Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ მეორედ ადანაშაულებს სირიას არასწორი საქციელის გამო


ამერიკის შეერთებული შტატები სირიას ერაყში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის ხელის შეშლაში ამ წელს უკვე მეორედ ადანაშაულებს. და მეორედაც - ამერიკის საგარეო პოლიტიკის ერთი ვეტერანი ანალიტიკოსისა არ იყოს,

- დადანაშაულება არ მოასწავებს მტრულ განზრახვას აშშ-ის მხრიდან, არამედ ეს არის, უბრალოდ, საშუალება შეინარჩუნოს ზეწოლა დამასკოზე. ქვემოთ ჩვენ ამ ზეწოლის მიზნების შესახებ გესაუბრებით..

მაშ, ასე, რას ნიშნავს სირიის მხრიდან "მტრული გამოხდომები" ერაყში ამერიკის მეთაურობით მიმდინარე სამხედრო ოპერაციის წინააღმდეგ, რაც ხელმეორედ დადგა ამერიკის საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგში? აი, როგორ განმარტა მტრულ ქმედებათა არსი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ჯონ ბოლტონმა სამშაბთს, სენატის საგარეო კომიტეტის წევრებთან შეხვედრაზე:

[ჯონ ბოლტონის ხმა] "ჩვენ ვხედავთ, რომ სირია ახორციელებს მტრულ ქმედებათა სერიას ერაყში მყოფი კოალიციური ძალების წინააღმდეგ. სირია ნებართავს აძლევდა გადაეგზავნათ დიდი რაოდენობით იარაღი ერაყში ომის კვირაძალზე და მისი მსვლელობის განმავლობაში. ომის დროს და ახლაც სირიიდან ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე გადადიან მოხალისეები ერაყში, თავს ესხმიან და კლავენ ჩვენს სამხედრო მოსამსახურეებს".

ვაშინგტონი აგრეთვე შეშფოთებულია სირიის სამზადისით განავითაროს ბირთვული იარაღი. ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თქმით, სირია ცდილობს შეისყიდოს ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიები, რომელიც როგორც სამშვიდობო, ისე სამხედრო მიზნებისთვის გამოიყენება. ბოლტონმა დამატებით აცნობა კონგრესის კომიტეტის წევრებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ გამორიცხავს, რომ არსებობდეს საგარეო დახმარება, განსაკუთრებით რუსეთის მხრიდან, რაც სიარიას ბირთვული იარაღის შექმნის შესაძლებლობას აძლევს.

[ჯონ ბოლტონის ხმა] "სირიამ და რუსეთმა დაამტკიცეს თანამშრომლობის პროგრამის პროექტი ატომური ენერგიის სფეროში. რუსი ექსპერტების ფართო დაშვება კი შესაძლებლობას მისცემს სირიას განავითაროს საკუთარი გამოცდილება, თუკი ბირთვული იარაღის შექმნას გადაწყვეტს".

ამას გარდა სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა ორშაბათს განაცხადა, რომ სირია არ თანამშრომლობს აშშ-სთან და უგულებელყოფს მოთხოვნებს, შეწყვიტოს ტერორისტულ ორგანიზაცია "ჰეზბოლას" მხარდაჭერა.

აღსანიშნავია, რომ როდესაც ამერიკის ოფიციალურ პირთა ამგვარი ბრალდებები ომის დაწყების წინ გამოითქმებოდა, დამასკო გადაჭრით უარყოფდა მათ და გამოთქვამდა შეშფოთებას, თითქოს პრეზიდენტ ჯორჯ ბუშს სურდა ომის გადატანა სირიის ტერიტორიაზე.

მაგრამ როგორც პენტაგონისა და სახელმწიფო დეპარტამენტის უსაფრთხოების ყოფილმა ანალიტიკოსმა ენტონი კორდესმენმა რადიო "თავისუფლებას" განუცხადა, რამდენად სერიოზულიც არ უნდა იყოს ამერიკის ოფიციალური პირების განცხადებები, არ არასებობს სერიოზული საფუძველი შეშფოტებისთვის, თითქოს ომი სირიის ტერიტორიაზეც გავცელდება. მისი თქმით, მოსმენები სენატში, სადაც სახელმწიფო მდივნის მოადგილემ სირიის ქმედებები შეაფასა, ნახევარი წლის წინ იგეგმებოდა, მაგრამ მაშინ ეს ღონისძიება გადაიდო, რადგან ჩაითვალა, რომ იმ ფონზე, როდესაც ამერიკა ჩართული იყო ერაყის ომში, ასეთი კომენტარები პროვოკაციად იქნებოდა შეფასებული.
ვეტერანი ანალიტიკოსის თქმით, სირიისთვის ძველი დანაშაულების ხელმეორედ შეხსენება დამასკოზე ზეწოლისკენაა მიმართული.

[ენტონი კორდესმენის ხმა] " ბოროტი და მტრული განზრახვის" გამოცნობა მაშინ შეიძლება, როდესაც ვიღაცა დროშას ააფრიალებს და იტყვის - " მე მტრული და ბოროტი განზრახვა" მაქვსო. სირიის მისამართით გაკეთებული ასეთი მკაცრი განცხადების მიუხედავად, მე არ მაქვს არავითარი საფუძველი ვიფიქრო, რომ აქ ჩვეულებრივ პოლიტიკურ ზეწოლაზე უფრო სერიოზულ ქმედებასთან გვქონდეს საქმე, ზეწოლაზე, რაც აიძულებს სირიას გაითვალისწინოს ამერიკის ინტერესები".

კორდესმენის თქმით, ვაშინგტონის მიზანი იმაში მდგომარეობს, რათა სირიამ შეწყვიტოს იმ რელიგიური და პოლიტიკური ჯგუფების მხარდაჭერა, რომლებიც ერაყში მტრულ ქმედებებს ახორციელებენ აშშ-ს წინნაღმდეგ, დაიცვას ბირთვული იარაღის აკრძალვის წესები და შეწყვიტოს ტერორისტული დაჯგუფებების "ჰესბოლასა" და "ჰამასის"მხარდაჭერა.

წამყვანი: თუმცა, როგორც პენტაგონისა და სახელმწიფო დეპარტამენტის უსაფრთხოების ყოფილი ანალიტიკოსი ენტონი კორდესმენი შენიშნავს, ამგვარ ზეწოლას შესაძლოა პოზიტიური ეფექტიც ჰქონდეს თავად სირიისთვის, რომელიც ამერიკის ინტერესების გათვალისწინების შემთხვევაში მიიღებს ინვესტიციებს ეკონომიკური რეფორმებისთვის. დაბოლოს აშშ-ს არც ის გაუჭირდება, რომ აღიაროს სირიის ლეგიტიმური ინტერესები ერაყში და პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის დარეგულირების პროცესში, თუკი დამასკოს საამისო სურვილი გაუჩნდება.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG