Accessibility links

logo-print

ყოველკვირეული რადიოჟურნალი


წამყვანი: დავით კაკაბაძე, პრაღა 505-ე გამოშვება.

დავით კაკაბაძე:
გადაცემის მეორე ნაწილში შეგიძლიათ მოისმინოთ რადიოჟურნალი "მეათე სტუდია". მის 505-ე გამოშვებაში ვიმსჯელებთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება დახასიათდეს ძალაუფლებასა და საკუთრებას შორის არსებული კავშირი და რა გავლენა შეიძლება იქონიოს ამ კავშირმა არჩევნების შედეგებზე; ვეცდებით გავარკვიოთ, რა უნდა ვიცოდეთ არჩევნების გაშუქებისას?; შემდეგ უფრო მსუბუქ თემებს მივუბრუნდებით და დავინტერესდებით, როგორ ცხოვრობს თბილისი ღამით; შემოგთავაზებთ მასალებს ორ პოპულარულ მომღერალზე: ამერიკელ ჯონი კეშზე, რომელიც ამ ერთი კვირის წინათ გარდაიცვალა და ესპანელ ხულიო იგლესიასზე, რომელსაც ამ დღეებში 60 წელი უსრულდება. გადაცემის ბოლოს კი მოგასმენინებთ "საინტერესო ამბების კალეიდოსკოპს". "მეათე სტუდიას" პრაღიდან უძღვება დავით კაკაბაძე.

[მუსიკა]

ძალაუფლება, საკუთრება და არჩევნები

დავით კაკაბაძე:
ბოლო დროს არჩევნების თემაზე საუბრისას სახელისუფლო ბლოკის წარმომადგენელებს არაერთხელ უთქვამთ, რომ საარჩევნო კამპანიის ჩასატარებლად აუცილებელი თანხები არ გააჩნიათ. რამდენად სარწმუნოდ აღიქმება ამგვარი განცხადებები? საერთოდ, როგორ შეიძლება დახასიათდეს ძალაუფლებასა და საკუთრებას შორის არსებული კავშირი და რა გავლენა შეიძლება იქონიოს ამ კავშირმა არჩევნების შედეგებზე. ამ საკითხების გარშემო ისტორიკოს დავით აბაშიძეს გიორგი კაკაბაძე ესაუბრა.

გიორგი კაკაბაძე:
"ქვეყანაში, სადაც ძალაუფლება და საკუთრება საერთოდ არ არის გამიჯნული, ძნელი დასაჯერებელია, რომ ხელისუფლებას ფული არ აქვს", - ამბობს დავით აბაშიძე, ხოლო იმასთან დაკავშირებით, რომ განვითარებული ქვეყნების ხელისუფლებაში, როგორც წესი, მხოლოდ შეძლებული ადამიანები მოდიან, განმარტავს:

[აბაშიძის ხმა] "ცივილიზებულ ქვეყნებში საკუთრება და ძალაუფლება გამიჯნულია ერთმანეთისგან - არსებობს საკუთრების შეუვალი უფლება, რაც კონსტიტუციით არის დაცული. თუმცა, აბსოლუტური გამიჯვნა არ იქ არის. მაგრამ რამდენადაც უფრო ტოტალიტარულია სახელმწიფო, მით უფროა საკუთრება დამოკიდებული ძალაუფლებაზე. ფაქტიურად, ტოტალიტარულ ქვეყნებში საკუთრება არის პრივილეგია და არა შეუვალი უფლება, პრივილეგია მათთვის, ვინც რეჟიმის ერთგულია. რაც შეეხება საბჭოთა კავშირს, იქ საერთოდ აკრძალული იყო მეწარმეობა, მაგრამ არსებობდა ჩრდილოვანი ეკონომიკა და კოუფციული ფული სულ ტრიალებდა. მართალია, ამაში ჩამული ადამიანები, ე.წ. კომბინატორები, ფულს კი აკეთებდნენ, მაგრამ ფულის დიდი ნაწილი ხელისუფლებაში მიდიოდა და ნაწილდებოდა. საინტერესოა, რომ თვით ეს ადამიანები უაღრესად ლოიალურები იყვნენ საბჭოთა ხელისუფლების მიმართ. საქმე კი ის არის, რომ ეს ე.წ. კომბინატორი თავიდანვე ხდებოდა დამნაშავე, ის უკვე ხელისუფლების ხელში იყო. დღეს კი მეწარმოების პირობები საქართველოში ისეთია, ისეთი გადასახადებია, რომ შეუძლებელია მეწარმემ წესიერად იმუშაოს. მეწარმე იძულებულია დამნაშავე იყოს და ისევ ხელისუფლებაში ეძებოს ის, რასაც დღეს "კრიშას" უქწოდებენ."

ჩემი თანამოსაუბრე დასძენს, რომ ასეთ პირობებში ლაპარაკი საქართველოში ძალაუფლებისა და საკუთრების გამიჯვნაზე საფუძველს მოკლებულია და სწორედ ამგვარი გაუმიჯნაობის გამოა, რომ საქართველო ემსგავსება ცენტრალური ამერიკისა და აფრიკის ზოგიერთ ქვეყანას, სადაც ხელისუფლების წარმომადგენლები, მაღალი თანამდებობის პირები, ამავე დროს უკანონო ბიზნესს ეწევიან.

ძირითადად რა მიზნით და როგორ იყენებენ დაგროვებულ ქონებას საქართველოში? დავით აბაშიძე ამბობს, რომ იშვიათი გამონაკლისის გარდა, მდიდარი ქართველი საბჭოთა ეპოქის კომბინატორის მსგავსად იქცევა. ეს ადამიანი იმდენად იმით კი არ არის დაინტერესებული, რომ ნაშოვნი ფულის ინვესტირება მოახდონოს, რამდენადაც ცდილობს, რომ დახარჯოს იგი: აიშენოს სახლები და აგარაკები, შეიძინოს ავტომანქანები, იმოგზაუროს და ა.შ. და ა.შ.

კითხვაზე, თუ რა დამოკიდებულება ექნებათ ფინანსურ ოლიგარქებს, მდიდარ ადამიანებს 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩვენების მიმართ, დავით აბაშიძე პასუხობს:[აბაშიძის ხმა] "არ ვიცი რამდენად შეზღუდულები არიან ოლიგარქები და რამდენად თავისუფალნი არიან თავიანთ არჩევანში. ვიმეორებ, რომ დღევანდელ პირობებში, როცა კანონით არ არის გამიჯნული, საკმაოდ მკაფიოდ, ძალაუფლება და საკუთრება, არა მგონია ნებისმიერი ოლიგარქი თავისუფალი იყოს, - მაინც ხელისუფლებას უნდა გაუწიოს ანგარიში".

თუმცა, ჩემი თანამოსაუბრის აზრით, ფულის ფაქტორი ვერ შეძლებს არჩევნებში გადამწყვეტი როლის შესრულებას. ისტორიკოსის თქმით, მთავარი ფაქტორი არჩევნებში მაინც თვით ამომრჩეველი იქნება. ამასთან დავით აბაშიძე ამბობს, რომ არჩევნების შემდეგაც იარსებებს ქვეყნისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემა, რომელიც ნორმალური ბიზნეს-გარემოს შექმნას გულისხმობს.

[აბაშიძის ხმა] "თუ აქეთკენ არ წავედით, მაშინ წავალთ კატასტროფისკენ, წავალთ აფრიკული და ცენტრალური ამერიკის სახელმწიფოების გზით. ასეთმა ქვეყნებმა კი ცუდად დაასრულეს: იქნება მუდმივი არსტაბილურობა, სამოქალაქო შეტაკებები და ა.შ. და ა.შ."

მაგრამ ჩემი თანამოსაუბრე იმედოვნებს, რომ 2 ნოემბერის საპარლამენტო არჩევნები გარკვეულ წვლილს შეიტანს აღნიშნული საფრთხეების თავიდან აცილების საქმეში.

გიორგი კაკაბაძე, რადიო "თავისუფლებისთვის", თბილისი.

[მუსიკა]

რა უნდა ვიცოდეთ არჩევნების გაშუქებისას?

დავით კაკაბაძე:
მომავალი არჩევნების ადეკვატურად გაშუქება საშური პრობლემაა არა მხოლოდ საარჩევნო სუბიექტებისა და ჟურნალისტების, არამედ, მთლიანად, საზოგადოებისთვის. შეიძლება ითქვას, საქართველოს არასამთავრობო სექტორი არც ერთი არჩევნებისთვის არ ცდილა ისე მომზადებას, როგორც 2 ნოემბრის არჩევნებისთვის ცდილობს. ამ რამდენიმე დღის წინათ გესაუბრეთ საზოგადოება "სამართლიანი არჩევნების" სამოქმედო გეგმებზე წინასაარჩევნო პერიოდში. დღეს მოგითხრობთ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ერთ ინიციატივაზე, რომლის ხორცშესხმა ამ ორგანიზაციამ ივნისიდან დაიწყო: ეს არის ჟურნალისტების სწავლება საარჩევნო კანონმდებლობასა და პროცედურებში მათი გაწაფვის მიზნით. ასეთი სწავლება ახალგაზრდა იურისტებმა უკვე ჩაუტარეს საქართველოს თითქმის ყველა რეგიონის ჟურნალისტებს და სადღეისოდ, ანუ სწავლების ბოლოსთვის თბილისელი ჟურნალისტები მოიტოვეს. 19 სექტემბერს საღამოს დაბა ჩაქვში დაიწყო სამდღიანი ტრენინგი, რომლის მიზნებსა და შესაძლო საზოგადოებრივ სარგებლობაზე მის ორგანიზატორებსა და წარმმართველებს დავით პაიჭაძე ესაუბრა.

დავით პაიჭაძე:
ჟურნალისტების წინასაარჩევნო სწავლება საქართველოში ამერიკულმა ორგანიზაციამ, საერთაშორისო კვლევებისა და გაცვლების საბჭომ დააფინანსა. საერთოდ, მთელი სემინარის გამჭოლი მოტივი არის ინფორმაციის გამჭვრივალობა და არჩევნები. პროექტის დირექტორი, იურისტი მალხაზ ღუღუნიშვილი სასწავლო პროგრამაზე გვესაუბრება.

[ღუღუნიშვილის ხმა] "სემინარი სამ ლოგიკურ ნაწილად შეიძლება დაიყოს. პირველია უშუალოდ არჩევნების მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების გაცნობა - წინასაარჩევნო პერიოდის აგიტაციის გაშუქება, არჩევნების დღეს კენჭისყრის მონიტორინგი, საარჩევნო დავების სპეციფიკა და მათი სამართლებრივი რეგულირება. ეს არის პირველი ნაწილი - ანუ საარჩევნო კოდექსის ძირითადი მუხლების განხილვა, რომლებიც ეხება მედიის მონაწილეობას არჩევნებში, ასევე მის მომზადებას, ჩატარებასა და მონიტორინგს".

მეორე ნაწილი, მალხაზ ღუღუნიშვილის თქმით, შეეხება არჩევნების პერიოდში საჯარო ინფორმაციის მიღების წესს, ხოლო მიუღებლობის შემთხვევაში უარის გასაჩივრების წესსა და მექანიზმებს. ამ სფეროში სწავლებას ჩაატარებს პარლამენტის წევრი, იურისტი ზურაბ ადეიშვილი. რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ის აღნიშნავს, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, განხორციელდეს მოქალაქის უფლება, მიიღოს სრული ინფორმაცია საარჩევნო სუბიექტებზე - პარტიებსა და მაჟორიტარ კანდიდატებზე. კანონის ძალით, თუ ინფორმაცია პირის ჯანმრთელობის ან ფინანსური მდგომარეობის შესახებ დახურულია და ეს პირი არჩევნებში მონაწილეობს პარლამენტში მოსახვედრად - ხსენებული ინფორმაცია უნდა გაიხსნას. სემინარზე ჟურნალისტებს დეტალურად აცნობენ წესებს, რომელთა თანახმად მათ შეუძლიათ დასწრონ საარჩევნო ადმინისტრაციების სხდომებს, კენჭისყრის პროცედურებს და ა.შ. ზურაბ ადეიშვილი ამბობს, რომ ინფორმაციის გახსნილობა და ხელმისაწვდომობა არჩევნების დროს საზოგადოების ერთ-ერთი ძირითადი ინტერესია.

[ადეიშვილის ხმა] "საზოგადოებას აინტერესებს, ვის ირჩევს, ვინ რა ფულით მოდის არჩევნებზე. მით უმეტეს, კანონი მოითხოვს, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ და მაჟორიტარმა კანდიდატმა საჯარო გახადოს, რა თანხას ხარჯავს არჩევნებზე. ასევე, ვილაპარაკებთ იმაზე, როგორ უზრუნველყონ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა თანასწორობა წინასაარჩევნო პროცესში. თანასწორობა მასმედიის მიერ გარანტირებული უნდა იყოს. ეს ერთ-ერთი ძირითადი თემაა".

რამდენიმე სხვა პრიორიტეტულ საკითხზე ამახვილებს ყურადღებას იურისტი ლადო სანიკიძე, რომელიც ჟურნბალისტებს საარჩევნო კოდექსის, განსაკუთრებით მისი სიახლეების, ახალშეტანილი ცნებებისა და მექანიზმების შესახებ ესაუბრება.

[სანიკიძის ხმა] "მაინც, მთავარი, ალბათ, იქნება კენჭისყრის დღე და წინა დღეები: ამომრჩეველთა სიების გამოკვრა-გამოქვეყნება, კენჭისყრის პროცედურა არჩევნების დღეს - რა თანმიმდევრობით არის კანონში გაწერილი; შედეგების შეჯამების შემდეგ საარჩევნო დავების განხილვა. ჟურნალისტი ამ პროცესებში არ მონაწილეობს, მაგრამ თვალყურს ადევნებს, ესაუბრება საზოგადოებრივი ორგანიზაციების, საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, კანდიდატებს - ყველას საკუთარი თავი მართალი ჰგონია. ჟურნალისტები იმპროვიზაციის ამარა რომ არ დარჩნენ და ადვილად არ წამოეგონ სხვის ტყუილსა და შეცდომებს, მეტი ინფორმაცია უნდა ჰქონდეთ კანონიდან გამომდინარე. არჩევნების დღეს მისული ჟურნალისტი, ალბათ, უპრიანია, ერკვეოდეს ამ ყველაფერში".

პროექტის დირექტორის, მალხაზ ღუღუნიშვილის თქმით, ჟურნალისტის საარჩევნო ცნობარს, რომელშიც თავს მოიყრის არჩევნებთან დაკავშირებული პრობლემები და ინფორმაცია მათი დაძლევის შესახებ, არჩევნებამდე მოზრდილი ტირაჟით გამოსცემენ, რათა ცოდნა სემინარში ჩაურთველმა ჟურნალისტებმაც მიიღონ. იმედი ვიქონიოთ, რომ ასე მოხდება და ამ ცოდნის გამოყენება მუშაობაში აამაღლებს საზოგადოების ნდობას მასმედიის მიმართ.

დავით პაიჭაძე, რადიო "თავისუფლებისთვის", თბილისი.

[მუსიკა]

როგორ ცხოვრობს თბილისი ღამით?

დავით კაკაბაძე:
პოლიტიკაზე საუბარს ამით დავამთავრებთ და პირობას გაძლევთ, რომ გადაცემის ბოლომდე ამ თემაზე კრინტსაც აღარ დავძრავთ. "მეათე სტუდიის" დარჩენილ დროს უფრო მსუბუქ თემებს დავუთმობთ. პირველი თემა ასეთია: როგორ ცხოვრობს თბილისი ღამით? მართალია, ბოლო დღეების განმავლობაში თბილისში აგრილდა, მაგრამ ღამის ცხოვრების მოყვარულებს - ანუ მათ, ვინც დროს ღამის კლუბებსა თუ დისკოთეკებში ატარებს, ცხოვრების სტილი არ შეუცვლიათ. თუმცა, ღამის ცხოვრება თბილისში მხოლოდ დისკოთეკებით, რესტორნებით, ღამის კლუბებითა და სამორინეებით არ შემოიფარგლება. იმის მიუხედავად, რომ კრიმინალური მდგომარეობის გართულების გამო, ღამით ქალაქში გადაადგილების მსურველთა რიცხვი თითქოს დიდი არ უნდა იყოს, ღამით თბილისი, როგორც თამარ ჩიქოვანი გვარწმუნებს, მაინც თავისი ცხოვრებით ცხოვრობს.

თამარ ჩიქოვანი:
დღეს მათზე არ გესაუბრებით, ვინც ღამით ერთობა და ერთი ღამის კლუბიდან მეორეში დადის. დღეს მათზე მოგითხრობთ, ვინც ღამე - რაც არ უნდა უჩვეულოდ ჟღერდეს, მუშაობს.
მუშაობით კი, საქართველოში ახალი ცხოვრების წესის შემოსვლის შემდეგ, ბევრი მუშაობს. მაგალითად, თითქმის ყველა დიდი სუპერმარკეტი, რომელთა უმრავლესობა ქალაქის ცენტრშია განლაგებული, 24 საათის განმავლობაში მუშაობს. შესაბამისად, სუპერმარკეტებში მომუშავე პერსონალს ხშირად უწევს ღამის ცვლაში სამსახურში გამოსვლა.

ნინო სუპერმარკეტ "ზემელში" მუშაობს. მისი დაკვირვებით, შუაღამის მყიდველები მაინც და მაინც ბევრნი არ არიან, თუმცა, არც იმის თქმა შეუძლია, რომ ღამით სუპერმარკეტში არავინ დადის.

[გამყიდველის ხმა] "უფრო სასმელი იყიდება ღამით და ტკბილეული. ნამცხვრები, შოკოლადი, სასმელი...უფრო ეს."

ჯერჯერობით ნინოს უმართლებს და ახალი წლის ღამე სამსახურში არ გაუტარებია, თუმცა, იცის, რომ ადრე თუ გვიან მასაც მოუწევს 1 იავნრის ღამის სუპერმარკეტში შეხვედრა. მთლიანობაში, ნინოს ოჯახის წევრები აღფრთოვანებულები არ არიან, რომ მას პერიოდულად ღამის 11 საათიდან დილის 9 საათამდე უწევს სამსახურში ყოფნა.

[გამყიდველის ხმა] "პროტესტის გამო მე ღამე ხშირად არ ვმუშაობ. ვისაც შეუძლია და ვინც რჩება ღამე, იმას ოჯახში პრობლემა მოგვარებული აქვს."

მიუხედავად იმისა, რომ ღამით მუშაობა ტაქსის მძღოლებს ბევრ პრობლემას უქმნის, მათი დიდი ნაწილი მთელი ღამე მაინც მუშაობს. დავითი ბოლო წლების მანძილზე ღამით მუშაობისას ორჯერ დააყაჩაღეს. მისი თქმით, ხშირია შემთხვევა, როცა ღამის მგზავრი დანიშნულების ადგილზე მიყვანის შემდეგ აღიარებს, რომ საფასურის გადახდა არ შეუძლია. ამის მიუხედავად, დავითი ღამე გამოტოვებით მუშაობს. მისი დაკვირვებით, დაგვიანებული მგვაზრები ღმღამობით უფრო ვაკეში და რუსთაველზე შეიძლება შეგხვდეს. თუმცა, შეიძლება, მთელი ღამის მანძილზე მხოლოდ ერთი მგზავრის ამარა დარჩე. კითხვაზე, შეიძლება თუ არა ასე ვთქვათ მძარცველების ამოცნობა და მომსახურებაზე უარის თქმა, დავითი ამბობს:

[ტაქსის მძღოლის ხმა] "არა, მაგას წლოვანებით ვერ გაიგებ. ორ გოგოსთან ერთად იყო ბიჭი, ვაკის პარკთამ გამაჩერა. გლდანში ამიყვანე, ნუ შემარცხვენ, გოგოებთან ერთად ვარო. სიმპატიური ბიჭი იყო. მეც კარგ ხასიათზე შევხვდი - წავიდეღ, რაც არის, არის-თქო. ავედით და იქ დამაყააცღეს, გლდანში. ვუთხარი - ეს არის კარგი ბიჭობა, პატივი გეცი და ასე მექცევი? გოგოებთან ერთად დამაყაჩაღეს."

ცნობისთვის: ტაქსის მძღოლების დაკვირვებით, გახშირდა შემთხვევები, როცა მათ მანდილოსნები აყაჩაღებენ. მათივე თქმით, ქალი ყაჩაღი უფრო საშიშია, რადგან ნერვიულობს და შეიძლება იარაღიც კი გამოიყენოს.

"ნდობის ტელეფონის" ფსიქოლოგის გიორგი ჭეიშვილის თქმით, ნდობის ტელეფონით მოსარგებლეთა რაოდენობა ღამით თვალშისაცემად იზრდება. ღამით, საკუთარ თავთან დარჩენილ ადამიანს გლობალურ პრობლემებზე უწევს ფიქრი. მაგალითად, ასეთზე:

[გიორგი ჭეიშვილის ხმა] "ცხოვრების საზრისი, ჩემი ადგილი ამ ცხოვრებაში, ჩემი თვითრეალიზაციის პრობლება, როგორ გავაკეთო ისე, რომ სიცოცხლის ბოლოს არ ვუთხრა, ტყუილად მიცხოვრია - აი, მთავარი პრობლემები, თუმცა, ამ ტერმინეში არ აყალიბებენ, ამ ტერმინებამდე მივდივართ ხოლმე."

რაც უნდა უცნაურად ჟღერდეს, ღამის საუბრების თემა იშვიათად ეხება სოციალურ პრობლემებს. გიორგი ჭანიშვილი ამბობს, რომ ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად ურთიერთობის პრობლემა აღელვებს:

[გიორგი ჭანიშვილის ხმა] "პრობლემები უამრავია, უბრალოდ, ცოტა უფრო უკეთ ვიცით ამ პრობლემების დამალვა - კარგი თვისებაა ქართველების. ახლობლებს არ ვგრუზავთ ამ პრობლემებით, იგივე რუსებისგან განსხვავებით. ეგ არის, თორემ თუ უფასო კონსულტანტი ზის, რატომაც არა. რატომ არ შეიძლება მასთან ამ პრობლემის განსჯა."

სხვათა შორის, პრობლემის განსჯის დაწყება - პრობლემის მოგვარებაზე ზრუნვის პირევლ საფეხურად ითვლება. შესაბამისად, ალბათ, დადგება დრო, როცა ღამის ფიქრების შემდეგ დღისით ბოლოსდაბოლოს პრობლემის მოგვარებაზეც ვიზრუნებთ.

თამარ ჩიქოვანი, რადიო "თავისუფლებისთვის", თბილისი.

[მუსიკა]

ჯონი კეშის გარდაცვალების გამო

დავით კაკაბაძე:
მთელი მსოფლიოს კანტრისა და როკის მუსიკალური სტილების მოყვარულები დაამწუხრა გასულ პარასკევს გავრცელებულმა ცნობამ: "12 სექტემბერს ტენესის შტატის ქალაქ ნეშვილის საავადმყოფოში 71 წლის ასაკში გარდაიცვალა "კანტრის" ლეგენდა ჯონი კეში. საავადმყოფოს წარმომადგენლის ცნობით, მომაკვდავის სარეცელთან ბოლო წუთებამდე იმყოფებოდნენ კეშის ახლობლები."

[მუსიკა. I Won't Back Down]

სიმღერას, რომელსაც ახლა უსმენდით, მრავლისმეტყველი სათაური აქვს: "I Won't Back Down" - "არ დავნებდები". ჯონი კეშს მაინც მოუხდა დანებება - დიაბეტის მძიმე ფორმამ, რომელმაც ბოლო წლების კარგა დიდი ნაწილი საავადმყოფოებში გაატარებინა, საბოლოოდ მაინც დაამარცხა სცენაზე მუდამ შავებში ჩაცმული და მისი ქომაგების მიერ "შავოსან კაცად" შერაცხული მომღერალი.

ქომაგი კი კეშს მართლაც ურიცხვი ჰყავდა. მისი საოცრად ლამაზი და, ამავე დროს, ვაჟკაცური ბარიტონი თითქმის ნახევარი საუკუნის მანძილზე ამერიკის საზოგადოების იმ ფენების წარმომადგენელთა ხმად იყო ქცეული, რომლებიც ცხოვრებამ დაჩაგრა. მისი სიმღერების გმირები უბრალო ადამიანები იყვნენ. ჯონი კეში მღეროდა ფერმერებსა და მეშახტეებზე, პატიმრებსა და უსახლკაროებზე, მუშებსა და კოვბოებზე...

მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, თითქოს ჯონი კეში მხოლოდ საზოგადოებიდან გარიყულთა კერპი ყოფილიყოს. პირიქით, იგი ერთაირად უყვარდათ მდიდრებსაც და ღარიბებსაც, ბედის ნებივრებსაც და უიღბლოთაც, კოლეგებსაც და იმათაც, ვისაც მუსიკასთან ბევრი არაფერი ჰქონია საერთო. შემთხვევითი არ იყო, რომ კეშის გარდაცვალების გამო აშშ-ის პრეზიდენტმა საგანგებო განცხადება გააკეთა და მას "ამერიკის ხატი" უწოდა. "მისმა სავსე ხმამ და მისმა ადამიანურობამ არაერთი თაობის გულები და სულები დაიპყროო", თქვა თავის გამოსვლაში ჯორჯ ბუშმა.

[მუსიკა. One]

ჯონი კეში დაიბადა 1932 წლის 26 თებერვალს, არკანზასის შტატის პატარა პალაქ კინგსლენდში, ღარიბი ფერმერის ოჯახში. მძიმე ბავშვობამ და ჭაბუკობის პერიოდში, ბამბის პლანტაციებზე გატარებულმა წლებმა ჯონის შრომისა და ლუკმა პურის ყადრი ასწავლა. ვიდრე ჯარში გაიწვევდნენ, კეში ერთხანს საავტომობილო ქარხანაში მსახურობდა კონვეიერის მუშად, შემდეგ კი საყოფაცხოვრებო საქონლის გამყიდველად მოეწყო. შეიარაღებულ ძალებში მსახურობისას, მან რამდენიმე წელიწადი დაჰყო გერმანიაში და იქვე დააარსა თავისი პირველი მუსიკალური ანსამბლი "ლანდსბერგ ბარბარიანს". დემობილიზაციის შემდეგ ჯონი კეში ტენესის შტატის ქალაქ მემფისში დასახლდა და მას მერე მუსიკისთვის აღარასოდეს უღალატია.

მისი მემკვიდრეობა მართლაც შთამბეჭდავია: 11 "გრემი", 1500-მდე სიმღერა, 150-ზე მეტი "ჰიტი" და 470-ზე მეტი ალბომი. ჯონი კეში დღემდე რჩება კანტრის სტილის ყველაზე ახალგაზრდა შემსრულებლად, რომელსაც "დიდების გალერეაში" მოხვდა. მას ეს პატივი 48 წლის ასაკში ერგო.

[მუსიკა. Delia's Gone]

ჯონი კეშის ერთ-ერთ საუკეთესო ალბომს "The Man In Black" - "შავოსანი კაცი" - ეწოდება. ამავე სახელწოდების სიმღერაში კეში ასეთ სიტყვებს ღიღინებს: "შავებს ვიცვამ ღარიბებისა და ჩაგრულებისთვის, მათთვის, ვინც ქალაქის უნუგეშო, მშიერ ნაწილში ცხოვრობს; ვეცდები, ცოტაოდენი სიბნელე ჩემი მხრებით ვზიდო და, ვიდრე შუქი გამოჩნდებოდეს, შავოსან კაცად დავრჩები" (დაე, მაპატიოს მსმენელმა ეს უხეირო თარგმანი).

ჯონი კეშის დაკრძალვის ცერემონიაზე სამგლოვიარო სიტყვის წარმოთქმის პატივი მის კოლეგასა კრის კრისტოფერსონს ხვდა. "ჯონი კეში ყველაფერ იმას წარმოადგენდა, რაც კი ამერიკაში საუკეთესო არისო", თქვა თავის მეგობარზე კრისტოფერსონმა და დამსწრეთა უსიტყვო თანხმობაც მიიღო. ჯონი კეშზე საუბარი კი გვინდა დავამთავროთ მისი სიმღერით "ნუ დამმარხავთ უკაცრიელ პრერიაში".

[მუსიკა. O Bury Me Not]

ხულიო იგლესიასი 60 წლისაა

დავით კაკაბაძე:
იუბილარი, რომელზეც ახლა გიამბობთ, 19 წლის იყო, როცა საავტომობილო ავარიაში მძიმედ დაშავდა და ლოგინს მიეჯაჭვა. ის რამდენიმე თვე ფეხზე ვერ დგებოდა და ისღა დარჩენოდა, სამუდამოდ გამოთხოვებოდა საფეხბურთო კარიერას --- თან რა კლუბში: მადრიდის "რეალში", რომელიც დიდ იმედებს ამყარებდა ახალგაზრდა მეკარეზე - ხულიო იგლესიასზე! მაგრამ სტადიონზე უიღბლოს ესტრადაზე მაინც გაუმართლა - მისი ხმა მილიონობით ადამიანმა შეიყვარა. როგორც ამბობენ, დღესაც წუთი არ გადის ისე, ხულიო იგლესიასის სიმღერა რომელიმე რადიოსადგურში რომ არ ჟღერდეს. მართალია, ამ რადიოსადგურებს აქამდე არ მივეკუთვნებოდით, მაგრამ გამონაკლისის დრო დადგა: ხულიო იგლესიასს რამდენიმე დღეში, 23 სექტემბერს 60 წელი შეუსრულდება და ვიდრე მის შესახებ მარიამ ჭიაურელი გიამბობდეთ, იგლესიასის ერთ-ერთ ჰიტს მოვუსმინოთ.

[მუსიკა]

მარიამ ჭიაურელი:
ხულიო იგლესიასის პოპულარობა მრავალწლიანი შრომის ნაყოფია. ის თავადაც აღიარებს, რომ "პატარა ხმა ჰქონდა", იხსენებს, როგორ იუკადრისა მასთან ერთად ჩანაწერის გაკეთება სტივი უანდერმა -"ჯერ სიმღერა ისწავლოსო". მაგრამ გამოხდა ხანი და იგლეისაის გვერდით სიმღერა პატივად ჩათვალეს ფრენკ სინატრამ, დაიანა როსმა, სტინგმა, სხვათა შორის, სტივი უანდერმაც...

ესპანელი მომღერალი, რომლის თაყვანისმცემელთა შორის, (აღიარებული ფაქტია), ქალები ჭარბობენ, აგერ უკვე 35 წელია სცენაზე დგას. მუდამ მზით გარუჯული, უცვლელი ჟესტებითა და მიმიკით: აი, იგლესიას მიმართ ინტერესმა კი იკლო - დაპატარავდა დარბაზებიც, რომლებშიც მას ეპატიჟებიან. მაგრამ შლიაგერების მეფე სიმღერას არ იშლის "მუსიკაა ჩემი ძრავა - ის, რისთვისაც სიცოცხლე მართლაც მიღირსო"...

მართლაც, ძნელია წარმოსადგენია, იგლესიასს მერკანტილური მოსაზრებები ამოძრავებდეს: 1968ა წელს მშობლიურ ესპანეთში, ბენიდორმის მუსიკალურ ფესტივალში პირველი პრემიის მოპოვების შემდეგ მას 80-ზე მეტი ფირფიტა აქვს გამოცემული, გაყიდულია მათი 250ი მილიონზე მეტი ეგზემპლარი.

ხულიო იგლესიასს მაიკლ ჯეკსონიც კი ვერ შეედრება - როგორც გინესის რეკორდების წიგნი გვამცნობს, მასზე მეტი ფირფიტა არც ერთ სოლისტს არ გაუყიდია. რეკორდის შთაბეჭდილებას სტოვებს ესპანელი მომღერლის კონცერტების რაოდენობაც - 2500!

აჯობებს თუ არა ხულიო იგლესიასს საკუთარი შვილი, ენრიკე იგლესიასი, დრო აჩვენებს. თუ მადრიდში გამომავალ გაზეთ "ელ მუნდოს" დავუჯერებთ, ასაკში შესულ ვარსკვლავს უჭირს შვილის წარმატებასთან შეგუება.

[მუსიკა]

საინტერესო ამბების კალეიდოსკოპი

დავით კაკაბაძე:
ახლა კი ჩვენს ტრადიციულ რუბრიკას, "საინტერესო ამბების კალეიდოსკოპს მოუსმიეთ. იგი დღეს ბიძინა რამიშვილმა მოამზადა.

ბიძინა რამიშვილი:
რა კავშირი შეიძლება იყოს ფეხბურთის ვარსკვლავ დევიდ ბეკჰემს, სიყვარულსა და საქართველოს შორის? საქმეში ჩაუხედავთ შეიძლება ამ კითხვაზე პასუხის გაცემა გაუჭირდეთ. მაგრამ როგორც ჟურნალი "გალა" წერს, ბრიტანელი სპორტსმენის ბიოგრაფიიდან ირკვევა, რომ თავისი მეუღლე, ვიქტორია, პირველად 1996 წელს უნახავს ვიდეოფირზე თბილისში. ბეკჰემი მაშინ ინგლისის ნაკრების გამოსვლის წინა დღეს სასტუმროს ნომერში უყურებდა ანსამბლ "სპაისი გერლზის" კონცერტს, რომლის შემადგენლობაშიც გამოდიოდა ვიქტორია . "ამ ქალს უნდა შევხვდეო", უთქვამს მას. ერთი თვის შემდეგ კი "მანჩესტერ იუნაიტედის" კლუბში შეხვედრია მომავალ მეუღლეს, რომელსაც მისთვის თავისი მშობლების ტელეფონის ნომერი დაუწერია ბარათზე. "ეს ძვირფასი ჩანაწერი დღემდე შენახული მაქვსო," წერს ფეხბურთელი. შემდეგ კი იგი თავისი ოცნების ქალს ყვავილებს ახვედრებდა ყველა სასტუმროში, სადაც კი ვიქტრია ჩერდებოდა. და, გარდა ამისა, ყოველდღე ერთ წითელ ვარდს უგზავნიდა.

[მუსიკა]

აქამდე დარვინის თეორიის მიხედვით ცნობილი იყო, რომ ცხოველთა სამყაროში გადარჩენის და განვითარების შანსები აქვთ იმათ, ვისაც რეპროდუქციის კარგი უნარი აქვს. ამიტომ ცხოველთა ბებიებისა და ბაბუების ადგილი ამ თეორიაში ერთობ მოკრძალებულად გამოიყურებოდა. მაგრამ საქმე შეიძლება ცოტა სხვაგვარად იყოს. პოპულაციების ექსპრეტმა კალიფორნიის უნივერსიტეტიდან, დოქტორმა რონალდ ლიმ, ალტერნატიული თეორია განავითარა. მისი გამოკვლევები ნათელყოფს, რომ ცხოველთა სამყაროში ინდივიდები პოსტრეპროდუქციულ პერიოდში განაგრძობენ ღირებული სამსახურის გაწევას შთამომავლობის მოვლის საქმეში. მაგალითად, ასაკოვანი ბოთლისცხვირა დელფინები და ზოგიერთი სახეობის ვეშაპები თავიანთ შვილიშვილებს ყარაულობენ, ართობენ და ძუძუსაც კი აწოვებენ. ლის მოდელის თანახმად, ბიოლოგიური სახეობა, რომელსაც მცირერიცხოვანი შთამომავლობა ჰყავს, მაგრამ ადამიანების მსგავსად ბევრ დროს უთმობს მათ მოვლას, წარმატებას აღწევს ისეთი წევრების აღზრდაში, რომლებიც რეპროდუქციულ პერიოდზე ბევრად უფრო დიდხანს ცოცხლობენ. როგორც ჩანს, შვილიშვილების განებივრების სურვილი ცხოველთა გენეტიკურ კოდშიც კი დევს.

[მუსიკა]

ჩეხები ცნობილი არიან იმით, რომ ერთობ ინდიფერენტულად ეკიდებიან ქალაქის ქუჩებში მომხდარ უბედურ შემთხვევებს. ასეთ საყვედურს პირველ რიგში უცხოელებისგან გაიგებთ. სხვათა შორის, რამდენიმე წლის წინათ მეც გავხდი პრაღელთა გულგრილობის მოწმე, როცა მეტროს კიბეზე ფეხი ვიღრძე და არავინ წამომშველებია. მას მერე ფეხიც მომირჩა, წყენამაც გამიარა და ჩეხების გულგრილობასაც მივეჩვიე. მაგრამ ახლახან გაზეთმა "მლადა ფრონტა დნეს"-მა კვლავ დააყენა ეს საკითხი. გაზეთის გამოკვლევის მიხედვით, გამვლელთა გაჭირვების მიმართ გულგრილობის მიზეზი ის ყოფილა, რომ სულ უფრო და უფრო ცოტა ჩეხმა იცის პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა. ამის გამო ხალხს ეშინია უბედურ შემთხვევასთან პირისპირ აღმოჩენა. არადა, ძალზე დასანანია. გაზეთი იმოწმებს პრაღის სასწრაფო დახმარების წარმომადგენელს, მარეკ უჰლირს, რომლის თანახმად, დაშავებულ ან ავადმყოფ ადამიანს გადარჩენის ორჯერ მეტი შანსი აქვს, თუკი ექიმის მოსვლამდე გამვლელთაგან მიიღებს პირველად დახმარებას. მაგრამ საკუთარი გამოცდილებით თუ ვიმსჯელებ, ზოგჯერ სამედიცინო დახმარებაზე უფრო კარგად მოქმედებს უბრალო გამხნევება და თანადგომის სიტყვა.

[მუსიკა]

დავით კაკაბაძე:
"მეათე სტუდია" და მასთან ერთად ჩვენი დღევანდელი პროგრამა მთავრდება. რადიოჟურნალი პრაღაში მოამზადეს მარიამ ჭიაურელმა, ბიძინა რამიშვილმა და დავით კაკაბაძემ. თბილისის სტუდიაში ხმის ოპერატორის პულტთან იჯდა ლევან გვარამაძე. გადაცემას დავით კაკაბაძე უძღვებოდა. მომავალ შეხვედრამდე.

[მუსიკა]

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG