოვლენებით გასული კვირა ნამდვილად გამორჩეული აღმოჩნდა.
12-18 სექტემბრის გაზეთ "ახალი ეპოქის" ცნობით, სახელისუფლებო ბლოკში ახალი ფიგურების გამოჩენამ თავისთავად გამოიწვია კვოტების გადასინჯვა: მოსალოდნელია, რომ ირინა სარიშვილი-ჭანტურიასა და ვახტანგ რჩეულიშვილზე მეტად თამაზ ნაადრეიშვილსა და ვაჟა ლორთქიფანიძის გუნდის სხვა წევრებს უფრო დააფასებენ. გაზეთის ცნობით, სავარაუდოდ, თამაზ ნადარეიშვილი საარჩევნო სიაში მეხუთე ადგილს დაიკავებს, ვაჟა ლორთქიფანიძის სხვა მეგობრებსაც სიაში წამყვანი ადგილები დაეთმობათ. სიის გადასინჯვის შემდეგ იზარალა ავთანდილ ჯორბენაძის გუნდმა. ჯორბენაძეს, არსებითად, ლიდერობა ჩამოართვეს და ვაჟა ლორთქიფანიძეს გადასცეს. "ახალი ეპოქა" წერს:

"ცნობილია, რომ ბლოკში ადგილები ფორმულით - 85 პლუს 15, ან 75 პლუს 25 უნდა გაენაწილებინათ. მეტი ადგილი "მოქალაქეთა კავშირს" ეკუთვნოდა, დანარჩენები კი - მის პარტნიორებს. მოსალოდნელია, რომ "ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირი" და "აფხაზეთის გათავისუფლების პარტია" სწორედ მოქალაქეთა კავშირს ჩამოაჭრიან კვოტებს.
სწრაფად იცვლება სურათი ოპოზიციაშიც - მრეწველებსა და ახალ მემარჯვენეებს შორის შეკავშირებაზე მოლაპარაკებების ჩაშლისთანავე "ახალი მემარჯვენეებისა " და "ბურჯანაძე-დემოკრატების" გაერთიანებაზე ალაპარაკდნენ. თამაზ ნადარეიშვილმა აღიარა, რომ ახლებთან გაერთიანება სარისკო იყო, ანუ "ახალ მემარჯკვენეებს", შესაძლოა, მართლაც ეშინიათ არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობისა და პარტნიორებს ეძებენ. ამასობაში,"ბურჯანაძე-დემოკრატებთან" კვოტებზე შეთანხმება "ტრადიციონალისტებმა" უფრო მოახერხეს, ვიდრე "ახლებმა". ერთ-ერთი ვერსიით, ტრადიციონალისტები ორ გამსვლელ ადგილს დაიკავებენ, საერთო ჯამში კი მათ ათ ადგილს დაუთმობენ. "ახალი მემარჯვენეები", სავარაუდოდ, უფრო მეტს მოითხოვენ. ფაქტია, რომ "ბურჯანაძე-დემოკრატების", "ტრადიციონალისტებისა" და "ახლების" გაერთიანების შედეგად სწორედ მიხეილ სააკაშვილის ამომრჩევლები გაიყოფიან ორად. "ნაციონალებსაც", ახლების მსგავსად, ზურაბ ჟვანიას ლიდერობასთან შეგუება უჭირთ, თანაც, კვოტების პარიტეტულ გადანაწილეობას მოითხოვენ, რაც თავად ჟვანიას არ აკმაყოფილებს - მას სიაში გაბატონება სურს. თუ ოპოზიციური პარტიები ერთმანეთთან ურთიერთობისას კომპრომისებს დაყაბულდნენ, ერთ მხარეს შეძლებისდაგვარად აღმოჩნდება რეანიმირებული სახელისუფლებო ბლოკი, მეორე მხარეს კი დიდი ოპოზიციური გაერთიანება.
რაც შეეხება "აღორძინების კავშირს", ეს ოქროს შუალედს ირჩევს და ყველაზე მომგებიან, ცენტრისტულ პოზიციას იკავებს. ეს კი ჩრდილავს "მრეწველებს", რომლებიც, გაუგებარი მიზეზების გამო, პოლიტიკურ კონსულტაციებს არავისთან წარმართავენ და არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობას აპირებენ. ექსპერტები შენიშნავენ, რომ "მრეწველები" დიდ რისკზე მიდიან, რადგან ილუზიაა მათი არგუმენტი, თითქოს მოსახლეობის 7 კი არა, 14 პროცენტი ემხრობა."

12 სექტემბრის გაზეთ "ტრიბუნას" ცნობით, "აღორძინებაში" ბოლო დროს ვითარება იმდენად აირია, რომ პარტიაში სიტუაციას ვერავინ ფლობს. შესაბამისად, საარჩევნო სიებში სავარაუდო კანდიდატების ვინაობის დასახელება არავის შეუძლია. სანდო წყაოს ცნობით, შეიძლება სიებს გარეთ აღმოჩნდნენ ისეთი პიროვნებები, როგორებიც არიან ჯემალ გოგიტიძე, ვალერი გელბახიანი, სანდრო ბრეგაძე და ცოტნე ბაკურია. იმავე წყაროს ცნობით, "აღორძინებას" მალე საკუთარი ნებით ბორის კაკუბავაც დატოვებს.
"ტრიბუნას" კითხვაზე, თუ ვინ იქნებიან აღორძინების სიაში, ჯემალ გოგიტიძემ განაცხადა:

"სიის შემადგენლობა ჯერ ცნობილი არ არის. მეც არ ვიცი, მასში აღმოვჩნდები თუ არა და სხვის მაგივრად მითუმეტეს ვერ ვისაუბრებ. ამგვარ გადაწყვეტილებებს მხოლოდ ასლან აბაშიძე იღებს.
ბატონი ასლანი ის პიროვნება არ გახლავთ, რომელიც გადაწყვეტილბებს კონსულტაციების გაუვლელად, ერთპიროვნულად იღებს, თუმცა, საბოლოო სიტყვა მაინც მისია."

" სააკაშვილმა ყველა ხიდი დაწვა" - ასე აფასებს 9 სექტემბრის გაზეთი "რეზონანსი" წინა დღით მიხეილ სააკაშვილის მიერ ზურაბ ჟვანიას მისამართით გაკეთებულ განცხადებას, - ჟვანიას რომ დღეს შევარდნაძემ დაუძახოს, მის გვერდით დადგებაო...სააკაშვილის რისხვას ვერც დავით სალარიძე გადაურჩა. ნინო ბურჯანაძის გუნდის ერთ-ერთ თვალსაჩინო წარმომადგენელს "ნაციონალების" ლიდერი შევარდნაძის რეჟიმის წარმომადგენელ კორუმპირებულ მილიონერს უწოდებს,- წერს გაზეთი რეზონანსი და განაგრძობს:

