Accessibility links

logo-print

დეპუტატების უზრუნველ სიბერეს საფრთხე ემუქრება


პარლამენტის საპროცედურო კომეტიტეტმა მოამზადა კანონპროექტი, რომლის დამტკიცების შემთხვევაში ხალხის რჩეულთა ნაწილი, შესაძლოა, ეგრეთ წოდებული "დეპუტატის პენსიის" გარეშე დარჩეს.

საფრთხე პარლამენტის იმ წევრთა სიბერეს ემუქრება, რომლებიც ოთხი წლის განმავლობაში სხდომებს რეგულარულად აცდენდნენ. კანონპროექტის თანახმად, უპენსიოდ რჩებიან ის დეპუტატები, რომლებსაც არასაპატიო გაცდენათა მაჩვენებელი 30 პროცენტი და უფრო მაღალი აქვთ. იმის გათვალისწინებით, რომ კარს არჩევნებია მომდგარი და დეპუტატებს სხდომებზე სასიარულოდ არ სცალიათ, კანონპროექტს ამ მოწვევის პარლამენტის ხელში კანონად ქცევის ნაკლები შანსი აქვს. ვის ემუქრება უპენსიოდ დარჩენა, რამდენია ე.წ. "დეპუტატის პენსია" და რას ფიქრობს ყოველივე ამის შესახებ საზოგადოება?

ბოლო მოწვევის პარლამენტს ეყო როგორც ხმათა რაოდენობა, ასევე გამბედაობა და დეპუტატის პენსია ხელფასს გაუთანაბრა. ასე რომ, ყველა მოწვევის პარლამენტის, მათ შორის 1990 წელს არჩეული უზენაესი საბჭოს იმ დეპუტატებს, რომლებსაც შრომის 25 წლიანი სტაჟი აქვთ, არც მეტი არც ნაკლები, 450 ლარიანი პენსია დაენიშნათ.

კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, სწორედ ამ თანხას დაკარგავენ ის დეპუტატები, რომლებსაც გაცდენათა 30 პროცენტიანი მაჩვენებელი ექნებათ.

გამცდენთა შორის, როგორც ეს პარლამენტის საპროცედურო კომიტეტმა დაიანაგარიშა, შემდეგი დეპუტატები ლიდერობენ: ასლან სმირბა, ზაზა შერაზადაშვილი, კახა ჩიტაია, ვაჟა ლორთქიფანიძე, ივანე მერაბიშვილი და სხვები. იმ დეპუტატთა რაოდენობა, რომლებსაც სამსახური არასაპატიო მიზეზით ერთხელაც არ გაუცდენიათ, შვიდს არ აღემატება. მათ შორის არის პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე და დეპუტატი გიორგი ყარყარაშვილი.

ცხადია, არავინ დავობს, რომ გამცდენი დეპუტატები უნდა დაისაჯონ, მაგრამ საკითხავია, რამდენად სამართლიანია ის, რომ დეპუტატის პენსია რიგითი მოქალაქისას 30-ჯერ აღემატება. ამ ფაქტს, ჩემთან საუბარში ერთიანი საპენსიო ფონდის ხელმძღვანელი ირაკლი კოპლატაძეც აპროტესტებს.
[ირაკლი კოპლატაძის ხმა] "ასოლუტური უსამართლობაა, როდსეაც პარლამენტის წევრს აქვს 450 ლარი პენსია და იქნება კაცი აკადემიკოსი, ომის ვეტერანი, შრომის ვეტერანი თუ ასე შემდეგ, აქვს 14 ლარი პენსია" (სტილი დაცულია).

განსხვავებული აზრი გააჩნია თამაზ დიასამიძეს, ყოფლი უზენაესი საბჭოსა და 92-95 წლების პარლამენტის დეპუტატს. ჩემი რესპოდენტი "დეპუტატის პენსიას" 25 წლიანი შრომითი სტაჟის უკმარისობის გამო ვერ იღებს, თუმცა ამის მიუხედავად ამბობს:

[თამაზ დიასამიძის ხმა] "რაღაცა გასამრჯელო ხალხმა, ვინც ხელისუფლებაში იყო, უნდა მიიღოს - ეს ჩვენი გამოგონილი არ არის და ყველგანაა. უბალოდ, ვინაიდან ღარიბი ქვეყანა არის და ასეთი პარადოქსული პენსია არის, ცხადია, ამის ფონზე ეს ნამეტან დიდ ფუფუნებად ჩანს" (სტილი დაცულია).

საინტერესოა, რას ფიქრობენ თავად ხანდაზმული თბილისელები დეპუტატთა საპენსიო უზრუნველყოფაზე.

[მამაკაცის ხმა] "500 კი არა 1000-იც უნდა ჰქონდეს, თუკი წესიერად ემსახურება ხალხს, მაგრამ ჩვენი დეპუტატები რომ არიან… ერთმანეთის ქილიკაობაში რომ ატარებენ თავის წუთისოფელს, მაგენი არაფრის ღირსნი არ არიან" (სტილი დაცულია).

[მამაკაცის ხმა] "კანონი არ კანონობს შვილო, ყველაფერი შრომის დანაწილების მიხედვით არ ხდება"(სტილი დაცულია).
[ავტორის ხმა] "თქვენი არჩევანი რომ იყოს, რამდენს დაუნიშნავდით დეპუტატს პენსიას?"

[მანდილოსნის ხმა] "თუ ნორმალური იქნებოდა და ნორმალური მთავრობა გვეყოლებოდა, კი, ღმერთმა შეარგოთ ის 500 ლარი, მაგრამ, აი, ამათ 100 ლარი კი არა, 100 კაპიკსაც არ დავუნიშნავდი" (სტილი დაცულია).

მაგრამ სამწუხაროდ, როცა საქმე პირად კეთილდღეობას ეხება, ქართველი დეპუტატები ხალხის აზრს ნაკლებად იზიარებენ, რიგით მოქალაქეებს თავი იმით შეუძლიათ დაიმშვიდონ, რომ პენსიას, მათ მსგავსად, ყოფილ დეპუტატებსაც თვეობით უგვიანებენ.

[ირაკლი კოპლატაძის ხმა] "დაგვიანებები არის დეპუტატების პენსიებზე, ისევე, როგორც ყველა სხვა პენსიებზე".

[ავტორის ხმა] "რამდენი თვეა ჩამორჩენა?"

[ირაკლი კოპლატაძის ხმა] "ეს ჩამორჩენა, რადგან თქვენ ამ საკითხზე რეკავთ, ალბათ, ეს ინფორმაცია თქვენ ისედაც გექნებათ, ჩამორჩენა არის 4 თვე".
XS
SM
MD
LG