Accessibility links

logo-print

რატომ არის ზვიად გამსახურდიას და ედუარდ შევარდნაძის მმართველობა გუშინდელი დღე


შუა საუკუნეებში მიაჩნდათ, რომ მმართველები ადამიანებს უყვართ საკუთარი შეხედულებებიდან გამომდინარე, ხოლო მის მიმართ შიში ებადებათ თავად მმართველის შეხედულებების საფუძველზე.

თანამედროვე ქართული პოლიტიკა ამ ძველ თვალსაზრისს სრულად ადასტურებს.

ის პოლიტიკური ლიდერი, რომელიც ყველაზე მეტად უყვარდათ საქართველოში, უეჭველად ზვიად გამსახურდია იყო. გამსახურდია უყვარდათ თავისუფლების იდეის გამო, რომელსაც ადამიანები ათწლეულების განმავლობაში სანუკვარ ოცნებად ატარებდნენ. ეროვნული მოძრაობის ლიდერებს შორის ზვიად გამსახურდია აღმოჩნდა ის ფიგურა, რომელმაც თავის პოლიტიკურ სვლებში ყველაზე ზუსტად ასახა საზოგადოების წევრთა უმრავლესობის შეხედულებები და პოლიტიკური ნება. მაგრამ, სწორედ ამის გამო, გამსახურდია საზოგადოებრივი აზრის ტყვეობაში მოექცა და, ხალხის სიყვარულის ტალღაზე მონანავემ, დაკარგა უნარი, რომ საკუთარი შეხედულებების საფუძველზე ემართა ქვეყანა. შესაბამისად, პრეზიდენტი გახდა ადვილად პროგნოზირებადი, გამჭვირვალე და არასაშიში საზოგადოების მეორე ნაწილისთვის, რომელიც გამსახურდიას სიყვარულის ტალღებს მიღმა იყო დარჩენილი. სწორედ ამ ვითარებამ გახადა შესაძლებელი პრეზიდენტის წინააღმდეგ შეიარაღებული ამბოხი და სამოქალაქო ომი.

ზვიად გამსახურდიას შემდეგ სახელმწიფოს მეთაური ედუარდ შევარდნაძე გახდა. საზოგადოების მოლოდინი მის მიმართ მრავალმხრივი იყო: გამსახურდიას მომხრეების ერთი ნაწილი შურისძიებაზე ფიქრობდა, მეორე ნაწილს, პირიქით, ხელისუფლების მხრიდან შურისძიების ეშინოდა, უმრავლესობა კი მშვიდობაზე ოცნებობდა და შევარდნაძემ ეს კარგად იცოდა. იგი ითვალისწინებდა ადამიანების ყველა ჯგუფის შეხედულებებს, მაგრამ ქვეყანას მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი შეხედულებების საფუძველზე მართავდა. ამ რეალობამ ედუარდ შევარდნაძის მმართველობა გაუმჭვირვალ, ამოუცნობ და საშიშ მოვლენად აქცია.

ძალაუფლების გამტკიცების კვალდაკვალ, შევარდნაძე სულ უფრო მეტად გაემიჯნა საზოგადოებას. ჩამოყალიბდა უცნაური ვითარება, როცა, ერთი მხრივ, ქვეყანაში გამეფებდა განუკითხაობა, განსაკუთრებით, ხელისუფლების მაღალ ეშელონში, მეორე მხრივ კი - მთელი მთავრობა და მასთან დაახლოებული წრე გაიჟღინთა შიშით და ძრწოლით შევარდნაძის მიმართ. როცა არავის იჭერენ და არავის სჯიან, რა ასაზრდოებს შიშის სინდრომს, რომელითაც დამუხტულია ჰაერი შევარდნაძის ირგვლივ და რომელიც მკაფიოდ იგრძნობა, თუნდაც, მთავრობის სხდომებზე? ალბათ, სწორედ ის, რომ შევარდნაძის მმართველობა ერთპიროვნული და, აქედან გამომდინარე, მართლაც ამოუცნობი და საშიშია.

საქართველოს უკვე ჰყავდა ერთი პრეზიდენტი, რომელიც უყვარდათ; ახლა ჰყავს მეორე, რომლისაც ეშინიათ. ორივე ტიპის მმართველი გუშინდელი დღეა, რადგან არც სიყვარული და არც შიში არ არის ის ცნებები, რომლებიც ტრადიციული დემოკრატიის ქვეყნებში პრეზიდენტის მიმართ ხალხის დამოკიდებულებას ასახავს.
XS
SM
MD
LG