Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავრობა საკონსტიტუციო ვადების დარღვევის საფრთხის წინაშეა


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი ფინანსთა სამინისტრო მორიგ ცაიტნოტში მოექცა. მთავრობას ჯერ 2003 წლის ბიუჯეტის სეკვესტრი არ აქვს დამტკიცებული და უკვე მომავალი წლის პროექტთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ვადების დარღვევის საშიშროების წინაშე დგას.



კონსტიტუციის თანახმად, მთავრობამ მის მიერ განხილური სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი 1 ოქტომბრამდე საკანონმდებლო ხელისუფლებას უნდა წარუდგინოს განსახილველად. უხერხულობას ქმნის ის ფაქტი, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებას 2004 წლის მთავარი ეკონომიკური კანონის პროექტი, რომელიც 15 სექტემბრისათვის უნდა განეხილათ, ჯერჯერობით თვალით არ უნახავს და შესაბამისად, მისი განხილვა და დამტკიცებაც ფორსირებულად მოუწევს. ახალი პროექტი პრეზიდენტს მხოლოდ 17 სექტემბერს წარედგინა. მდგომარეობას ართულებს ისიც, რომ 28 სექტემბრამდე ფინანსთა მინისტრი მირიან გოგიაშვილი დუბაიში დაგეგმილ სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას, შესაბამისად, საფინანსო უწყების ხელმძღვანელს კანონპროექტის მთავრობაში დასამტკიცებლად მეტისმეტად მცირე დრო რჩება.

ფინანსთა სამინისტროში ვარაუდობენ, რომ მათი უწყება მაინც შეძლებს საკონსტიტუციო ჩარჩოებში ჩატევას. თუმცა, თუ საქართველოში ბოლო პერიოდში დაგეგმილი და შემდგომ დამტკიცებული ბიუჯეტების ხვედრს გავითვალისწინებთ, ადვილი შესაძლებელია, ნაუცბათევად "მოხლაფორთებულ" პროექტს თავისი წინამორბედების ბედი ეწიოს, ანუ იგი ისევ არარეალურ პარამეტრებზე დაიგეგმოს.

მანამდე ფინანსთა სამინისტრომ მოახერხა და საკონსტიტუციო ვადებში ჩაეტია, როდესაც ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრები პარლამენტს ზაფხულში წარუდგინა. ამ პარამეტრების მიხედვით, ბიუჯეტი 2004-ის საშემოსავლო ნაწილი მილიარდ 241 მილიონ 900 ათასი ლარის დონეზე დაიგეგმა, რაც წლევანდელ ბიუჯეტს მხოლოდ 2 მილიონ 700 ათასი ლარით აღემატება. წლევანდელთან შედარებით ხარჯების ნაწილში 13 მილიონით მატებაა გათვალისწინებული. საგულისხმოა, რომ წინასწარი პარამეტრების მიხედვით, წლევანდელთან შედარებით შემცირებულია კულტურის, თავდაცვის, პოლიციის, გარემოს დაცვის და ენერგეტიკის დაფინანსება. 20 მილიონით არის შემცირებული სახელფასო ფონდი, კაპიტალური ხარჯებისათვის კი მხოლოდ 8 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

თუმცა, ეს პარამეტრები შემდგომში შეიცვალა. "საკონსტიტუციო ცაიტნოტის" ძირითად მიზეზად კი დაუბალანსებელი ბიუჯეტი სახელდება. ანუ საფინანსო უწყება საგონებელშია ჩავარდნილი და დღემდე არ იცის, რით დააბალანსოს დაახლოებით 150 მილიონიანი გარღვევა ხარჯვით ნაწილში. თუ ისედაც შემცირებულ პარამეტრებს გავითვალისწინებთ, დამატებით ხარჯების ამ ოდენობით მოკვეცა მაინცდამაინც გულს არ უნდა მოეფონოთ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომელთა შორის განსაკუთრებულ უკმაყოფილებას, სრულიად სამართლიანად, ტრადიციულად, ძალოვანი უწყებები გამოთქვამენ ხოლმე.
XS
SM
MD
LG