Accessibility links

logo-print

რით უპასუხა ოპოზიციამ საზოგადოების მოთხოვნას გაერთიანების შესახებ


გაერთიანებული დემოკრატების ლიდერი ზურაბ ჟვანია მთელი ზაფხულის განმავლობაში იმეორებდა, რომ ამომრჩევლებთან ყოველი შეხვედრისას რწმუნდებოდა, რამდენად დაბეჯითებით ითხოვს

საზოგადოება ოპოზიციის გაერთიანებას. საზოგადოების ეს მოთხოვნა არ შესრულდა და დღეს უკვე შესაძლებელია შეუთანხმებლობის მთავარი მიზეზის დასახელება.

როდესაც საუბარი ეხებოდა ოპოზიციის საარჩევნო გაერთიანებას, იგულისხმებოდა სამი პოლიტიკური ძალის - "ნაციონალური მოძრაობის", "დემოკრატების" და "ახალი მემარჯვენეების" პარტნიორობა. თავიდანვე ცხადი იყო, რა შეუწყობდა და რა შეუშლიდა ხელს პარტიების გაერთიანებას. ოპოზიციის თითოეული სეგმენტის წინაშე ორი ამოცანა დგას: ხელისუფლების დამარცხება და კარგი სასტარტო პოზიციის შექმნა საპრეზიდენტო არჩევნების წინ. ამ ორი ამოცანის გადაწყვეტა შესაძლებელია ან თანმიმდევრულად, ან ერთდროულად. თუ ოპოზიციის ლიდერები სახელისუფლო ბლოკს სერიოზულ მეტოქედ შეაფასებდნენ, მაშინ ისინი ერთიანი ძალით დაუპირისპირდებოდნენ ხელისუფლებას და ამ ეტაპზე მხოლოდ საპარლამენტო არჩევნების მოგებაზე იზრუნებდნენ. მაგრამ თუ ოპოზიციური ლიდერები ხელისუფლებას საკმაოდ სუსტ და ადვილად დასამარცხებელ ძალად მიიჩნევდნენ, მაშინ ისინი შეეცდებოდნენ, საპარლამენტო არჩევნები არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ, ერთმანეთის წინააღმდეგ ბრძოლის იარაღადაც გამოეყენებინათ.

ასეთი გათვლები პოლიტიკისთვის ნორმალური მოვლენაა. ცუდი ისაა, რომ პოლიტიკოსები საჯაროდ საზოგადოებრივ ინტერესზე საუბრობდნენ, გეგმებს კი პირადი ინტერესებიდან გამომდინარე აწყობდნენ. ეს შემდგომმა მოვლენებმა დაადასტურა.

ოპოზიციის გაერთიანების იდეა პირველად "ახლებმა" უარყვეს. მათ გვერდით ბადრი პატარკაციშვილი ეგულებოდათ და მისი რესურსის სხვებზე გადანაწილება არ ისურვეს. ოფიციალურ მიზეზად საკუთარი სახის შენარჩუნების აუცილებლობა დასახელდა. ჟვანია და სააკაშვილი, იმ პერიოდისათვის, გაერთიანების მომხრედ რჩებოდნენ. მომდევნო დღეებში საარჩევნო კამპანია დაიწყო "ნაციონალურმა მოძრაობამ". მიხეილ სააკაშვილს, როგორც ჩანს, თავიდანვე საკმაოდ მაღალი წარმოდგენა შეექმნა საკუთარ საარჩევნო რესურსზე და მალე მანაც გაერთიანების გამომრიცხავი განცხადებების გაკეთება დაიწყო. ერთადერთი, ვინც ოპოზიციის გაერთიანებას ბოლო პერიოდამდე საზოგადოების მთავარ მოთხოვნად სახავდა, ჟვანია იყო. მაგრამ მალე აღმოჩნდა, რომ ნინო ბურჯანაძის რეიტინგი თვალსა და ხელს შუა გაიზარდა და ამ მეტ-ნაკლებად გაუთვალისწინებელმა რესურსმა ზურაბ ჟვანიას სხვა ლიდერებთან შედარებით თანაბარი ან უპირატესი პოზიციაც კი შეუქმნა. შემდგომი მოვლენები სწრაფად განვითარდა: ერთი მხრივ, "ახლებმა" პატარკაციშვილის მხარდაჭერა დაკარგეს, მეორე მხრივ, სოციოლოგებმა სააკაშვილის რეიტინგის კლება დაადასტურეს, სახელისუფლო ბლოკი კი გაძლიერდა. ამ მოვლენების ჯამმა კიდევ ერთხელ დააყენა დღის წესრიგში ოპოზიციის გაერთიანების იდეა. როგორც მოსალოდნელი იყო, ამჯერად, გაერთიანების ინიციატივით შედარებით დასუსტებული "ახლები" გამოვიდნენ. მათ გაიხსენეს, რომ საზოგადოება ოპოზიციისგან შეთანხმებულ მოქმედებას ითხოვს. და დადგა ზურაბ ჟვანიას გამოცდის ჟამი. ადრე, როდესაც იგი გაერთიანების იდეის ერთადერთ დამცველად რჩებოდა, კულუარებში მის სუსტ პოზიციებზე საუბრობდნენ. შემდეგ კი - როცა გაერთიანების იდეა დაბრუნდა - ჟვანია მეტოქეებთან თანაბარ ან უპირატეს პოზიციაში აღმოჩნდა. რას აირჩევდა იგი: საზოგადოებრივ ინტერესს, თუ პირად პოლიტიკურ ამოცანებს? ორდღიანმა მოლაპარაკებებმა დაადასტურა, რომ ქართულ პოლიტიკაში პირადი ინტერესი ყველას და ყველაფერს აღემატება. გაერთიანება არ შედგა, ხოლო ოპოზიციის ერთ-ერთმა ყველაზე გულწრფელმა ლიდერმა - ლევან გაჩეჩილაძემ - ვერ დამალა აგრესია ზურაბ ჟვანიას მიმართ.

ბოლო თვეებში განვითარებულმა მოვლენებმა დაადასტურა, რომ ოპოზიციის ლიდერები ერთი და იმავე სქემით მოქმედებდნენ: მხარს უჭერდნენ გაერთიანებას, როდესაც საკუთარი თავი ოპონენტებზე სუსტად მიაჩნდათ და უარს ამბობდნენ გაერთიანებაზე, როგორც კი საკუთარ უპირატესობას იგრძნობდნენ. ეს გზა პირველმა დავით გამყრელიძემ გაიარა, შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა და, ბოლოს, ზურაბ ჟვანიამ. თითოეული მათგანი საუბრობდა საზოგადოებრივ ინტერესზე, თუმცა, მოქმედებდა მხოლოდ პირადი ინტერესის საფუძველზე. გაერთიანება არ შედგა, რადგან ოპოზიციური ლიდერები დღეს ერთმანეთს გაცილებით სერიოზულ მეტოქეებად აღიქვამენ, ვიდრე სახელისუფლო ბლოკის პირველ ათეულს ერთიანად.
XS
SM
MD
LG