Accessibility links

logo-print

ანტიკორუფციული ბიუროს მონიტორინგის ჯგუფი პოლიტიკურ პარტიათა საარჩევნო ფონდების გაკონტროლებას იწყებს


პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო კამპანიების დაფინანსების მონიტორინგის ჯგუფი განაგრძობს საარჩევნო სახსრების ანგარიშის ფორმის პროექტზე მუშაობას. პროექტს იცნობს და იწონებს

ცენტრალური საარჩევნო კომისიაც, რომელიც მზადაა ანტიკორუფციულ ბიუროში მონიტორინგის ჯგუფის მიერ მომზადებული ეს ფორმა ოფიციალურ დოკუმენტად აქციოს. 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტები ფინანსურ ხარჯებსა თუ შემოწირულობებს სწორედ მონიტორინგის ჯგუფის მიერ შემუშავებული სპეციალური კითხვარის მიხედვით აღწერენ. საქართველოს საარჩევნო კოდექსი საარჩევნო სუბიექტებს დაფინანსების გამჭვირვალეობას გასული არჩევნების დროსაც ავალდებულებდა, თუმცა არის სიახლეებიც. ქვემოთ ამ სიახლეებზე გესაუბრებით.

პოლიტიკური პარტიების საარჩევნო კამპანიის დაფინანსების განჭვირვალეობასა და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების მნიშვნელობას ანტიკორუფციული ბიურო ევროპის საბჭოს რეკომენდაციებისა და ინსტრუქციების შესაბამისად განიხილავს. ევროპული გამოცდილებით, ბიუროსთან არსებული საარჩევნო ფინანსური მონიტორინგის ჯგუფის ახალი ინიციატივა პოლიტიკური პარტიების ფინანსური ანგარიშის წინასაარჩევნო მონიტორინგსაც გულისხმობს. კერძოდ, საარჩევნო სუბიექტებს ნებაყოფლობის პრინციპით ევალებათ საარჩევნო კამპანიის ფონდის ფინანსური ანგარიში ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ყოველკვირეულად წარადგინონ.

[კახა უგულავას ხმა] "კანონმდებლობით არის, ეს უნდა შეივსოს შემდგომ, არჩევნების შემდგომ. ყოველთვის იყო ესე. მაგრამ როგორც ხდება, არ ავსებენ ელემენტარულად, შევა რაღაცა ცრუ ინფორმაცია, არასწორი ინფორმაცია და ამის გადამოწმება შემდგომ უკვე აღარავის არც უნდა ხოლმე, აღარც სცალია ხოლმე, არც თავი აქვს ხოლმე და ჩვენ გვინდა, რომ ეს იყოს მანამდე შევსებული და ჩვენ გვინდა, რომ მოქალაქეებამდე და ამომრჩევლამდე მივიდეს სწორი ინფორმაცია, რა იხარჯება. ბოლოს ხო სხვა ციფრს ვეღარ ჩაწერს. რასაც წერ ყოველ კვირას, ის ხომ ელემენტარულად უნდა დაჯამდეს, ხო. ჩვენ გვინდა, რომ ბოლოს ციფრი გამოვიდეს სადღაც რეალურთან ახლოს".

ანტიკორუფციული საბჭოს ხელმძღვანელის, კახა უგულავას ნათქვამს დავსძენთ, რომ მონიტორინგის ჯგუფის კეთილ ნებას ნებაყოფლობით შესაძლოა ყველა პოლიტიკური პარტია არ დაჰყვეს, მათ შორის ისინიც, ვინც ჯგუფის კოალიციის წევრები არიან. მათი სანქცირება, რასაკვირველია, გამორიცხულია, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ დარღვევები სამართალდამცველთა რეაგირების საბაბს იძლევა.
საარჩევნო სუბიექტების საარჩევნო კამპანიის ფონდის ფინანსური ანგარიში მთლიანობაში კი ზემოხსენებული სპეციალური ფორმით ივსება და მოიცავს ისეთ გრაფებს, როგორიცაა საარჩევნო შემოწირულობები თანხისა და ფიზიკური და იურიდიული პირების ვინაობისა და მონაცემთა მითითებით. გაწეულ ხარჯებში ასევე დეტალურად უნდა მიეთითოს რა ფინანსური სახსრები დაიხარჯა სარეკლამო რგოლების, ბილბორდების, ბეჭდური სააგიტაციო მასალების დამზადებასა თუ სოციოლოგიურ საარჩევნო კვლევებში.
საარჩევნო კამპანიათა დაფინანსების გამჭვირვალეობის უზრუნველსაყოფად უდავოდ წინგადადგმული ნაბიჯია მონიტორინგის ჯგუფის კიდევ ერთი ინიციატივა. ამ ინიციატივის მიხედვით, პარტიათა მიერ მითითებული ყოველკვირეული საარჩევნო სახსრების გადამოწმება ასევე წინასაარჩევნო პერიოდშივეა შესაძლებელი. ეს კი უკვე მასობრივი ინფორმაციის საშუალებების კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული, - მონიტორინგის ჯგუფი ყოველკვირეულ ფინანსურ ანგარიშს ელის იმ საინფორმაციო საშუალებებიდანაც, განსაკუთრებით ტელევიზიებიდან, სადაც ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის სარეკლამო რგოლი გადის, ტრანსლირებული დროისა და ამ დროში გადახდილი თანხის მითითებით.
XS
SM
MD
LG