Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსული ენის სტატუსი აზერბაიჯანში


რუსეთის ხელისუფლების თანახმად, მას შემდეგ, რაც ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები სლავური მოსახლეობის დიდმა ნაწილმა დატოვა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ,

უკანასკნელ ხანებში დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ტერიტორიაზე რუსული ენის აღორძინება შეინიშნება. რუსული სახელმწიფო ენაა ბელორუსიასა და ყირგიზეთში, ყაზახეთში კი იგი ოფიციალური ენის სტატუსით სარგებლობს. მაგრამ რუსული უმეტეს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში, მათ შორის, საქართველოში, უკვე უცხო ენად ითვლება და უნივერსიტეტებშიც ისწავლება, როგორც ასეთი.

სხვადასხვა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში მცხოვრები რუსულენოვანი მოსახლეობა დიდი ხანია თავს დისკრიმინირებულად მიიჩნევს და მოითხოვს რუსულის გათანაბრებას ადგილობრივ ენებთან.

სამი თვის წინათ, 10 ივნისს, რუსეთის სახელმწიფო დუმაში დებატები გაიმართა კანონის შესახებ, რომელსაც შესაძლებელი უნდა გაეხადა 15-დან 12 ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში რუსულისთვის ოფიციალური ენის სტატუსის მინიჭება. ამის წინაპირობა იქნებოდა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის საპარლამენტო ასამბლეის მხრიდან მხარდაჭერა.

კანონის მიღების შემთხვევაში თანამეგობრობის წევრი ქვეყნების მცხოვრებლებს შეეძლებოდათ ოფიციალურ დოკუმენტებში ან საკუთარი ენის, ან რუსულის გამოყენება.

დუმაში ამ საკითხის განხილვას მოჰყვა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ მემარჯვენე რადიკალური ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის წევრის, ელეონორა მიტროფანოვას დანიშვნა. მისი უშუალო ყურადღების ცენტრშია რუსეთის საზღვრებს გარეთ მცხოვრები რუსების პრობლემები. 8 აგვისტოს მიტროფანოვამ გაზეთ "მოსკოვსკი კომსომოლეცს" უთხრა, რომ იგი იზრუნებს, რათა რუსული ოფიციალური ენა გახდეს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ყველა წევრ ქვეყანაში.

ერთ-ერთი ასეთი ქვეყანა, რომელშიც რუსულის სტატუსის გარშემო დავა მიმდინარეობს, არის აზერბაიჯანი, სადაც კვლავაც ძლიერია რუსულენოვანი ტრადიცია.

აზერბაიჯანის ხელისუფლება აცხადებს, რომ რუსული ენის არავითარ დისკრიმინაციას ადგილი არა აქვს. მაგრამ, ამავე დროს, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა ვილაიათ ყულიევმა თქვა გასულ თვეში, რუსულისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის მინიჭებაზე ლაპარაკიც ზედმეტია.

2001 წლის აგვისტოში აზერბაიჯანმა ხელახლა შემოიღო ლათინური დამწერლობა და უარი თქვა რუსულ ასოებზე. ამ გადაწყვეტილების მიზანი იყო ხაზი გაესვა ბაქოსა და მოსკოვს შორის გაუარესებული ურთიერთობებისთვის და აზერბაიჯანის სწრაფვისთვის, დაუახლოვდეს დასავლეთს, განსაკუთრებით თურქეთს, რომელიც ასევე ლათინურ დამწერლობას ხმარობს. მაგრამ ამ ნაბიჯმა აზრთა დიდი სხვადასხვაობა და დაპირისპირებები გამოიწვია ქვეყნის შიგნით, რადგან რუსულ დამწერლობას მიჩვეული უფროსი თაობისთვის რთული აღმოჩნდა ახალ დამწერლობასთან შეგუება.

არ არსებობს ოფიციალური სტატისტიკა იმის თაობაზე, თუ აზერბაიჯანის მოსახლეობის რა ნაწილი ლაპარაკობს რუსულად. მაგრამ ექსპერტების აზრით, დაახლოებით 50-დან 70 პროცენტამდე ფლობს რუსულს. თუმცა ყოველდღიურ ცხოვრებაში ყველა არ გამოიყენებს მას.

აზერბაიჯანში რუსულის ამ ზომით შენარჩუნებას სხვადასხვა ფაქტორი უწყობს ხელს. მათ შორის უმთავრესია რუსულენოვანი სკოლები, რუსეთის ტელეარხების რეტრანსლიაცია, რუსულენოვანი ჟურნალ-გაზეთები. არის კიდევ ერთი, მეტად მნიშვნელოვანი გარემოება, რომლის შესახებაც ჩვენი რადიოს კორესპონდენტს, ჟან-კრისტოფ პეკს, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ნაირ ალიევი ესაუბრა.

[ალიევის ხმა] "არის კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც რუსულის ფართო გავრცელებას უწყობს ხელს. ესაა მრავალრიცხოვანი აზერბაიჯანელები, რომლებიც რუსეთში მიდიან ფულის საშოვნელად. ამ ხალხისთვის სრულიად აუცილებელია რუსულის ცოდნა. რუსეთში ჩატარებული უკანასკნელი აღწერა აჩვენებს, რომ იქ 2 მილიონ 160 ათასი აზერბაიჯანელი იყო 2002 წელს. ეს ოფიციალური მონაცემებია. რეალური მაჩვენებელი კი ალბათ ბევრად მაღალია. ასე რომ, შეიძლება ითქვას, რომ აზერბაიჯანელთა ერთი მეოთხედიდან ერთ მესამედამდე აქტიურად გამოიყენებს რუსულს. თუნდაც იმ ადამიანების ხარჯზე, რომლებიც თავის სარჩენად პერიოდულად მიდან საზღვარგარეთ."

რუსული აღარ აღიქმება სოციალური წინსვლის გარანტიად. ახლა მას სერიოზულ კონკურენციას უწევენ თურქული და ინგლისური.

მაშინ, როცა აზერბაიჯანის მთავრობა უარს ამბობს რუსულისთვის ოფიციალური სტატუსის მინიჭებაზე, მრავალი აზერბაიჯანელი უჭერს მხარს ამ საკითხის დეპოლიტიზაციას და პრაგმატულ მიდგომას. როგორც ბაქოს ტექნიკური უნივერისტეტის პროფესორმა, ელმირა აღაჰუსეინოვამ უთხრა ჩვენს რადიოს, "რა ცვლილებაც უნდა მოხდეს სახელმწიფოს დონეზე, ენა უნდა დარჩეს იმად, რაც იგი არის - იარაღად, რომელიც ურთიერთობისა და ინფორმაციისკენ ხსნის გზას."
XS
SM
MD
LG