Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ არის საქართველოს ხელისუფლება სუსტი


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 18 სექტემბერს, დღის მეორე ნახევარში საქართველოს პრეზიდენტი იალტაში გაემგზავრა დსთ-ს წევრი სახელმწიფოების ხელმძღვანელთა შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად. წინასწარი ცნობებით,

იალტის სამიტზე პრეზიდენტი შევარდნაძე დააყენებს სოჭში რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას აფხაზეთის კონფლიქტთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმების შესრულების საკითხს - საქმე ეხება გალის რაიონში დევნილების დაბრუნების პარალელურად აფხაზეთში სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენას. თუმცა, მთლიანობაში, რაიმე ოპტიმისტური მოლოდინი იალტის სამიტთან დაკავშირებით საქართველოში არ იგრძნობა.

იალტის სამიტი 19 სექტემბერს დაიწყებს მუშაობას. წინასწარი ცნობებით, იალტის სამიტის ძირითად შედეგად უნდა იქცეს რუსეთის, ბელორუსიის, უკრაინისა და ყაზახეთის მიერ ერთიანი ეკონომიკური სივრცის შექმნის შესახებ გადაწყვეტილების მიღება. გარდა ამისა, სამიტის დღის წესრიგში შეტანილია ანტიტერორისტული თანამშრომლობა. კრემლის წყაროების ცნობით, დაგეგმილია შეთანხმების მიღწევა დსთ-ს სახელმწიფოებში გადასატანი საზენიტო კომპლექსების - "იგლასა" და "სტრელას" გაყიდვების თაობაზე.
18 სექტემბერს დსთ-ს სამიტის მონაწილე პრეზიდენტების ორმხრივი შეხვედრებია დაგეგმილი. ჯერჯერობით ცნობილი არ არის, შეხვდება თუ არა პრეზიდენტი შევარდნაძე პირისპირ რუსეთის პრეზიდენტს. ერთი კი თვალშისაცემია - თბილისში რაიმე განსაკუთრებულ შედეგებს იალტის სამიტისგან არ ელიან.
არადა, არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ მოახლოებული არჩევნების ფონზე აფხაზეთის კონსლიქტის მოგვარების საკითხი ერთ-ერთ წამყვან თემად იქცევა. ხელისუფლება მაქსიმალურად დაინტერესებულია, არჩევნებამდე ამ მიმართულებით რაიმე პოზიტიური მოვლენების განვითარებით, თუნდაც გალის რაიონში დევნილების მასობრივი დაბრუნების პროცესის დაწყებით. თუმცა, საეჭვოა, ამ მიმართულებით რაიმე გარდატეხა უახლოეს ხანში მოხდეს.
საერთოდ, ოპოზიციის კრიტიკული პათოსის მიუხედავად - პრეზიდენტ შევარდნაძეს ხან ჩაუშესკუს და ხან მილოშევს ადარებენ, - უნდა ითქვას, რომ ხელისუფლება წინასაარჩევნოდ საკმაოდ უსუსურად და დაბნეულად გამოიყურება. წინასაარჩევნოდაც კი აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ვერ შესძლო მოსახლეობისთვის პენსიებისა და ხელფასების დარიგების გარანტიის შექმნა. მეტიც - წინასწარი ვარაუდებით, 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი სოციალური დაცვის თვალსაზრისით უმძიმესი იქნება.
არანაკლებ გაუგებარია პარლამენტში განვითარებული მოვლენებიც: წესით და რიგით 18 სექტემბერს პარლამენტის საშემოდგომო სესია უნდა გახსნილიყო. პარლამენტში გამოცხადებულ 10-იოდე პარლამენტარს სხდომის დარბაზი დაკეტილი დახვდა. პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გიგი წერეთლის განმარტებით, წინასაარჩევნო კამპანია და უამინდობა პარლამენტარებს სამსახურში გამოცხადებაში ხელს უშლის. არადა, როგორც მანამდე ითქვა, პარლამენტს რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება აქვს მისაღები, რომელთა ახალი პარლამენტისთვის "გადალოცვამ" შესაძლოა საზოგადეობაში მღელვარება გამოიწვიოს - პირველ რიგში, იგულისხმება ე.წ. "ატსტუპნიკების" პრობლემა - თუ პარლამენტმა შესაბამისი გადაწყვეტილება არ მიიღო, ათეულ ათასობით ადამიანს სასამართლოს წესით ბინიდან გამოსახლების საშიშროება ელის.
XS
SM
MD
LG