Accessibility links

ლეიბორისტული-შრომის პარტიის ძველი და ახალი სახეები - შალვა ნათელაშვილმა საქართველოს პარლამენტში თბილისის რაიონების მაჟორიტარი კანდიდატები დაასახელა


საარჩევნო კოდექსისი თანახმად, 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მსურველმა საარჩევნო სუბიექტებმა 150-კაციანი საარჩევნო სია ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 20 სექტემბრამდე უნდა წარადგინონ.

იმავე კოდექსის თანახმად, პარტიათა მაჟორიტარი კანდიდატები ავტომატურად ხვდებიან პროპორციულ საარჩევნო სიებშიც. ლეიბორისტული შრომის პარტია მაჟორიტარი კანდიდატების დასახელებას საქართველოს 75-ვე საარჩევნო ოლქში აპირებს, პარლამენტში კი 120 დეპუტატიანი უმრავლეოსობით მისვლას გეგმავს. შესაბამისად, შალვა ნათელაშვილი დარწმუნებულია, რომ მისი პარტია მაჟორიტარულ არჩევნებს თბილისის ათსავე რაიონში მოიგებს. ლეიბორისტებმა 17 სექტემბერს დედაქალაქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების პრეზენტაცია მოაწყვეს.

ლეიბორისტული შრომის პარტიის მაჟორიტარ კანდიდატებს შალვა ნათელაშვილმა სამოქმედო დევიზი ექსპორმტად ასე ჩამოუყალიბა: "არ იპარო, არ ავნო, არ შეჭამო, არ გასკდე". ხელისუფლების კრიტიკის ნათელაშვილისეული პათოსით ამ აკრძალვების ჩამოთვლა უსასრულოდ შეიძლებოდა, მაგრამ ლოგიკური წერტილი ხალხოსანმა ლიდერმა აქ დასვა. შესაბამისად დააკონკრეტა, რომ ლეიბორისტული პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს ბრძოლა შევარდნაძის მაჟორიტარ კანდიდატთა იმ კორპუსთან მოუწევთ, რომლებმაც წლების განმავლობაში ქვეყნის ძარცვით, ყვლეფით, კრედიტებისა და გრანტების ჭამით დიდძალი ცოდვიანი ფული დააგროვეს.

ლეიბორისტული პარტიის მაჟორიტართა თბილისურ ათეულში, შალვა ნათელაშვილის შეფასებით, პატიოსნებით, კეთილშობილებით, პროფესიონალიზმით გამორჩეული ადამიანები მოხვდნენ. მათ პარლამენტის დეპუტატის მანდატისათვის ბრძოლა არანაკლებ გამორჩეულ სხვა კანდიდატებთან მოუწევთ, მაგრამ ლეიბორისტთა ლიდერი ჩვეული დამაჯერებლობით გვარწმუნებს, რომ მისი პარტიის კანდიდატები უალტერნატივოები არიან. მათ თავად შალვა ნათელაშვილი წარმოგიდგენთ.

[შალვა ნათელაშვილის ხმა] "ყველა კანდიდატის იმედი მაქვს, ყველა კანდიდატის იმედი მაქვს. უპირობოდ გაიმარჯვებს რეზო ჩხიკვიშვილიც, გოდერძი ჩოხელიც, ჯონდი ბაღათურიაც, გიორგი გუგავაც, ედიშერ კვესიტაძეც, სოსო შატბერაშვილიც, ვალერი ბაქრაძეც, ლეილა ჩქარეულიც, პაატა ჯიბლაძეც, ყველა გაიმარჯვებს უპრობლემოდ და ჯემალ მარგველიძეც".

დღეისათვის შექმნილი წინასწარი სურათით, ლეიბორისტთა კანდიდატების გამარჯვება არც ისე ადვილი იქნება, როგორც ამას შალვა ნათელაშვილი ხატავს. იმის მიუხედავადაც კი, რომ ამომრჩეველთა უკანასკნელი სოციოლოგიური გამოკითხვების მიხედვით, ლეიბორისტული პარტია ჯერჯერობით მყარად ინარჩუნებს ადგილს პირველ სამეულში. მართალია, თავად ლეიბორისტთა ლიდერი პარტიას, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, რეიტინგის კულმინაციაზე მოიაზრებს, მაგრამ მაჟორიტარებს არჩევნების მოგება თბილისში უდავოდ გაუჭირდებათ, განსაკუთრებით გლდანში, სადაც ელენე თევდორაძეს, კობა დავითაშვილს, გურამ შარაძესა და თემურ გოცირიძეს ლეიბორისტები გიორგი გუგავას უპირისპირებენ - გუგავა ამჟამად თბილისის საკრებულოს ფრაქცია ლეიბორისტის თავმჯდომარეა.
ლეიბორისტებისთვის არანაკლებ რთული იქნება არჩევნები ვაკეში, სადაც მათი სახელით კენჭს ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი ედიშერ კვესიტაძე იყრის.
ლეიბორისტთა გათვლებით, ხმების მაქსიმუმს მოაგროვებენ მწერალი გოდერძი ჩოხელი ნაძალადევში და მსახიობი რეზო ჩხიკვიშვილი მთაწმინდაზე. სხვათა შორის, სპექტაკლების გამო, როგორც ჩანს, თავად ჩხიკვიშვილი არჩევნებს გერმანიიდან გაადევნებს თვალყურს. ასევე უშეღავათო ბრძოლაა მოსალოდნელი საბურთალოზე, სადაც ლეიბორისტულ პარტიას პარტიულ ტურისტად ცნობილი ჯონდი ბაღათურია წარმოადგენს.

[ჯონდი ბაღათურიას ხმა] "მე ვარ თავად საბურთალოელი და მყავს ძალიან დიდი საძმაკაცო და სამეგებრო და პრაქტიკულად შემიძლია გითხრათ, რომ მე-12 კილომეტრიდან, დიდი დიღმიდან დაწყებული, გმირთა მოედნით დამთავრებული, მგონი, არ არსებობს ოჯახი, ვინც მე არა მარტო როგორც პოლიტიკურ მოღვაწეს, არამედ როგორც უბრალოდ, იმ ჯონდი ბაღათურიას არ მიცნობდეს, რომელიც ბუკიას ბაღში გაიზარდა და დოლიძის ბაღში ".

ლეიბორისტთა მაჟორიტარი კანდიდატების უმრავლესობა საარჩევნო ოლქებში საკუთარი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით დასახელდა. თუმცა, ჯონდი ბაღათურიას მოსაზრებისგან განსხვავებით, შალვა ნათელაშვილის აზრით, გამარჯვებისთვის ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ენიჭება.
XS
SM
MD
LG