"სააკაშვილი იმასაც აცხადებს, რომ ჟვანიას პოლიტიკა ყოვლად მიუღებელია მისთვის და დასძენს, რომ ბლოკი "ბურჯანაძე-დემოკრატები" მზად არ არის არჩევნებზე ხელისუფლებასთან საბრძოლველად. "ბურჯანაძე-დემოკრატებისა" და "ნაციონალების" თანამშრომლობას წერტილი საბოლოოდ დაესვა.
ამ დაპირისპირების შესახებ კულუარებში უკვე დიდი ხანია საუბრობენ. "მოქალაქეთა კავშირში" ყოფნისას სააკაშვილი ჟვანიას გუნდის წევრად ითვლებოდა. თუმცა, შევარდნაძის უმრავლესობის დაშლის შემდეგ, ისინი სხვადასხვა ბანაკში აღმოჩნდნენ და ცალ-ცალკე პარტიები ჩამოაყალიბეს. საპარლამენტო დერეფნებში ჩურჩულის მიუხედავად, ორი ოპოზიციური ფრთა სხვადასხვა სტრატეგიულ საკითხთან დაკავშირებით მაინც ახერხებდა შეთანხმების მიღწევას. ერთიანი სახელისუფლებო ბლოკის ჩამოყალიბების შემდეგ დღის წესრიგში დადგა ერთიანი ოპოზიციური გაერთიანების შექმნაც, თუმცა, მაშინ ამ იდეას ხელი სააკაშვილის ამბიციებმა შეუშალა - მან პირველი ადგილი ნინო ბურჯანაძეს არ დაუთმო.
ერთი რამ ცხადია: არჩევნების მოახლოებასთან ერთად გადარჩენისთვის ბრძოლა იწყება. ხელისუფლებასთან ალინსში დადანაშაულენა - ეს ნებისმიერი პარტიისთვის სერიოზული კომპრომატი ხდება. ოპოზიციური პარტიები რაც უფრო ხშირად მოსცხებენ ჩირქს ერთმანეთს, არჩევნებში სახელისუფლებო ბლოკის წარმატების შანსი უფრო გაიზრდება. მართალია, შევარდნაძის ბლოკის რეიტინგი მოსახლეობაში საკმაოდ დაბალია, მაგრამ ოპოზიციურ პარტიებს შორის მუდმივი კინკლაობა, ურთიერთბრალდებები და დაპირისპირება მათ იმიჯზე უარყოფითად მოქმედებს.

9 სექტემბრის გაზეთ "ხვალინდელი დღის" ვარაუდით, ნინო ბურჯანაძის იმიჯის უმთავრეს ნაწილად მისი გაწონასწორებულობა იქცა. "ევოლუცია რევოლიციის სანაცვლოდ" - ასე ჟღერდა მისი საფირმო მოწოდება. გაზეთის აზრით, გაწონასწორებულობის იმიჯი სახელისუფლებო ბლოკშიც სახარბიელოდ მიიჩნიეს - ახალი პირველი ნომერი, ვაჟა ლორთქიფანიძეც ამ თვისებით გამოირჩევა.

მართლაც, ვაჟა ლორთქიფანიძემ დაადასტურა, რომ ყველაფერს გააკეთებს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის პოლიტიკური დაპირისპირების კონსტრუქციული დიალოგითა და ურთიერთთანამშრომლობით შესაცვლელად. თანაც, ვაჟა ლორთქიფანიძე და მისი პარტია დასავლურ ღირებულებებზე არიან ორიენტირებულნი. ეს პრეზიდენტისთვის კიდევ ერთი არგუმენტია, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი არ შეუცვლია.
სახელისუფლებო ბლოკის სიმშვიდისა და ზომიერებისკენ სწრაფვის ხაზგასმა ვახტანგ რჩეულიშვილმა სცადა. მისი თქმით, ბლოკში ლორთქიფანიძის ლიდერობა არის გარანტია, რომ წინასაარჩევნო კამპანია ოპოზიციასთან ურთიერთობის თვალსაზრისით კორექტულად ჩაივლის.

13 სექტემბრის "მთავარი გაზეთის" ცნობით, პარლამენტის წევრები საშემოდგომო სესიის დახურვას ამაოდ ცდილობენ, - ერთი კვირაა, საკანონმდებლო ორგანიში ყოველდღიურად 50 დეპუტატზე მეტი ვერ გროვდება. გასულ კვირასაც, მართალია, პარლამენტარებმა შეგნებაზე და პასუხისმგებლობაზე ბევრი ისაუბრეს, მაგრამ გამოსავალს - დეპუტატები სხდომაზე როგორ მიიყვანონ, - ვერ მიაგნეს.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიგი წერეთელი ფრაქციების ლიდერებთან კონსულტაციების გამართვის იდეით გამოდის. თუმცა, საეჭვოა, ამ ხერხმა გაჭრას და საარჩევნო კამპანიაში ჩართულმა დეპუტატებმა პარლამენტისთვის მოიცალონ. მართალია, რეგლამენტით არჩევნებამდე 45 დღით ადრე პლენარული სხდომების დახურვა სავალდებულოა, მაგრამ კონსტიტუციით - საშემოდგომო სესიის დახურვის ვადა დეკემბრამდეა.
XS
SM
MD
LG