Accessibility links

logo-print

კიდევ ელის თუ არა სანქციები საქათველოს ტრეფიკინგის გამო


ორიოდე თვის წინ საქართველო კიდევ ერთ საერთაშორისო სკანდალში გაეხვია. ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის გადაწყვეტილებით საქართველო შეტანილი იქნა იმ ქვეყნების ჩამონათვალში,

რომლებიც ტრეფიკინგის წინააღდეგ არაფერს აკეთებენ და რომლებიც ეკონომიკურ სანქციებს ექვემდებარებიან. აშშ-ს დახმარების შეწყვეტა კი უმძიმეს სოციალურ მდგმარეობაში ჩავარდნას უქადდა დასავლეთის ფინანსურ და ჰუმანიტარულ დახმარებაზე დამოკიდებულ საქართველოს მოსახლეობის სოციალურად გაჭირვებულ ფენებს. გ

ოფიციალური თბილისი ვერაფრით წარმოიდგენდა რომ ამერიკის შეერთებული შტატები თავისი სტრატეგიული პარტნიორის - საქართველოს მიმართ ტრეფიკინგის გამო ეკონომიკური სანქციების მკაცრ გადაწყვეტილებას მიიღებდა. საქართველოს ხელისუფლებაში თავდაპირველად ვერც კი დაიჯერეს, რომ შერთებული შტატების მთავრობამ ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვის აქტის საფუძველზე საქართველოს მესამე კატეგორიის ქვეყნის სტატუსი მიაკუთვნა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა არ ასრულებს ტრეფიკინგის აღსაკვეთად აუცილებელ მინიმალურ მოთხოვნებს და არაფერს აკეთებს მდგომარეობის გამოსასწორებლად. ამის გამო ამერიკის შეერთებული შტატების დახმარების შეწყვეტა სექტემბრის შუა რიცხვებიდან იყო მოსალოდნელი.

მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლება აშშ-ს განზრახვათა სერიოზულობაში დარწმუნდა, უყურადღებოდ მიტოვებული თემა - ტრეფიკინგთან ბრძოლა, ერთ-ერთ მთავარ საკითხად იქცა ეროვნული უშიშროების საბჭოსთვის. საბჭოში ყოველთვიურად იმართება სამართალდამცავი და სხვა უწყებების ერთობლივი სხდომები, რომელზეც ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის გზებს ეძებენ. ამის გარდა განხორციელებულ იქნა სხვა საკანონმდებლო თუ ნორმატიული ცვლილებები.
ეს და საქართველოს ხელისუფლების სხვა ნაბიჯები აისახა მოხსენებაში, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, კახა სიხარულიძის თქმით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს გადაეგზავნა.

[კახა სიხარულიძის ხმა] "ანგარიშში ხაზგასმული და გამოკვეთილია სამი ძირითადი მომენტი. ეს არის სერიოზული, პრინციპული ცვლილებები, შესწორებები სისხლის სამართლის კოდექსში. გარდა ამისა ის კონკრეტული საქმეები, რომლებიც საქართველოში იყო ტრეფიკინგთან დაკავშირებით, და მესამე, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე ძირითადი, საინფორმაციო კამპანია ამ პრობლემასთან მიმართებით."

სისხლის სამართლის კოდექსში მართლაც იქნა შეტანილი მუხლი ტრეფიკინგთან დაკავშირებით და ამიერიდან ადამიანის მოტყუებით მონურ სამუშაოზე დასაქმება და ექსპლოატაცია 3-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. შინაგან საქმეთა სამინისტროს უკვე დაკავებული ჰყავს ამ დანაშაულში ეჭვმიტანილი 2 პიროვნება და საინფორმაციო საშუალებებიც ინტენსიურად აშუქებენ ტრეფიკინგის ორგანიზატორთა არაკანონიერ საქმიანობას.

როგორც ჩანს ეს ფაქტები მხედველობაში მიიღო ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ და 90 დღიანი განხილვის შემდეგ, 10 სექტემბერს გამოაცხადა, რომ საქართველო მესამე კატეგორიიდან კვლავ მეორეში დააბრუნეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ეკონომიკური და ჰუმანიტარული სანქციები ჯერჯერობით არ დაწესდება.

მე მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ანტიტრეფიკინგის პროგრამის ხელძღვანელს, მარკ ჰულსტს ვკითხე, მართლაც შეიცვალა თუ არა საქართველოში ხელისუფლების დამოკიდებულება ტრეფიკინგის პრობლემის მიმართ.

[მარკ ჰულსტის ხმა] "ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ საქართველო გადავიდა მესამე კატეგორიიდან მეორე კატეგორიაში. პრინციპში ჩვენ ვფიქრობთ, რომ სწორი გადაწყვეტილებაა. იმიტომ, რომ ივნისის მერე ამ წელს საკმაოდ ბევრი რამ შეიცვალა. ერთი ის არის, რომ უფრო მეტი კოორდინაციაა მთავრობის სტრუქტურებს შორის, ადრე ეს ასე ნამდვილად არ იყო."

მარკ ჰულსტიც ხაზს უსვამს სისხლის სამართლის კანონმდებლობაში სპეციალური მუხლის შეტანისა და ტრეფიკინგში ეჭვმიტანილი პიროვნებების დაკავების ფაქტებს, რაც რეალური საფუძველი გახდა იმისა, რომ საქართველოს, სამარცხვინო იმიჯთან ერთად, ეკონომიკური სანქციებიც აეცილებინა თავიდან. უცხოელი ექსპერტის აზრით, ტრეფიკინგის საბოლოოდ დამარცხება საქართველოში სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების შემდეგ და სახელმწიფო სტრუქტურებში კორუფციის დამარცხების გზით არის შესაძლებელი. ამ პრობლემების დაძლევა კი არამარტო ტრეფიკინგის აღმოფხვრისთვისაა აუცილებელი, არამედ მასზე ქართული სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება-განვითარების საკითხიცაა გადაჯაჭვული.
XS
SM
MD
LG