Accessibility links

logo-print

3 სახელმწიფო საწარმოს აუდიტორებთან კონტრაქტს უახლოეს პერიოდში გააფორმებს


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი სამი უმსხვილესი სახელმწიფო საწარმოს საერთაშორისო აუდიტი, რომლის განხორციელებასაც უკვე მეორე წელია დაჟინებით ითხოვს საერთაშორისო სავალუტო ფონდი, უკეთეს შემთხვევაში წლევანდელი წლის ბოლოს დასრულდება.

მართალია, საქართველოს რკინიგზის, ფოთის პორტისა და "მადნეულის" აუდიტორები ჯერ კიდევ ზაფხულში გამოვლინდნენ, მაგრამ მათთან ხელშეკრულება ამ მომენტისათვის გაფორმებული არ არის, რაც სავალუტო ფონდის რეკომენდაციის შესრულებას აფერხებს. ამ კონტრაქტის გაფორმება მიმდინარე კვირას არის დაგეგმილი.
მოგითხრობთ ამ საწარმოების ირგვლივ განვითარებული მოვლენების ქრონოლოგიის შესახებ.

ერთი წლის წინ სამი უმსხვილესი სახელმწიფო საწარმოსათვის საერთაშორისო აუდიტის ჩატარების რეკომენდაციის გაჩენას საერთაშორისო სავალუტო ფონდის მემორანდუმში, საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. აქამდე არც ერთ საფინანსო ინსტიტუტს მთავრობისათვის კონკრეტული სამეურნეო ობიექტების მიმართ თავისი რჩევები არ დაუფიქსირებია. ამ შემთხვევაში გამონაკლისს ქონების განკერძოების რამდენიმე რეკომენდაცია წარმოადგენს. საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები სხვამხრივ ძირითადად მაკროეკონომიკური მაჩვენებლებით შემოიფარგლებოდნენ. შესაბამისად, საქართველოს რკონიგზის, ს/ს "მადნეულის" და ფოთის პორტისათვის აუდიტის ჩატარების მოთხოვნა მართლაც უცნაურად გამოიყურებოდა.

ამ რეკომენდაციის მოტივაციასთან დაკავშირებით ექსპერტებს იმთავითვე განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდათ.

თავის ყოველ მომდევნო მემორანდუმში ამ რეკომენდაციას სავალუტო ფონდი პერმანენტულად აფიქსირებდა. ხოლო საქართველოს მთავრობა დროს აჭიანურებდა და მხოლოდ წელს ზაფხულში მოხერხდა ტენდერის ჩატარება საერთაშორისო აუდიტორის გამოსავლენად. ტენდერის შედეგები შემდეგნაირია: "საქართველოს რკინიგზას" "ერნსტ და იანგი", სააქციო საზოგადოება "ფოთის პორტს" "პრაის ვოტერჰაუს კუპერსი ", ხოლო "მადნეულს" "დელოიტ და ტუში" ჩაუტარებს აუდიტს.

თუმცა ტენდერში გამარჯვებულების გამოვლენის შემდეგ საქმე, ფაქტობრივად, ადგილიდან არ დაძრულა და ამ ავტორიტეტულ კომპანიებთან კონტრაქტი დღემდე არ გაფორმებულა. ხელშეკრულების გარეშე კი აუდიტორები თავის საქმიანობას ვერ განახორციელებენ. ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, რომ კონტრაქტი აუდიტორებთან უკვე მიმდინარე კვირაში გაფორმდება და დაახლოებით წლის ბოლოსათვის ისინი თავის დასკვნებს წარმოადგენენ. თუმცა, თუ მოვლენების განვითარების ქრონოლოგიას და დროში საკმაოდ გაწელილ პროცესს გავითვალისწინებთ, ნაკლებსავარაუდოა, რომ დიდი მოცულობის სამუშაოს ჩატარება აუდიტორებმა წლის ბოლომდე მოასწრონ.

ამასთან, ამ ისტორიაში იკვეთება პოლიტიკური დაინტერესებაც. სამივე ეს კომპანია იმ მცირერიცხოვან სახელმწიფო საწარმოთა რიცხვს განეკუთვნება, რომლებიც რენტაბელურნი არიან და სოლიდური მოგებაც გააჩნიათ. თუ ამ საწარმოების მენეჯმენტის სახელისუფლებო ბლოკთან სიახლოვეს გავითვალისწინებთ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მათი შემოსავლის საკმაოდ მსუყე ნაწილი სამთავრობო ბლოკს ნოემბრის არჩევნებისათვის ყელზე ნამდვილად არ დაადგება. ანუ საერთაშორისო აუდიტის მიერ თანხების მოძრაობის გარკვევა, მთლად სასურველი არ უნდა იყოს ხელისუფლებისათვის, შესაბამისად, ექსპერტების ვარაუდი პროცესის განგებ გაჭიანურების თაობაზე ლოგიკას მოკლებული არაა.
XS
SM
MD
LG