Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელისუფლებო ბლოკი ოპოზიციურ ძალებს არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ კონსულტაციებს სთავაზობს


სახელისუფლებო ბლოკის საარჩევნო სიის პირველი ნომერი, ვაჟა ლორთქიფანიძე ოპოზიციური ძალების ლიდერებს არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ თანამშრომლობას სთავაზობს.

15 აგვისტოს ჟურნალისტებთან შეხვედრისას მან თქვა, რომ უკვე ჰქონდა შეხვედრები ზოგიერთი ოპოზიციური ძალის წარმომადგენელთან და არცთუ უშედეგო. არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ პოლიტიკური ძალების კოორდინაციისთვის ლორთქიფანიძე ოპოზიციურ ძალებთან კონსულტაციებს განაგრძობს. ასე, რომ ძალა, რომლისგანაც ყველაზე მეტად არის მოსალოდნელი გაყალბების მცდელობები, წინასაარჩევნო სამშვიდობო ინიციატივით ახალი სახის, ვაჟა ლორთქიფანიძის სახელით გამოდის.

თუ ოპოზიციური ძალების ლიდერები ათანხმებენ არჩევნებზე ხელი არ შეუშალონ ერთმანეთს, სახელისუფლებო ბლოკი არჩევნების გაყალბების ხელისშემშლელის როლის მორგებას ცდილობს. ხელისუფლებას ყველაზე მეტი ბერკეტები გააჩნია არჩევნების გასაყალბებლად და გაყალბებასაც ყველაზე მეტად სახელისუფლებო ბლოკისგან მოელიან. აღნიშნულის მიუხედავად, სახელისუფლებო ბლოკში ცდილობენ შექმნან შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლებისთვის ბრძოლის ინტერესზე მაღლა ქვეყნის ინტერესებს აყენებენ და ცდილობენ ყველაფერი გააკეთონ იმის მისაღწევად, რომ 2 ნოემრის არჩევნებით საქართველომ საერთაშორისო ავტორიტეტი არ შეილახოს.

სახელისუფლებო ბლოკის საარჩევნო სტატეგიაში ამ სიახლეს მისი ახალი სახე, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ვაჟა ლორთქიფანიძე წარმოაჩენს. ბლოკის საარჩევნო სიის პირველ ნომრად ედუარდ შევარდნაძემ ის შეარჩია, როგორც მაღალი რეპუტაციის, გაწონასწორებული, კომუნიკაბელური პიროვნება და მას შემდეგ ლორთქიფანიძე სახელისუფლებოს ბლოკსა და ოპოზიციას შორის წინასარჩევნო მედიატორის ამპლუაში გვევლინება. არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ შეთანხმებული მოქმედებისთვის მას უკვე ჰქონდა კონსულტაციები ოპოზიციის ცალკეულ ლიდერებთან (ვისთან - არ ასახელებს). ეს კონსულტაციები გრძელდება და მარტო პოლიტიკურ ლიდერებთან შეხევდრებით არ ამოიწურება. სახელისუფლებო ბლოკის საარჩევნო სიის პირველი ნომერი აცხადებს, რომ ხვდება საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელბს და არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ ასამოქმედებელ მექანიზმებს მათაც უთახმებეს. ამ მექანიზმებში იგულისხმება დამკვირვებელთა ერთობლივი ჯგუფების შექმნა და არამარტო ეს. ვაჟა ლორთქიფანიძე არ აკნოკრეტებს კიდევ რა გზებით წარმოუდენია არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლა.

[ვაჟა ლორთქიფანიძის ხმა] " ჩემი ერთ-ერთი მთავარი პოზიციაა მოხდეს ისე, რომ დაძაბულობა არ იყოს. მე მიმაჩნია, რომ ქვეყნის პარალმენტმა უნდა შეასრულოს პოლიტიკური სტაბილიზატორის როლი, პოლიტიკური პროცესების წარმმართველის როლი. ვერ შეძლებს ამას, თუ არ ექნება ნდობის მაღალი დონე. ჩემთვის ამ ხარისხის მიღწევა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, ჩემი, თუ სხვა პარტია რამდენ პარლამენტარს შეიყვანს პარლამენტში."

"საქართველოში არც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ არ უნდა მისცეს უფლება და შესაძლებლობა ქვეყნის გარეთ თუ ქვეყნის შიგნით არსებულ ძალებს ეჭვქვეშ დააყენონ საქართველოს პარლამენტის ლეგიტიმურობა", - აცხადებს ვაჟა ლორთქიფანიძე, რომელიც საქართველოში ბოლო ათწლეულის მანძილზე ჩატარებულ არჩევნებს შორის ყველაზე დემოკრატიულად 1992 წლის საპარლამენტო არჩევნებს მიიჩნევს და ფიქრობს, რომ საქართველოს პოლიტიკურ რეალობას ყველაზე უკეთ, სწორედ1992 წელს არჩეული ჭრელი პარლამენტი გამოხატავდა არა შემდეგომო არჩევნებით არჩეული და სახელისუფლებო ძალების მიერ მონოპოლიზირებული პარლამენტები. ასეთია სახელისუფლებო ბლოკის საარჩევნო სიის პირველი ნომრის აზრი, ბლოკის, რომელიც ახალ პარლამენტში საკმაოდ ბევრ ადგილს უმიზნებს და სადაც კვოტების განაწილებაზე სერიოზულად დაობენ.
XS
SM
MD
LG