Accessibility links

logo-print

იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი კონტროლის საბჭოს წევრები სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან პატიმართა მორიგ გაქცევებს ვარაუდობენ


სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან პატიმართა გაქცევა საქართველოში ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. ქართველი სამართალდამცავები განაგრძობენ იმ პატიმართა ძებნას, რომლებმაც ბოლო,

129-კაციან გაქცევაში მიიღეს მონაწილეობა. როგორც ცნობილია, პატიმართა ამ უპრეცედენტოდ მასშტაბური გაქცევის გამო იუსტიციის მინისტრი თანამდებობიდან წასვლით დაისაჯა, იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი კონტროლის საბჭოს წევრები კი ფიქრობენ, რომ მინისტრების და სასჯელაღსრულებითი დეპარტამენტის ხელმძღვანელების ცვლით პატიმართა გაქცევის ფატები ვერ აღიკვეთება. ისინი პენიტენციალური სისიტემის მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულების შეცვლას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი პატიმართა მორიგ გაქცევებს ვარაუდობენ.

18 სექტემბერს ცნობილი გახდა ამ ცოტა ხნის წინ რუსთავის ნომერ მეორე კოლონიიდან გაქცეული კიდევ ერთი პატიმრის დაკავების შესახებ. ის საპატიმროდან 129-კაციანი მასობრივი გაქცევის შემდეგ თავს დიდგორის ტყეებს აფარებდა და პოლიციელებს ხელში მაშინ ჩაუვარდა, როცა ღამის გასათევად სახლში მივიდა. გაქცეულთაგან სასჯელაღსრულების დაწესებულებას პატიმართა ნაწილი ნებაყოფლობით, ნაწილი კი ძალდატანებით დაუბრუნდა, ნაწილის ძებნა დღემდე გრძელდება. მომხდარის გამო გამოთავისუფლებულია იუსტიციის მინისტრის სავარძელი და, რაც ყველაზე საყურადღებოა, კეთდება მინიშნებები იმის თაობაზე , რომ პენიტენციალური სისტემის იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადასვლა შეცდომა იყო. ასეთი მინიშნება ამ რამდენიმე დღის წინ თვით ქვეყნის პრეზიდენტმა გააკეთა, რამაც სრულიად ლოგიკურად გაამძაფრა ეჭვი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ. ეჭვი ასეთია: ხომ არ უწყებს ხელს შინაგან საქმეთა სამინიტრო პენიტენციალურ სისტემაში დესტაბილიზაციას ამ სისტემის საკუთარ დაქვემდებარებაში დაბრუნების მიზნით? ამ ეჭვს იზიარებენ იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი კონტროლის საბჭოს წევრებიც, რაც მათ 18 სექტემბერს სახალხო დამცველის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზეც დაადასტურეს, - აღნიშნეს, რომ პენიტენციალური სისიტემა იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში არცთუ დიდი ხნის წინ, საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანების შემდეგ გავადიდა და ციხეებსა და კოლონიებაში ჯერ კიდევ რჩებიან პატიმრები, რომლებიც სასჯელაღსრულების დაწესებულებებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს კურატორობის პერიოდში ამ უწყებაზე მუშაობდნენ. "ასეთი პატიმრების მეშვეობოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს რჩება პენიტენციალურ სისტემაში მოქმედების გარკვეული ბერკეტები", მიიჩნევენ იუსტიციის სამინიტროს საზოგადოებრივი კონტროლის საბჭოს წევრები. ამას გარდა, ერთ-ერთი მათგანი, გიორგი ლაღიძე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ საქმე ციხეებისა და კოლონიების გარე პერიმეტრის შინაგანი ჯარების ნაწილების მიერ გაკონტროლებისკენ მიდის.

[გიორგი ლაღიძის ხმა] " მაინცდამაინც მიდის მდგომარეობა იქამდე, რომ შინაგან ჯარის ნაწილმა უნდა დაიცვას სასჯელაღსრულების დაწესებულებების გარე პერიმეტრი. რატომ არ დგება საკითხი ასე: გადაეცეს თანხები იუსტიციის სამინისტროს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტს და მათ უზრუნველყონ გარე პერიმეტრის დაცვა. არსებობს საფუძველი იმის სათქმელად, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ცდილობს დესტაბილიზაციის შექმნას სასჯელაღსრულების დაწესებულებებში".

პენიტენციალური სისტემის შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში დაბრუნება გამოსავალი არ იქნება, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ასეთი ნაბიჯი დემოკრატიის მშენებლობაზე პრეტენზიების მქონე ქვეყნისთვის სამარცხვინო უკანგადადგმული ნაბიჯი იქნება. ასეთ შემთხვევაში საპატიმროებში კვლავ აღზევდება ჩვენებებისა და აღიარებებისთვის ძალადობა.
იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი კონტროლის საბჭოს წევრების აზრით, გამოსავალი ერთია და ის პენიტენციალური სისტემის დაფინანსების გაზრდაში, ციხეებსა და კოლონიებში არსებული გაუსაძლისი პირობების გამოსწორებაში და პენიტენციალურ სისტემაზე კრიმინალური ავტორიტეტების გავლენის შეზღუდვაში მდგომარეობს. წინააღმდეგ შემთხვევაში არაფერი შეიცვლებაო, აცხადებენ საბჭოს წევრები. ერთ-ერთი მათგანი, გიორგი ლაღიძე ციხეებიდან და კოლონიებიდან პატიმართა მორიგ გაქცევებს ვარაუდობს. აღსანიშნავია, რომ ისუტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი კონტროლის საბჭოს წევრები მსგავს ვარაუდს ბოლოს მომხდარი მასობრივი გაქცევის წინაც გამოთქვამდნენ.

[გიორგი ლაღიძის ხმა] " ჩვენ ნებისმიერ დროს გვაქვს უფლება სასჯელაღსრულების დაწესებულებებში შესვლის და რეალურად ვიცით, რა ხდება იქ. ჩვენ ვაცხადებთ, რომ ვინც არ უნდა მოიყვანონ იუსტიციის მინისტრად, სტალინიც რომ მოიყვანონ, არაფერი შეიცვლება, თუ არ გაიზრდება დაფინანსება პენიტენციალური დაწესებულებების".

ცნობისათვის: საქართველოს ციხეებში ხდება ის, რომ 20 კაცზე განსაზღვრულ საკნებში 50-55 პატიმარს ამყოფებენ, რის გამოც პატიმრებს ძილი მორიგეობით უწევთ; საქართველოს ციხეებში თავისუფლად შედის იარაღი და ნარკოტიკები; საქართველოს ნებისმიერ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ვითარებას ადმინისტრაციასთან ერთად ეგრეთ წოდებული კანონირი ქურდები აკონტროლებენ და პატიმართა გაქცევის ფაქტების გამო პასუხს ისინიც აგებენ.
XS
SM
MD
LG