Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკა აღიარებს, რომ ჰუსეინს არ ჰქონდა კავშირი 11 სექტემბრის ტერაქტთან


გაეროს ყოფილი განიარაღების ინსპექტორი ჰანს ბლიქსი, რომელიც ოთხშაბათს კიდევ ერთხელ გამოჩნდა ტელეკამერის წინაშე, დარწმუნებულია, რომ ერაყმა მის ხელთ არსებული მასობრივი

განადგურების იარაღის უმრავლესობა ჯერ კიდევ 10 წლის წინ გაანადგურა. ბლიქსის აღნიშნული განცხადება დაემთხვა ჯორჯ ბუშის საჯარო კომენტრას, რომელშიც იშვიათი პირდაპირობით იყო ნათქვამი, რომ 11 სექტემბრის ტერაქტთან სადამ ჰუსეინის კავშირის დამამტკიცებული საბუთი არ არსებობს. თუმცა, როგორც "ვაშინგტონ პოსტის" მიერ ჩატარებული გამოკითხვა ცხადყოფს, ამერკელთა 69 პროცენტი კვლავ საპირისპიროშია დარწმუნებული.

ჰანს ბლიქსმა, რომელმაც გაეროს მონიტორინგის ჯგუფის ხელმძღვანელის რანგში სამი წელი დაჰყო ერაყში ქიმიური, ბიოლოგიური და ბირთვული იარაღის აღმოსაჩენად, ავსტრალიის სამაუწყებლო კორპორაციას თვის შთაბეჭდილებები გაუზიარა. განიარაღების ყოფილი ინსპექტორის თქმით, "რაც დრო გადის, უფრო და უფრო რწმუნდება, რომ ნაკლებსავარაუდოა, რომ ვიმემ შეძლოს მასობრივი განადგურების იარაღის აღმოჩენა ერაყში, რადგან ერაყმა ის ჯერ კიდევ 1991 წლის გაზაფხულზე გაანადგურა".

ბლიქსის თქმით, რომელიც ამჟამად შვეციაში, საკუთარ სახლში იმყოფება, სადამ ჰუსეინი თვალისასახვევად და სამხედრო თავდასხმის თავიდან ასაცილებლად იმუქრებოდა, რომ ასეთი იარაღი ჰქონდა. მისი ეს საქციელი წააგავს ჭიშკარზე გაკეთებულ წარწერას - "ეზოში ავი ძაღლია", როცა ძაღლი არ არსებობს.
თუმცა, ადრე ბლიქსი ნაკლებად იყო დარწმუნებული მართლა გაანადგურა თუ არა და როდის გაანადგურა სადამ ჰუსეინმა იარაღი და არასოდეს ეჭვის ქვეშ არ აყენებდა ჯორჯ ბუშისა და ტონი ბლერის მტკიცებულებებს.

მაგრამ ოფიცილაური ლონდონი დარწმუნებულია, რომ "დრო ყველაფერს იტყვის" და ითხოვს მოთმინებით დაელოდონ იმ ჯგუფის საბოლოო დასკვნას, რომელიც იარაღის საკითხს სწავლობს.

ლონდონის მსგავსად ამერიკაშიც ასევე სჯერათ, რომ სადამ ჰუსეინს მჭიდრო კავშირი ჰქონდა 11 სექტემბრის ტერაქტებთან. "ვაშინგტონ პოსტის" გამოკითხვის მიხედვით, ამერიკელთა ორი მესამედი დარწმუნებულია, რომ ასეთი კავშირის არსებობდა. თუმცა, რატომღაც ბევრი ხმაური მოჰყვა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის, დიკ ჩეინის განაცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ერაყში მიღწეული წარმატების შემდეგ განადგურდა იმ ტერორისტების გეოგრაფიული ბაზა, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში, და განსაკუთრებით 11 სექტემბერს, თავს გვესხმოდნენო. სადამ ჰუსეინის კავშირს 11 სექტემბრის ტერაქტთან ოთხშაბათს ამერიკის შერთებული შტატების პრზეიდენტი ჯორჯ ბუშიც შეეხო.
[ჯორჯ ბუშის ხმა] "ჩვენ არა გვაქვს სამხილი, რომ სადამ ჰუსეინი ჩაბმული იყო 11 სექტემბრის ტერაქტში. მაგრამ რაც ვიცე-პრეზიდენნტმა თქვა, ისაა, რომ იგი კავშირში იყო ალ ზარქავისთან, ალ-ყაიდას ერთ-ერთ ხელმძღვანელთან, რომელიც იმყოფებოდა ბაღდადში, გასცა ამერიკელი დიპლომატების მოკვლის ბრძანება და რომელიც ჯერაც თავისუფლად დაპარპაშებს. ასე რომ, უეჭველია, რომ სადამ ჰუსეინს მჭიდრო კავშირი ჰქონდა ალ-ყაიდასთან".

გაზეთ "გარდიანის" თქმით, ვიცე-პრეზიდენტმა დიკ ჩეინიმ კვლავ გაიმეორა ჩეხეთის უშიშროების სპეცსამსახურებზე დაყრდნობით, რომ 11 სექტემბრის ტერაქტში ეჭვმიტანილი მუჰამედ ატა 2001 წლის აპრილში პრაღაში შეხვდა ერაყის უშიშროების სამსახურის მაღალჩინოსანს. თუმცა, გამოძიების ფედარლურმა სამსახურმა და ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ ვერ შეძლო ამ ფაქტის დამტკიცება.

მიუხედავად ამისა, თეთრი სახლი კვლავ დარწმუნებულია, რომ სადამ ჰუსეინის ჩამოგდება აუცილებელი იყო. როგორც ეროვნული უშიშროების საკითხებში პრეზიდენტ ბუშის მრჩეველმა კონდოლიზა რაისმა სამშაბათს ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, სადამ ჰუსეინის მმართველობა დიდ საფრთხეს წარმოდაგენდა თავად იმ რეგიონისთვის, საიდანაც 11 სექტემბრის ტერაქტი აღმოცენდა.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG