Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა კავშირია ოზონის შრესა და ჩვენს ჯანმრთელობას შორის?


ცოდვა გამხელილი ჯობია, და ჩვენს გადაცემებში გარემოს დაცვის პრობლემებს აშკარად იმაზე ნაკლებ ყურადღებას ვუთმობთ, ვიდრე ისინი იმსახურებენ.

ყურადღებას კი ეკოლოგიის სფერო თუნდაც იმიტომ იმსახურებს, რომ იგი უშუალოდ უკავშირდება დედამიწაზე ყოველი ჩვენგანის არსებობას, ყოველი ჩვენგანის ჯანმრთელობას. სწორედ ამ გარემოების კიდევ ერთხელ ხაზგასმას ისახავდა მიზნად "ოზონის შრის შენარჩუნების საერთაშორისო დღე", რომელიც გაერომ 16 სექტემბერს აღნიშნა. მაინც,რა კავშირია ოზონის შრესა და ჩვენს ჯანმრთელობას შორის?

ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, მელანომითა და კანის კიბოს სხვა ნაირსახეობებით ყოველწლიურად 66 ათასი ადამიანი იღუპება. ამ სახის კიბოთი დაავადებულთა რიცხვი კი, ასევე ყოველწლიურად, 130 ათასით იზრდება.

როგორც "ოზონის შრის შენარჩუნების საერთაშორისო დღესთან" დაკავშირებით გამართულ სხდომაზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ლი ჯონ ვუკმა აღნიშნა, ბოლო ათწლეულების მანძილზე სულ უფრო იზრდება მზის მავნე ულტრაიისფერი გამოსხივების გავლენა დედამიწის მოსახლეობაზე; რაც, ექსპერტთა განმარტებით, ორი მიზეზით არის გამოწვეული: ჯერ ერთი, თხელდება (ზოგან კი საერთოდაც ქრება) დედამიწის სტრატოსფეროში არსებული ე.წ. ოზონის შრე, რომელიც მზიდან მომავალ მავნე რადიაციას ირეკლავს და, შესაბამისად, დედამიწისკენ გზას უღობავს. და მეორე: ადამიანები უწინდელთან შედარებით გაცილებით მეტ დროს ატარებენ მზეზე, მას არათუ არ ერიდებიან, არამედ, პირიქით, საგანგებოდაც ეფიცხებიან.

შეშფოთება ოზონის შრის შეთხელების თაობაზე მეცნიერებმა პირველად 70-იან წლებში გამოთქვეს. სამმა ქიმიკოსმა, რომლებსაც მოგვიანებით, სხვათა შორის ნობელის პრემიაც მიენიჭათ, დაადგინა, რომ ოზონის შრეს სერიოზულ ზიანს აყენებს დედამიწიდან ატმოსფეროში გასროლილი აირები - იქნება ეს ავტომანქანის გამონაბოლქვი თუ სამრეწველო ნარჩენები. მას შემდეგ გარემოს დამცველები ცდილობენ, მსოფლიოს ყველაზე მაღალგანვითარებული ქვეყნების მთავრობებს ყურადღება მიაქცევინონ ამ პრობლემაზე, თუმცა, ამას ყოველთვის ვერ ახერხებენ.

და რაკი ოზონის შრის შეთხელების პროცესს - რაოდენ დიდიც უნდა იყოს ჩვენი ძალისხმევა - ერთსა და ორ წელიწადში ვერ შევაჩერებთ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გადაწყვიტა, შეიმუშავოს მსხვილმასშტაბიანი საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ბავშვებსა და მოზარდებს იმის გაგებაში დაეხმარება, რამდენად მავნე შეიძლება იყოს მათი ჯანმრთელობისთვის მზის სხივების ზემოქმედება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან ერთად პროექტზე გაეროს გარემოს დაცვის პროგრამაც მუშაობს. ამ უწყებების მიზანია, დაარწმუნონ ცალკეული ქვეყნების შესაბამისი ორგანიზაციები (განათლების, ჯანდაცვისა და გარემოს დაცვის სამინისტროები), აქტიურად დაუჭირონ მხარი ხსენებული პროექტის განხორციელებას და ამით ხელი შეუწყონ ბავშვთა და მოზარდთა შორის მზის რადიაციისგან მომავალი საფრთხის გაცნობიერებას.

აი, რა უთხრა რადიო "თავისუფლების" კორესპონდენტს დონ ჰილს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანამშრომელმა ევა რეფიუსმა:

[ევა რეფიუსის ხმა] "არაერთი ეპიდემიოლოგიური გამოკვლევა ადასტურებს, რომ თუ ბავშვობაში ულტრაიისფერი გამოსხივება მაღალი დოზებით მიიღე, მაშინ გაცილებით დიდია რისკი, რომ მოწიფულ ასაკში კანის კიბოთი დაავადდები. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ, მოზრდილები, ფრთხილად აღარ უნდა ვიქცეოდეთ, მაგრამ ბავშვობის წლები მიღებული გამოსხივების მხრივ ყველაზე მნიშვნელოვანი, კრიტიკული პერიოდია, და ამიტომ პირველ რიგში ამ პრობლემას უნდა მოვუაროთ."

ეს უდავოდ მისასალმებელი წამოწყებაა. მაგრამ, რამდენიც უნდა ვაფრთხილოთ ბავშვები, მზეზე დიდხანს ნუ გაჩერდებითო, ოზონის შრეს არაფერი ეშველება, თუ მსხვილი სამრეწველო კომპანიები და, უწინარესად, მაღალგანვითარებული ქვეყნების მთავრობები, მავნე აირების ემისიის შემცირებაზე არ იზრუნებენ.
XS
SM
MD
LG