Accessibility links

logo-print

პატიმრების გაქცევამ იუსტიციის მინისტრი გადაიყოლა


დავით პაიჭაძე, თბილისი ორშაბათს, 15 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტმა დააკმაყოფილა იუსტიციის მინისტრის, როლანდ გილიგაშვილის განცხადება გადადგომის შესახებ. საამისოდ მართლაც ყველა პირობა არსებობდა:

129 პატიმრის გაქცევა საკმარის საფუძველს ქმნის სისტემის ხელმძღვანელის გასათავისუფლებლად. შეგახსენებთ, ამავე, ანუ პატიმრების გაქცევის მიზეზით, იუსტიციის მინისტრს გადადგომა მოუწია 2000 წლის სექტემბერშიც: მაშინ ციხის რესპუბლიკური საავადმყოფოდან 11 პატიმარი გაიქცა, რასაც მინისტრ ჯონი ხეცურიანისა და სასჯელთა აღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის, გივი ყვარელაშვილის თანამდებობიდან წასვლა მოჰყვა. განვლილი დრო აჩვენებს, რომ პასუხისმგებელი პირების გათავისუფლება ვითარებას არ აუმჯობესებს.

იუსტიციის გადამდგარი მინისტრი, როლანდ გილიგაშვილი ორშაბათს კომენტარებს არ აკეთებდა. კომენტარი მან წინა დღეს გააკეთა, როცა თქვა, რომ პასუხისმგებლობას არ გაურბის, მაგრამ პასუხისმგებლობა ყველამ უნდა გაინაწილოს. იმავე განცხადებაში გილიგაშვილმა საპატიმროებიდან დაუსრულებელი გაქცევების მთავარ მიზეზად უკმარი დაფინანსება დაასახელა. მაინც რას სჭირდება ფული სასჯელთა აღსრულების დეპარტამენტში? ამ კითხვას რადიო "თავისუფლებასთან" საუბრისას დეპარტამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, გიგლა აგულაშვილმა ასე უპასუხა:

[აგულაშვილის ხმა] "ფინანსები საჭიროა არა მარტო ხელფასების გასაცემად ან ტექნიკური გადაიარაღებისათვის, არამედ თუნდაც სწავლებისათვის, კადრების მოსაზიდად, შესარჩევად, გადასამზადებლად და ა.შ. ძალიან ხშირად ამ სისტემაში აბსოლუტურად გამოუცდელი კადრები მოდიან - თუნდაც იგივე გუშაგები; მათ არა აქვთ საშუალება, საბრძოლო მომზადება გაიარონ, იმის გამო, რომ არ არსებობს ტყვია-წამალი. თუ გნებავთ, დაარქვით ამას ტექნიკური დახმარება და ნუ დაარქმევთ ფინანსურს".

რამდენიმე წელია, გახმაურებული გაქცევების შემდეგ ახსენდებათ რუსთავთან აშენებული და დაუმთავრებელი ციხე, რომლის საზეიმო პრეზენტაცია ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილის იუსტიციის მინისტრობისას მოეწყო, თუმცა, იქ არც ერთი პატიმარი არ შეუშვიათ. გიგლა აგულაშვილი ამბობს, რომ სახელმწიფოს მართებს ვალი იმ კერძო კომპანიისა, რომელმაც საპყრობილე ააშენა, ანუ არ გადაუხდია უკვე გაკეთებული საქმის ფული. ასე რომ, ციხის დასამთავრებლად თანხა რომც გამოიყოს, მშენებელ კომპანიას სრული უფლება ექნება მოითხოვოს და მიაღწიოს ყადაღის დადებას ამ თანხაზე. სასჯელთა აღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარის თქმით, ციხის ჯეროვან კონდიციაში მოყვანას 2,5 მილიონი ლარი მაინც სჭირდება, ეს ფული კი საქართველოსნაირ ღარიბ სახელმწიფოსაც არ უნდა უჭირდეს საკუთარი უსაფრთხოებისათვის.

[აგულაშვილის ხმა] "აქ ორი ფაქტორი იმუშავებდა, რა თქმა უნდა, 100%-ით არ მოხსნიდა პრობლემას, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, რომ არსებულ ვითარებას მნიშვნელოვნად შეცვლიდა: ეს ციხე კარგად არის იზოლირებული. იქ არის, მაქსიმუმ, 10-14 კაციანი საკნები. უკეთესი პირობები იქნებოდა მსჯავრდებულთა საცხოვრებლად, მაგრამ აქ არის არამარტო ეს ფაქტორი, არამედ ფსიქოლოგიურიც: დავუშვათ, სხვა დაწესებულებაში მყოფი პატიმარი, რომელიც რეჟიმის მოთხოვნებს არ ემორჩილება, გადავა უფრო მძიმე, მკაცრ პირობებში და ამას, რა თქმა უნდა, თავისი ფსიქოლოგიური მნიშვნელობა ექნება".

რაც შეეხება რუსთავის კოლონიიდან გაქცეულ პატიმრებს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, რუბენ ასანიძე ვითარების აღწერისას ოპტიმისტად რჩება:

[ასანიძის ხმა] "გაქცეული 129 დამნაშავიდან 67 დღესდღეობით დაკავებულია. ნებით 7 პიროვნება ჩაბარდა. მთავარი ის არის, რომ დღემდე ჩვენ არ შეგვიწყვეტია პროფილაქტიკური ღონისძიებები. შეიძლება ითქვას, გაქცევას, თუნდაც ქვემო ქართლის რეგიონში, კრიმინოგენური ვითარების მნიშვნელოვანი გართულება არ გამოუწვევია".
XS
SM
MD
LG