Accessibility links

logo-print

ვატიკანი და საქართველო: საფრთხე მართლმადიდებელი ეკლესიისათვის?


დავით პაიჭაძე, თბილისი სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობა საქართველოში ისევ ვნებათაღელვის საგანი ხდება, ოღონდ, ამჯერად საქმე ეხება ქართულ სახელმწიფოსა და კათოლიკურ ეკლესიას. ხელშეკრულება,

რომელსაც საქართველოს და ვატიკანის წარმომადგენლებმა 19 სექტემბერს უნდა მოაწერონ ხელი, ქვეყნისთვის საფრთხის მომტანად ესახებათ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქებს. სახელმწიფო მოხელეები კი ყოველგვარი საფრთხის შესაძლებლობას უარყოფენ. ქვემოთ ორივე მხარის პოზიციას წარმოვაჩენთ.

საქართველოს სახელმწიფო და ვატიკანი სახელმწიფოთაშორისო ხელშეკრულების დადებას რომ აპირებენ, საზოგადოებისთვის სულ რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისათვის ეს განზრახვა იმდენად აქტუალური აღმოჩნდა, რომ კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ხუთშაბათს საგანგებოდ უმასპინძლა ჟურნალისტებს. მან აღნიშნა, რომ ეკლესიასა და საზოგადოებაში გაუგებრობა და აღშფოთება გამოიწვია იმან, რომ საქართველოს სახელმწიფოსა და ვატიკანს შორის ხელშეკრულება უნდა დაიდოს. ყველაზე საოცარია, რომ ეს ხელშეკრულება საიდუმლოებით არის მოცული, ბრძანა პატრიარქმა და ხსენებული დოკუმენტისადმი დამოკიდებულება ამ სიტყვებით გამოხატა:

[ილია მეორის ხმა] "სახელმწიფომ არ უნდა მიიღოს ეს, არ უნდა მოაწეროს ხელი ამ ხელშეკრულებას. ვფიქრობ, შედეგი არ იქნება კარგი. საქმე ის არის, რომ ვატიკანს, როცა ხელშეკრულებას დებს, უპირველეს ყოვლისა, რელიგიური მიზნები აქვს. ალბათ, აქაც ეს არის - რელიგიური მიზნები".

ეპისკოპოსმა ზენონმა განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც ეკლესია გაეცნო ხელშეკრულების ტექსტის შინაარსს, მასში რაღაც ცვლილებები შევიდა, მაგრამ ახლა ეს ცვლილებებია უცნობი მართლმადიდებელი ეკლესიისათვის. ეპისკოპოსის თქმით, ხელშეკრულების ხელმოწერა საფრთეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფოს მდგრადობას.

[ზენონის ხმა] "ასეთი მუშაობა სხვა რელიგიებს უბიძგებს საქართველოში გარკვეული პოზიციების განმტკიცებისაკენ. არის რელიგიები, ეკლესიები, რომელთაც დიდი პრეტენზიები აქვთ საქართველოში და ეს სცდება რელიგიურ ხასიათს, პოლიტიკურს ატარებს... ვიცნობ ვატიკანს, ის დღესაც იმ მეთოდებს ახორციელებს, შუა საუკუნეებში რომ ახორციელებდა. ვატიკანს აქვს ფული. ფულთან ერთად მას ეძლევა ყველა საშუალება საქართველოში თავისი კათოლიკური მსოფლმხედველობის, პოლიტიკური ქმედების განმტკიცებისათვის".

რაც შეეხება ხელშეკრულების შინაარსს, ეპისკოპოსი ზენონი მას საქართველოს სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის დადებულ საკონსტიტუციო შეთანხმებას ადარებს:

[ზენონის ხმა] "(ხელშეკრულება) აბსოლუტურად იდენტურია საკონსტიტუციო შეთანხმებისა".

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, კახა სიხარულიძემ "რადიო თავისუფლებასთან" საუბრისას აღნიშნა, რომ ხელშეკრულება არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას და არ სცდება საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილ ფარგლებს. ხელშეკრულება არაფერს ამბობს საქართველოს ტერიტორიაზე კათოლიკური ეკლესიის ოდინდელი საკუთრების - ტაძრებისა თუ მიწების - შესახებ. კახა სიხარულიძის თქმით, ხელისუფლებაში არავინ ცდილა ხელშეკრულების გასაიდუმლოებას.

[სიხარულიძის ხმა] "რაც შეეხება კონკორდატს, კონკორდატი თავისი შინაარსითა და ფორმით გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე ნებისმიერი სხვა საერთაშორისო ხელშეკრულება, მათ შორის ის, რომელზეც ახლა ვსაუბრობთ. კონკორდატი მაღლა დგას საერთაშორისო ხელშეკრულებებზე, ასე რომ, არც ფორმით და არც შინაარსით ეს ხელშეკრულებები არ შეიძლება იდენტური იყოს. ხელშეკრულების მუხლები არის სრულ შესაბამისობაში საქართველოს კანონმდებლობასთან".
XS
SM
MD
LG