Accessibility links

logo-print

"ახალმა მემარჯვენებმა" პროგრამის წარდგენა ყველას დაასწრეს


დავით პაიჭაძე, თბილისი სამშაბათს, 16 სექტემბერს "ახალმა მემარჯვენეებმა" საზოგადოებას თავიანთი სამოქმედო პროგრამა წარუდგინეს. ეს არის პროგრამა, რომლის რეალიზება "მემარჯვენეებს" შესაძლებლად მიაჩნიათ 900 დღეში.

კაცმა რომ თქვას, პროგრამის პრეზენტაცია უფრო კრიტიკული თეზისების ჩამოთვლა იყო. "ახალმა მემარჯვენეებმა" თავიანთ მიზნად ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფოს ჩამოყალიბება და მოსახლეობის დასაქმება გამოაცხადეს, ხოლო პრობლემები ორ რიგად - სისტემურ და მსოფლმხედველობრივ პრობლემებად დაჰყვეს.

კანონიერების, ეროვნული იდეოლოგიის, სახელმწიფო ორგანოებისა და წესიერების, მეწარმეობისა და ეროვნული ბიუჯეტის დისკრედიტაცია "ახალ მემარჯვენეებს" თანამედროვე საქართველოს მსოფლმხედველობრივ პრობლემებად მიაჩნიათ. ინსტიტუციურ მოწყობას, საკანონმდებლო ბაზას, ეკონომიკურ და საკადრო პოლიტიკას, საბიუჯეტო და სოციალურ პოლიტიკას, სამართლებრივ გარემოსა და სირთულეებს აღსრულების სფეროში სისტემური პრობლემების რიგს აკუთვნებენ. ეროვნულ ბიბლიოთეკაში პროგრამის წარდგენა იქცა ჩამოთვლილი პრობლემების შეხსენებად კომენტარებითურთ, რაც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან გაჩეჩილაძემ იკისრა. თვითეულ პრობლემას იგი შემადგენლებად შლიდა და განმარტავდა. აი, მაგალითად, მეწარმეობის დისკრედიტაციის შემადგენლები და კომენტარი:

[გაჩეჩილაძის ხმა] "1. ხელისუფლების მხრიდან მეწარმეობის საწინააღმდეგო პროპაგანდა. ერთ მაგალითს მოგიყვანთ: მე იმ ადამიანის გვარის ხსენება არ მინდა, მაგრამ იყო ერთი ფინანსთა მინისტრი, რომელიც პირდაპირ ურტყამდა ბანკებს - ამ ბანკს დავკეტავ ხვალ, იმ ბანკს დავკეტავ ზეგ… ეს არაფრით არ შეიძლება. ეს არის სრული უცოდინრობა. პირიქით, ხელისუფლების პირველი მოტივი უნდა იყოს ის, რომ თავის მეწარმეებსა და საწარმოებზე გააკეთოს სრული დადებითი აპელირება. 2.საზოგადოებაში საფინანსო-ეკონომიკური კრიზისის კერძო მეწარმეობასთან ასოცირება. თუ ბიუჯეტი არ სრულდება, ე.ი. არგადამხდელების ბრალია. ეს არის საშინელი. თუ ბიუჯეტი არ სრულდება - ეს არის მთავრობის ბრალი და არა არგადამხდელების. 3.სამეწარმეო საქმიანობიდან გადასახადების, როგორც სახელმწიფოს არსებობის გარანტი. ჩვენს ხელისუფლებას ეს ვერ გაუთვითცნობიერებია: დაწყებული კანცელარიიდან, თავის შენობებითა და ხელფასებით, რასაც იღებენ - ესაა ფული, რომელიც შემოდის სამეწარმეო გადასახადებიდან. მათ ეს ფული თავისი ჰგონიათ რატომღაც".

პარტიის თავმჯდომარემ, დავით გამყრელიძემ განმიცხადა, რომ ეროვნულ ბიბლიოთეკაში სამოქმედო პროგრამის მხოლოდ ერთი ეპიზოდი წარმოადგინეს. სრული სახით კი პროგრამა გამოქვეყნებულია და "განახლების, აღმშენებლობისა და დასაქმების 900 დღე" ჰქვია:

[გამყრელიძის ხმა] "ეს ღია დოკუმენტია, ეს არ არის რაღაც დოგმა, მაგრამ ძირითად მსოფლმხედველობრივ პრინციპებს, რა თქმა უნდა, დავიცავთ: თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა, კერძო საკუთრება, თანაბარი პირობები, ნორმალური საინვესტიციო გარემო და, რაც მთავარია, არაკორუმპირებული ბიუროკრატიული სისტემა, რათა ყველას - როგორც მცირე ბიზნესის წარმომადგენელს, ისე უცხოელ თუ ადგილობრივ მსხვილ ბიზნესმენს - შეეძლოს საქმის კეთება თანაბარ პირობებში".

თითქოს აქ მოსატანი არ არის, მაგრამ 900 დღე ყოფილ საბჭოთა ადამიანში ორგვარ ასოციაციას იწვევს: ერთია გრიგორი იავლინსკის პროგრამა "500 დღე" და მეორეა წარწერა ლენინგრადის ბლოკადის ობელისკზე: "900 დღე და 900 ღამე".
XS
SM
MD
LG