Accessibility links

logo-print

დიდი აბრეშუმის გზა სატრანზიტო ქვეყნებს ნარკოტიკების კონტრაბანდით ემუქრება


1 ოქტომბერს ავღანეთი ევროპის ჰუმანიტარულ დახმარებას მიიღებს: 4 სექტემბერს ბრიუსელიდან ქაბულის მიმართულებით დაძრული 12 სატვირთო ავტომანქანა ტრასეკას სატრანზიტო დერეფანს მიუყვება.

ქარავანი ამჯერად საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება. დიდი აბრეშუმის გზის პირველ სრულმასშტაბიან ექსპლუატაციას განსაკუთრებულად მიესალმება საქართველოს ხელისუფლება, ქვეყნის პირველი პირით დაწყებული, რიგითი ჩინოვნიკით დამთავრებული. "დაიმლერ-კრაისლერისა" და ევროკავშირის ერთობლივი ჰუმანიტარული აქცია ავღანეთში დიდი აბრეშუმის გზის თავისებური პრეზენტაციაცაა, ამაზე მიუთითებს აქციის სახელწოდებაც -"გზა სოცოცხლეა". იქცევა თუ არა სიცოცხლის გზა ნარკოტიკების გზად? საფრთხე რეალურია, პრევენციული ღონისძიებები კი საქართველოში , როგორც ყოველთვის - ზოგადი.
ევროპისა და მსოფლიო თანამეგობრობის ზრუნვა ავღანეთის ჰუმანიტარულ რეაბილიტაციაზე გარკვეულწილად ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების ტრანსპორტირების ხელისშემშლელი ღონისძიებების ერთობლივ დაგეგმასაც გულისხმობს -აბრეშუმის გზის სატრანზიტო ქვეყნები, მათ შორის საქართველო ურთიერთკოორდინაციულ მოქმედებას გეგმავენ. სწორედ ამას მიეძღვნა საქართველოს უშიშროების მინისტრის - ვალერი ხაბურძანიას ამასწინდელი ვიზიტი საფრანგეთის რესპუბლიკაში, სადაც, უშიშროების მინისტრის პრესსამსახურის უფროსის, ნიკა ლალიაშვილის თქმით, მინისტრმა ფრანგ კოლეგებთან თანამშრომლობის გარკვეული მიმართულებები შეათანხმა. ამ დროისათვის ჯერ მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ ფინანსურ დახმარებაზე საუბარი არ არის.
[ნიკა ლალიაშვილის ხმა] "მანამდე ამას წინ უძღვოდა ვიზიტი ირანში. ირანის სპეცსამსახურები ძალიან შეშფოთებულნი არიან, რადგან ავღანეთი მათი მოსაზღვრე ქვეყანაა და, ბუნებრივია, სატრანზიტო ხაზები გაივლის ირანზეც. ირანის მხრიდანაც ჩვენ გვაქვს თანამშრომლობის იმედი და რაც, ალბათ, ყველაზე მთავარია, ნოემბერში იგეგმება უშიშროების მინისტრის ვიზიტი უკვე ავღანეთში."
მსოფლიოს ნარკოტიკული ნივთიერებების საერთო მარაგის დაახლოებით 70 პროცენტს ავღანეთი აწარმოებს. შესაბამისად, ავღანეთი ნარკოტიკებით ამარაგებს სულ მცირე ნახევარ მსოფლიოს. მათ შორის კონტრაბანდა გადის, სავარაუდოდ, საქართველოზეც. ტრასეკას სატრანსპორტო დერეფანი ამ პროცესს კიდევ უფრო წარმატებულს გახდის, რასაც ადასტურებს ამიერკავკასიის ანტინარკოტიკული პროგრამის კოორდინატორი პაატა ნოზაძე.
[პაატა ნოზაძის ხმა] "დიდი ტვირთების დროს დიდ მასშტაბებთან გვაქვს საქმე. ახლა, რამდენიმეტონიან კონტეინერში ერთ გრამს არავინ ჩადებს, ხო?! ჩადებს უფრო სოლიდურ რაოდენობას. სოლიდური რაოდენობა უკვე სოლიდური ფულიც არის."
ავღანეთიდან ჰეროინის 100 კილოგრამზე დიდი პარტიების ტრანსპორტირება სატვირთო მანქანებითა და ტურისტული ავტობუსებით ხდება. შეიძლება განისაზღვროს ორი ძირითადი მარშრუტი - პირველი მარშრუტი კასპიის ზღვის გავლით შედის აზერბაიჯანში, ბაქოში, საიდანაც ჩრდილოეთით მიემართება რუსეთისაკენ, ხოლო დასავლეთით საქართველოსკენ. თბილისიდან მოძრაობა გრძელდება ფოთის, ბათუმისა და სოხუმის საზღვაო ნავსადგურებისაკენ. აქედან ნარკოტიკები იგზავნება თურქეთში, რუმინეთსა და უკრაინაში. მეორე მარშრუტით - ირანიდან შედის აზერბაიჯანში ან სომხეთში. აქედან ნარკოტიკების გადატანა ხდება რუსეთისაკენ, ან დასავლეთით, თბილისისაკენ.
თუ გავითვალისწინებთ, რომ სატვირთო მანქანების სრული კონტროლი პრაქტიკულად შეუძლებელია და არ ხდება არც საქართველოში და არც მოსაზღვრე ქვეყნებში, აბრეშუმის გზა უკვე შეგვიძლია ნარკოტიკების გზად მოვიხსენიოთ. ამგვარ განმარტებას არაკორექტულად მიიჩნევენ სამართალდამცავები - შინაგან საქმეთა სამინისტროში, მაგალითად, ამტკიცებენ, რომ ისინი ნარკოტიკების კონტრაბანდას მაქსიმალურად შეუშლიან ხელს.
XS
SM
MD
LG