Accessibility links

logo-print

ერაყის ომის ღირებულების შესახებ პროგნოზი არ გამართლდა


ამერიკის შეერთებული შტატების მეთაურობით ერაყში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის ხარჯებთან დაკავშირებული თემა კვლავაც აქტუალურია. ვაშინგტონის მიერ სამხედრო ოპერაციის დაწყების წინ

პროგნოზირებული თანხები საკმარისი არ აღმოჩნდა შემდგომი ხარჯების დასაფინასებლად, რის გამოც თეთრი სახლი თანხების გაზრადს მოითხოვს.
რატომ არ გამართლდა თავდაპირველი პროგნოზები?

7 თვის წინ, ერაყში სამხედრო ოპერაციის დაწყების კვირაძალზე, უამრავი შეფასება კეთდებოდა იმასთან დაკავშირებით, თუ რა ეღირებოდა ამაგვარი ომის წარმოება. მაშინ ყველაზე ხშირად ციფრი 60 მილირადი დოლარი სახელდებოდა. მაგრამ აპრილში, ერთთვიანი ომის შემდეგ კონგრესმა 79 მილიარდი დოლარი დაამტკიცა. ახლა კი პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა დამატებით 87 მილიარდი დოლარის გამოყოფა ითხოვა, რათა დაფაროს მოსალოდნელი დანახარჯები ერაყსა და ავღანეთში. თუ ამ თანხას ავღანეთისთვის განკუთვნილი 10 მილიარდს გამოვაკლებთ, ეს ციფრი მაინც ბევრად აღემატება ომის დაწყების წინ გაკეთებულ ყველაზე პესიმისტურ გათვლებს. ამიტომ, როგორც ირკვევა, ამერიკელები საკმაოდ ეწინააღმდეგებიან იდეას, გამოყონ ამდენი თანხა ერაყის რეკონსტრუქციისთვის, მითუფრო მაშინ, როცა ბუშმა გადასახადები შეამცირა, ხოლო ბიუჯეტის დეფიციტმა 500 მილიარდ დოლარს მიაღწია.
"ვაშინგტონ პოსტისა" და ტელეკომპანია "ეი-ბი-სის" მიერ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგად ირკვევა, რომ რესპონდენტთა 61 პროცენტი ბუშის მიერ მოთხოვნილ 87 მილიარდს მხარს არ უჭერს.
როგორც ვაშინგტონის ბრუკინგის ინსტიტუტის ეკონომისტმა ჰენრი აარონმა ჩვენი რადიოს კორესპონდენტ ენდრიუ ტალის უთხრა, იმისდა მიუხედავად, საპატიოა ეს თუ არა, ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციამ ვერ განჭვრიტა მოვლენათა ისეთი განვითარება, რაც ამჟამად შეიქმნა ერაყში.

[ჰენრი აარონის ხმა] "ცხადია, თუ რაც მოხდა: ჩვენ წავაწყდით უფრო მეტ პრობლემას, ვიდრე ველოდით. ჩვენ, ალბათ, უფრო მეტის მოლოდინი უნდა გვქონოდა და მოვმზადებულიყავით მათ გადასაჭრელად, მაგრამ ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა და ამის გამო ახლა წინააღმდეგობებს ვაწყდებით".

ვაშინგტონის ამერიკის უნივესიტეტის ისტორიისა და პოლიტიკის პროფესორი ალენ ლიხტმანი ეთანხმება ამ მოსაზრებას. თუმცა, მისი თქმით, ძალიან საეჭვოა, რომ ვინმეს შეეძლოს შეუმცდარად განჭვრიტოს იმ ომის ღირებულება, რომელიც გრძელდება.
ამასთან ლიხტმანი აღნიშნავს, რომ პრეზიდენტ ბუშის ადმიანისტრაციას უნდა ჰქონდეს უფრო მეტად ჩამოყალიბებული იდეა, თუ რამდენი თნახა შეიძლება დაიხარჯოს ერაყში.

[ალენ ლიხტმანის ხმა] "მე ვფიქრობ, რომ ამ პროცესში ბუშის ადმინისტრაცია ბოლომდე გულწრფელი არ იყო ჩვენთან მიმართებაში. ჩანს, მათ დასაწყისში არ სურდათ ამ ომის გრძელვადიანი გიგანტური ღირებულების განსაზღვრა, რადგან შესაძლოა ეშინოდათ, რომ არ დაეკარგათ საზოგადოების მხარდაჭერა ომის მსვლელობის ყველაზე კრიტიკულ პერიოდში".

მეცნიერის თქმით, შესაძლოა, ეს ინფორმაცია ბუშს შემონახული ჰქონდა, რათა ცუდი ამბავი ჩაკარგულიყო სადამ ჰუსეინის დამხობით გამოწვეული გამარჯვების ბრწყინვალებაში. მაგრამ როგორც ლიხტმანი ამბობს, გამარჯვებამდე ჯერ კიდევ შორსაა. სადამ ჰუსეინის მომხრეები კვლავ განაგრძობენ შეიარაღებულ წინააღმდეგობას. ხოლო ომის ძირითადი ოპერაციების დამთავრების გამოცხადების დღიდან, ერაყში 73 ამერიკელი და 11 ბრიტანელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა დივერსიებისა და თავდასხმების შედეგად.

რაც შეეხება სხვა ქვეყნების მხრიდან დახმარებას ერაყის რეკონსტრუქციის საქმეში, მომავალ თვეში მადრიდში გაიმართება დონორი ქვეყნების კონფერენცია, რომელზეც განცხადდება, თუ რომელი სახელმწიფო რა თანხის გაღებას აპირებს ერაყის რეკონსტრუქციის საქმეში. მაგრამ, როგორც ექსპერტები აცხადებენ, სხვა ქვეყნებს, განსაკუთრებით ევროპის სახელმწიფოებს, რომლებმაც უხვად გაიღეს ფინანსური საშუალებები კოსოვოსა და ავღანეთის აღდგენის პროცესში, თითქმის აღარაფერი აქვთ დასახარჯი. ერთადერთი იმედი ერაყის ნავთობზეა, მაგრამ დანგრეული სანავთობე ინფრასტქტურის აღდგენას კვლავ დამატებითი თანხები ესაჭიროება.
XS
SM
MD
LG