Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შედგება თუ არა პრეზიდენტისა და ოპოზიციის თანამშრომლობა


თამარ ჩიქოვანი, თბილისი წინასაარჩევნოდ პრეზიდენტი შევარდნაძე ოპოზიციას თანამშრომლობისკენ მოუწოდებს. 15 სექტემბრის ტრადიციულ რადიოინტერვიუში პრეზიდენტმა როგორც სახელისუფლებო ბლოკს,

ისე ოპოზიციურ გაერთიანებებს არჩევნების მშვიდ ვითარებაში ჩასატარებლად ე.წ. შავ პი-არ-ზე უარის თქმა შესთავაზა. მან ასევე განაცხადა, რომ ოპოზიციას მტრად არ აღიქვამს, რომ მზად არის ოპოზიციასთან კონსტრუქციული დიალოგისკენ და რომ მოუწოდებს ოპოზიციას, არ დაწვას პრეზიდენტისკენ სავალი ყველა ხიდი.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთანან საუბრისას ჩვენ შევეცადეთ დაგვედგინა, რამდენად არის მზად ოპოზიცია პრეზიდენტთან სათანამშრომლოდ.

პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ ოპოზიცია გამოეხმაურება მის შეთავაზებას თანამშრომლობის შესახებ. როგორც ჩანს, პრეზიდენტი შეცდა - ჯერჯერობით პრეზიდენტის გამოწვდილი ხელის ჩამორთმევას არც ერთი ოპოზიციური ძალა არ ჩქარობს. მეტიც - ოპოზიციის უმრავლესობას პრეზიდენტის გულწრფელობა აეჭვებს და მის მიერ თნამშრომლობის მზადყოფნას ისევ და ისევ წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილად აღიქვამს. ასე თვლის საქართველოს დემოკრატიული აღორძინების კავშირის წევრი გიორგი კობახიძე, რომლის აზრითაც, პრეზიდენტმა ოპოზიციასთან თნამშრომლობის ყველა შანსი ხელიდან გაუშვა
[გია კობახიძის ხმა] " თანამშრომლობა რა არის, იცით? პასუხისმგებლობის გადანაწილებას ნიშნავს. პრეზიდენტს თუ უნდოდა ოპოზიციასთან თანამშრომლობა, მას ჰქონდა ამის საშუალება, რაზეც არაერთგზის გვილაპარაკია ჩვენ. მას უნდა შეექმნა კოალიცია რეალურ ძალთა მონაწილეობით. ამ შემთხვევაში იქნებოდა ურთიერთგანწყობა და თნამშრომლობა, რაზეც ის საუბრობს. ახლა, ვიმეორებ, ეს არის პოზა, რომელიც მას სჭირდება წინასაარჩევნოდ, რომ აჩვენოს თავისი "დემოკრატი" სახე".
პრეზიდენტის განცხადებასთან დაკავშირებით გაკვირვებას გამოთქვამს სახალხო პარტიის თავმჯდომარე მამუკა გიორგაძეც, რომელიც შესაძლო თანამშრომლიბის თაობაზე ასეთ განცხადებას აკეთებს:
[მამუკა გიორგაძის ხმა] "თანამშრომლობაში რა იგულისხმება? თუ იგილისხმება - ხელისუფლება წარმოადგენს რაიმე საჭირო და მნიშვნელოვან გეგმას - რომ არ დაუჭირო, ქვეყნის მტერი უნდა იყო. მაგრამ თუ თანამშრომლობაში უპრინციპო გარიგებები იგულისხმება - ბუნებრივია, ასეთ შემთხვევაში, ვინც ასეთ თანამშრომლობაზე წავა (ასეთებით გაივსო სახელისუფლებო ბლოკი) - ვინც წავა, არ იქნება მართალი."
რას გულისხმობს თნამშრომლობაში პრეზიდენტი შევარდნაძე - ბლოკ "ბურჯანაძე-დემოკრატების" წევრის, გიორგი ბარამიძისთვისაც გაურკვეველია. მისი თქმით, თუ პრეზიდენტი ოპოზიციის თანამშრომლობას საქართველოს რუსეთის გუბერნიად ქცევაში ხედავს, ბუნებრივია, ასეთი თანამშრომლობა არ შედგება.
[გიორგი ბარამიძის ხმა] " ჩვენ ყოველთვის ვიყავით კონსტრუქციულები, ვიქნებით კონსტრუქციულები, მაგრამ, ამავდროულად ვიქნებით ძალიან რადიკალურები ქვეყანაში რევოლუციის გარეშე რევოლუციური გარდაქმნების განსახორცილებელად. თუ ასეთ ნაბიჯებს გადადგამს შევარდნაძე - მაშინ ჩათვალოს, რომ მას შეეძლება დღევანდელ ოპოზიციასთან თანამშრომლობა".
პრეზიდენტთან ნებისმიერი სახით თანამშრომლობას კატეგორიულად უარყოფს ნაციონალური მოძრაობის წევრი კობა დავითაშვილი, რადგან, მისი აზრით, პრეზიდენტს მაშინ უნდა ეფიქრა ამ თანამშრომლობაზე, როცა დაარღვია ბეიკერის შეთანხმება, მხოლოდ საკუთარი წარმომადგენლებით დააკომპლექტა საოლქო კომისიების თავმჯდომარეები, ანუ ყველაფერი გააკეთა არჩევნების გასაყალბებლად.
[კობა დავითაშვილის ხმა] "არავითარ შერბილებას პრეზიდენტთან ურთიერთობაში არ ვგეგმავთ და ეს ჩვენი თვითმიზანი კი არ არის, ის პოლიტიკაა, რასაც პრეზიდენტი ატარებს. ერთია მოწოდებები, მეორე - საქმეები, რასაც აკეთებს".

შესაბამისად, საეჭვოა, პრეზიდენტის მოწოდებას ოპოზიციის მხრიდან ის გამოხმაურება მოჰყვეს, რასაც პრეზიდენტი ელის. ანუ, სავარაუდოდ, წინასაარჩევნოდ ტემპერატურა ქართულ საზოგადეობაში კიდევ უფრო მაღალი იქნება.
XS
SM
MD
LG