Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ოქროს ნიღაბი" ფერს იცვლის


14 სექტემბერს რუსთავში გაიხსნა თეატრალური ფესტივალი - "ოქროს ნიღაბი". რუსთავის თეატრალური ფორუმი პირველი საერთაშორისო ფესტივალია, რომელიც 1995 წლიდან ტარდება საქართველოში.

თუმცა, წელს რუსთავი უცხოურ თეატრალურ დასებს ვერ უმასპინძლებს. "ოქროს ნიღბის" 17 ნომინაციაზე მხოლოდ ქართველი თეატრალები წარმოადგინეს.

უსახსრობა რუსთავის თეატრალური ფესტივალის მთავარი პრობლემაა. ამავე პრობლემის გადაწყვეტა უხდება "ოქროს ნიღბის" კონკურენტს - მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების ფესტივალს "საჩუქარი". თუმცა, რუსთავის მერიას, რომელიც "ოქროს ნიღბის" ერთ-ერთი დამფუძნებელი ორგანიზაციაა, იმდენი ფული არა აქვს, როგორც, მაგალითად, "გიფტის" ერთ-ერთ სპონსორს, თბილისის მერიას. ამიტომაცაა, რომ მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ფესტივალის მესვეურები, ასე თუ ისე, ახერხებენ უცხოური თეატრალური დასების თბილისში ჩამოყვანას. რუსთავის თეატრალური ფორუმი კი წელს იძულებულია უარი თქვას უცხოელებზე. თუმცა, "გიფტისგან" განსხვავებით, "ოქრის ნიღაბს" უფრო ძლიერი მფარველები ჰყავს - საქართველოს კულტურის სამინისტრო და თეატრის მოღვაწეთა კავშირი. უფრო მეტიც, ორი წლის წინ თუმანიშვილის სახელობის ფესტივალს ბოიკოტი გამოუცხადა რობერტ სტურუამ. ქართველი რეჟისორი აღნიშნავდა, რომ სოციალური სიდუხჭირის ფონზე თეატრალური ფესტივალის გამართვას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს.

მას შემდეგ საქართველოში ბევრი არაფერი შეცვლილა. თუმცა, როგორც გამოირკვა, რობერტ სტურუა არა მარტო მხარს უჭერს "ოქროს ნიღბის" ჩატარებას, არამედ თანახმაა შეასრულოს წლევანდელი ფესტივალის პრეზიდენტის როლიც. რუსთავის ფესტივალის ორგანიზატორები არა მარტო ცნობილი სახელებით ცდილობენ კონკურენცია გაუწიონ "გიფტს".… მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრალური ფორუმისგან განსხვავებით, "ოქროს ნიღაბი" არ არის მხოლოდ და მხოლოდ "თეატრალური დათვალიერება" - რუსთავის ფესტივალი თავისებური "თეატრალური ოსკარია", 17 ნომინაციით, მათ შორის პრიზით მასმედიისთვის, რომელსაც აკრედიტებული პრესა თავად დააწესებს, აგრეთვე მაყურებლის პრიზით (გამარჯვებულს აქ ინტერაქტიული გამოკითხვა განსაზღვრავს), საქართველოს პრეზიდენტის პრემიით. ფესტივალის ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ საპრიზო ფონდი საკმაოდ სოლიდურია. თანაც ფესტივალი, მიუხედავად ფინანსური პრობლემებისა, პომპეზურად ჩატარდება. საკმარისია აღინიშნოს, რომ "ოქროს ნიღბის" დახურვა 5 ოქტომბერს, რუსთავის სტადიონზეა დაგეგმილი, გრან-პრის მფლობელის "ვარსკვლავის" გახსნით და ფულადი პრემიების გადაცემით.

საგულისხმოა, რომ რუსთავის მოსახლეობას ელექტროენერგია თითქმის საერთოდ არ მიეწოდება. სოციალურ პრობლემებს დაემატა პატიმრების გაქცევაც რუსთავის ციხიდან და წინასაარჩევნო დაძაბულობა ქალაქში. თეატრალურმა ფესტივალმა, რომელსაც რუსთავის მერია ატარებს, მოსახლეობის განმუხტვას უნდა შეუწყოს ხელი.. ან "ჩანაცვლებას" - უარყოფითი ემოციებისა დადებითი ემოციებით, რაც ძალიან ჭირდება საქართველოს ხელისუფლებას მოახლოებული არჩევნების წინ.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG