Accessibility links

logo-print

პარტიების წინასაარჩევნო დაპირებების შესახებ


თამარ ჩიქოვანი, თბილისი არჩევნების შემდეგ, როგორც წესი, ამომრჩეველს საკუთარი პრობლემის მოსაგვარებლად პარლამენტარებთან შეხვედრა რომ დიდ პრობლემად აქვთ ქცეული - ამის დადასტურებად შეიძლება ჩაითვალოს

პარლამენტის შენობასთან რიგითი ადამიანების რიგები, რომლებიც თვეების მანძილზე უშედეგოდ ცდილობენ საკუთარ დეპუტატთან შეხვედრას. ახლა, არჩევნების წინ ის განსაკუთრებული ვითარება იქმნება, როცა ამომრჩეველთან შეხვედრას თავად მომავალი პარლამენტარები ცდილობენ.
რა დაპირებებით აპირებენ პოლიტიკოსები ამომრჩევლის ნდობის მოპოვებას?

ის, რომ საქართველოში ბოლო 4 წლის მანძილზე მდგომარეობა შეიცვალა, ამას წლევანდელი წინასაარჩევნო დაპირებებიც ადასტურებს. თუ 1999 წლის საპარლამენტო არჩევნებისას საკმაოდ მომხიბვლელად გამოიყურებოდა მმართველი პარტიის დაპირება მილიონი სამუშაო ადგილის შექმნის თაობაზე, დღევანდელი დაპირებები ოდნავ განსხვავებულად ჟღერს და გარკვეულწილად წააგავს წინა საუკუნის ათიან წლებში საკმაოდ პოპულარულ მოწოდებებს, გლეხებისთვის მიწის დარიგებას, მუშებისთვის კი ქარხნების გადაცემას რომ გულისხმობდა. დღეს ყველაზე რეიტინგული პარტია - ლეიბორისტულ პარტიას ვგულისხმობ, - ამომრჩეველს, პირველ რიგში, იაფი ენეგრომატარებლების დაპირებით ხიბლავს. გარდა ამისა, ლეიბორისტები პირობას დებენ, რომ პასუხს აგებინებენ ყველა იმ კორუმპირებულ მოხელეს, ვინც ხელი მოითბო საქართველოს კუთვნილი ქონების გასხვისებისას.
ამ მხრივ, "ლეიბორისტების" დაპირება, გარკვეულწილად, ძალიან წააგავს კიდევ ერთი პოპულარული პარტიის - "ნაციონალური მოძრაობის" წინასაარჩევნო სტრატეგიას. როგორც გახსოვთ, მიხეილ სააკაშვილის განმარტებით, უკანონო ქონების ჩამორთმევის შესახებ კანონ-პროექტისადმი დამოკიდებულება თავისებური ტესტის ფუნქციასაც კი ატარებდა მომავლი პარტნიორების დადგენის საქმეში. მართალია, ეს ტესტი ვერავინ გაიარა, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი კვლავ არწმუნებს ამომრჩეველს, რომ გამარჯვების შემთხვევაში, უკანონო ქონებას კორუმპირებულებს და გაქსუებულებს აუცილებლად ჩამოართმევს.
" არ შევპირდეთ ხალხს ის, რისი გაკეთებას არ შეგვიძლია" - პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ასე ჟღერს "ბურჯანაძე-დემოკრატების" ბლოკის პრიორიტეტი. 13 სექტემბერს პარლამენტის შენობაში სწორედ ამ ბლოკის წინასაარჩევნო პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. ნინო ბურჯანაძე კვლავ აცხადებს, რომ აუცილებელია რევოლუციური გარდაქმნები, ოღონდ რევოლუციის გარეშე:
[ ნინო ბურჯანაძის ხმა] " მე დავინახე უმძიმესი ვითარება ქვეყანაში, უმძიმესი ვითარება პრაქტიკულად ყველა მიმართულებით, ეს არის გაუცემელი ხელფასები, გაუცემელი პენსიები, გაჩერებული ფაბრიკა-ქარხნები, სოციალურად სრულიად დაუცველი ადამიანები, სახელმწიფოსგან მიტოვებული ადამიანები".
რა შედეგით დასრულდება საპარლამენტო არჩევნები - ეს მხოლოდ 2 ნოემბრის არჩევნების შემდეგ გაირკვევა. სამაგიეროდ, უკვე გარკვეულია, რომ ახალ პარლამენტს 2004 წლის ბიუჯეტის სახით უმძიმესი გადაწყვეტილების მიღება მოუწევს: იქიდან გამომდინარე, რომ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებმა საქართველოში პროგრამები შეწყვიტეს, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება კი ბიუჯეტს ვერ ასრულებს, ფაქტია, რომ 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი სოციალური გარანტიების თვალსაზრისით ყველაზე დაუცველი იქნება. ეს კი, თავის მხრივ, აუცილებლად აისახება ახალი პარლამენტისადმი მოსახლეობის დამოკიდებულებაზე.
XS
SM
MD
LG