Accessibility links

logo-print

12 მილიონი დოლარი შიდსთან საბრძოლველად


"ჩვენ თავიდან ავიცილებთ შიდსის ფართომასშტაბიან ეპიდემიას" - ასეთი სიტყვები ითქვა თბილისში, ზაფხულში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა,

"შიდსის ცენტრის" მესვეურები და გაეროს გლობალური ფონდის წარმომადგენლები დაესწრნენ. გლობალურმა ფონდმა შიდსთან საბრძოლველად საქართველოს 12 მილიონი დოლარის გრანტი გამოუყო.

"გლობალ-ფონდი" არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით 2001 წელს შეიქმნა. ორგანიზაციის ბიუჯეტი თითქმის ორ მილიარდ დოლარს შეადგენს. ეს თანხა სამი დაავადების - შიდსის, მალიარიისა და ტუბერკულიოზის ეპიდემიებზე კონტროლისა და დაავადებულთა მკურნალობისთვის გამოიყოფა. "გლობალ-ფონდის" ოფისი ჟენევაში მდებარეობს. ზაფხულში აქ გაიგზავნა თბილისში გაფორმული მემომარდუმი, რომელიც ითვალისწინებს საქართველოსათვის, 5 წლის მანძილზე, 12 მილიონი დოლარის გამოყოფას შიდსთან საბრძოლველად. პირველ ეტაპზე საქართველო 4 მილიონი დოლარით დაფინანსდება. ფინანსური გამჭვირვალებისა და პროექტის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში პროგრამის დაფინანსება აუცილებლად გაგრძელდება. გლობალფონდის პროგრამა ითვალისწინებს საკანონმდებლო ბაზის დახვეწას, პაციენტების უფასო გამოკვლევას, სისხლის პრეპარატების უსაფრთხოების უზრუნველყოფას, პრევენციულ სამუშაოებს ეგრეთ წოდებულ "რისკის ჯგუფებში" და ა.შ.

ჩვენთან საუბარში შიდსისა და იმუნოლოგიის ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ კატეგორიულად უარყო თბილისში გავრცელებული ხმები, თითქოს ეს გრანტი შიდსით დაავადებულების საზღვარგარეთ მკურნალობას გულისხმობს. ბატონი თენგიზის თქმით, ეს თანხა საკმარისია შიდსით დაავადებულთა მკურნალობისთვის საქართველოში. უფრო მეტიც, გათვალისწინებულია სოციალური დახმარება შიდსით დაავადებულებისთვის, რათა მათ შეძლონ გაერთიანდნენ შესაბამის ორგანიზაციებში და ერთად დაიცვან თავიანთი უფლებები. ამავე დროს, თენგიზ ცერცვაძე აღნიშნავს, რომ გრანტის ათვისება ჯერ ფაქტობრივად არ დაწყებულა.

[თამაზ ცერცვაძის ხმა]: "პროცესის პრაქტიკული ათვისება ჯერ არ დაწყებულა...საკმაოდ დიდი ეტაპია მოსამზადებელი სამუშაოსი. ხელშეკრულება გაფორმდა ერთი თვის წინ, ახლა დგება გეგმა... შვიდ ჯგუფადაა დაყოფილი ეს ღონისძიებები, რომელიც შვიდ ეტაპს მოითხოვს. ეს არის პროფილაქტიკული ღონისძიებები, სამკურნალო ღონისძიებები. ამ ღონისძიებებზე უნდა ტენდერი გამოცხადდეს, გაირკვეს ის დაწესებულებები, რომლებიც ამას შეასრულებენ და მხოლოდ შემდეგ დაიწყება შესრულება".

ქართველ ექიმებს, ცხადია, ესმით, რომ შიდსის შემთხვევაში ბიუროკრატული პროცედურის გაჭიანურება დანაშაულის ტოლფასია - 400-მდე ინფიცირებულიდან საქართველოში 50-ზე მეტს მკურნალობის სრული კურსის ჩატარება სჭირდება. თუმცა, როგორც გამოირკვა, ეს მაჩვენებელი, შიდსის გავრცელების საერთო ტემპს თუ გავითვალისწინებთ მსოფლიოში, არც ისე მაღალია. თენგიზ ცერცვაძის თქმით, "გლობალ-ფონდის" კონკურსში ქართველი ექიმების გამარჯვება მით უფრო მოულოდნელი იყო.

[თამაზ ცერცვაძის ხმა]: "შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის წესდებით, ფონდის პროექტები უმტკიცდებათ პირველ რიგში იმ ქვეყნებს, სადაც შიდსის ეპიდემიის ყველაზე მაღალი დონეა... საქართველოში ასე არ არის, საქართველოში შიდსის შემთხვევების რიცხვი, მათ შორის ახალი შემთხვევების რიცხვი ერთ-ერთი ყველაზე დაბალია მსოფლიოში, ამიტომ ეს ჩვენთვის ძალიან დიდი მიღწევა იყო... ჩვენ სხვა კრიტერიუმებით მივაღწიეთ ამ პროექტის მიღებას - ეს იყო თავად განცხადების მაღალი ხარისხი… პროექტის კარგი ხარისხი. გაითვალისწინეს, ალბათ, საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში განხორციელებული რეფორმები... ამის გათვალისწინებით ეს საქართველოსთვის ძალიან დიდი მიღწევა იყო... იმ ქვეყნებში, სადაც შიდსის გავრცელების დონე საქართველოსნაირია, ამ პროექტებს, როგორც წესი, არ აფინანსებენ".

"რადიო თავისუფლების" მსმენელებმა და მკითხველებმა, ალბათ, იციან, რომ ჯორჯ ბუშის ინიციატივით შეერთებული შტატების ხელისუფლებამ ამას წინათ დამატებითი თანხები გამოყო შიდსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესაქმნელად. ლაპარაკია იმაზეც, რომ ვირუსის ადრეულ სტადიაში გამოვლენის შემთხვევაში, შიდსის დამარცხება შესაძლებელი გახდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველოში, სადაც ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან შედარებით შიდსით დაავადებულთა რიცხვი ყველაზე მცირეა, სულ მალე შიდსი ფატალური დაავადება აღარ იქნება.
XS
SM
MD
LG