Accessibility links

logo-print

ამერიკელ სამხედროთა ოჯახები ერაყის ომის საწინააღმდეგო მოძრაობას იწყებენ


ერაყიდან ამერიკელი სამხედროების გაყვანის მოთხოვნით გამოდის ამერიკის მოქალაქეთა უკვე არაერთი გაერთიანება. შეუქმნის თუ არა ეს ამ ქვეყნის პრეზიდენტს მომავალში პოლიტიკური ხასიათის სიძნელეებს?

ორმა გაერთიანებამ - "სამხედროთა ოჯახები გამოთქვამენ" და "დააბრუნეთ ისინი შინ ახლა" - პრესკონფერენცია მოაწყო ვაშინგტონში. გაერთიანების -"სამხედროთა ოჯახები გამოთქვამენ" დამაარსებელმა ნენსი ლესინმა ამ ახალი ჯგუფების პოზიცია ასე დაახასიათა:
[ლესინის ხმა] "ჩვენ ახლობლებს ფიცი აქვთ დადებული, რომ დაიცავენ ქვეყანას და კონსტიტუციას ყველა, გარე და შინა მტრისაგან, მაგრამ ჩვენს მთავრობას აქვს ვალდებულება ჯარის წინაშე, ჩვენი ახალგაზრდა გოგონები და ბიჭები ფორმაში გამოწყობილი არ უნდა გაუშვას უაზრო, არასაჭირო რისკზე. ეს არის, რითაც ეს გარიგება ირღვევა. ომი საშინელია, მაგრამ ეს სხვა რამაა, ჩვენი ახლობლები, ჩვენი ჯარი მოტყუებულია, ჩვენ სუყველა მოტყუებული ვართ". ამ ქალბატონს ჰყავს გერი, რომელიც ერაყიდან უკვე დაბრუნდა.

ძნელი სათქმელია, რა მასშტაბისაა ეს მოძრაობა. ჩვენი "რადიოს" მიერ გამოკითხული ზოგიერთი მიმომხილველი არ გამორიცხავს, რომ ამ მოძრაობის ზრდამ 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე აშშ-ში გავლენა შეიძლება მოახდინოს. აშშ-ის არმიის სტრუქტურა შემდეგნაირია: მის თითოეულ ნაწილს მეთაურობენ სამოქალაქო პირები, რომელთა მეთაურია თავდაცვის მინისტრი. გადამდგარი გენერალი, რომელიც ევროპაში სამხედრო დაზვერვაში მსახურობდა უწინ, ედუარდ ატკისონი, ამბობს, რომ სამხედროებმა თავიანთი საქმე უნდა აკეთონ და პოლიტიკა სამოქალაქო პირებს დაუთმონ. მაგრამ, მისივე თქმით, მაშინ , როცა სამხედრო პირებს არ შეუძლიათ საკუთარი პოლიტიკური უკმაყოფილების გამოთქმა, მათ ოჯახებს ასეთი შეზღუდვა არ ეხებათ:
[ატკისონის ხმა] "ისინი თავისუფალი არიან, მათ იმის გაკეთება შეუძლიათ, რაც მოსწონთ და ეს არ ახდენს გავლენას მათი ქმრის, თუ მამის, თუ დედის მდგომარეობაზე. ომების ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ დაიცვას მათი უფლება გამოხატონ აზრი". რაც ყველაზე მეტად აწუხებს ამ ჯგუფებს, ერაყში ამერიკელი სამხედროების დაღუპვაა. პოლიტიკის კვლევის კერძო უწყებაა ვაშინგტონის თავდაცვის ინფორმაციის ცენტრი, რომლის ვიცე-პრეზიდენტია ტერიზა ჰიტჩენსი. მან ჩვენს "რადიოს" უთხრა, რომ სამხედროებს ეგონათ, რომ ომი მალე დასრულდებოდა. ტერიზა ჰიტჩინსის თანახმად, საგულისხმოა ის ფაქტი, რომ არსებობს პრევენციული ომი და პირდაპირ აგრესიაზე პასუხი.
[ჰიტჩინსის ხმა] "ეს ეგრეთ წოდებული პრევენციული ომია. ის არ უნდა დაგვეწყო და, რა თქმა უნდა, უნდა არ უნდა დაგვეწყო, როცა დავიწყეთ , სამხედროებს არ უყვართ პრევენციული ომები, ისინი ებმებიან ომში სამშობლოს დასაცავად, ან როცა საჭიროა, მაგრამ ხალხის ომში გაგზავნა რეალური მიზეზის გარეშე ის არის, რაც მეთაურებს არ მოსწონთ".
გადამდგარი გენერალი ატკისონი ფიქრობს, რომ ახლა ეს მოძრაობა ჯერ ჩანასახოვან მდგომარეობაშია, მაგრამ მასში არის პოტენცია, რომელმაც შეიძლება მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში ბუშის წინააღმდეგ იმოქმედოს. ჰიტჩინსი აცხადებს, რომ ეს მოძრაობა, ალბათ, მეტი გახდება, ვიდრე ბუშის წინააღმდეგ პოლიტიკური მღელვარება.
ტერიზა ჰიტჩინსმა გვითხრა, რომ ომის მთავარი მომხრეები თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო თანამშრომოლები არიან, ისინი, ვისაც ზოგიერთმა ანალიტიკოსმა და პუბლიცისტმა "ქორის ბახლები" უწოდა, ისინი ვისაც ომი სწყურიათ, მაგრამ არასოდეს უომიათ. ჰიტჩინსის თქმით, თუკი ბუში და მისი მრჩევლები დროზე არ გამოძებნიან ერაყის ომიდან გამოსავალს, სხვა არაერთი ამერიკელის მსგავსად, ისინი უმუშევრები დარჩებიან 2004 წლს არჩევნების შემდეგ.
XS
SM
MD
LG