Accessibility links

logo-print

ბრიტანეთის, გერმანიის და საფრანგეთის ხელისუფლები ერაყის თაობაზე გარიგების მიღწევას შეეცდებიან


შაბათს ბერლინში დილიდანვე მიუსხდებიან მოლაპარაკების მაგიდას ბრიტანეთის, საფრანგეთის და მასპინძელი გერმანიის ლიდერები - ბლერი, შირაკი და შრიოდერი. ბლერი ერაყის პოლიტიკაში ერთ მხარეს იყო,

შირაკი და შრიოდერი - მეორეზე. ბრიტანეთი აშშ-ს მხარში ედგა ერაყის ომში, ამის საპირისპირო იყო პარიზისა და ბერლინის თვალსაზრისი. ახლა, როცა ვაშინგტონი მთელ მსოფლიოში ეძებს ერაყის რთულ ვითარებაში დახმარებას, გამოსავალს, შაბათის შეხვედრის მონაწილენი კვლავ მნიშვნელოვანი ფიგურები გახდნენ.
ბერლინის შეხვედრა ეწყობა მაშინ, როცა აშშ გაეროში ცდილობს იმ რეზოლუცის გატანას, რომელიც მეტ სახელმწიფოებს ჩააბამდა ომისშემდგომი ერაყის კვლავ აღდგენაში და იქ აშშ-ის მაკონტროლებელი ფუნქციის შენარჩუნებასაც შეუწყობდა ხელს. მთავარი უთანხმოება აშშ-სა და გერმანია-საფრანგეთის დუეტს შორის ვადებია, თუ რა დროში უნდა გადაიბარონ ერაყელებმა მათი ქვეყნის სადავეები და როგორი როლი უნდა დაეკისროს ამ პროცესში გაეროს. აშშ-ის სახელმწიფრო მდივანმა, კოლინ პაუელმა ამ კვირაში ბაღდადში გამოსვლისას თქვა, რომ ქვეყნის კონტროლზე ხელის ერთბაშად აღება უბედურების გამოწვევა იქნებოდა. საფრანგეთის პრეზიდენტმა ჟაკ შირაკმა, რომელიც გერმანიის კანცლერს ორი დღის წინ უკვე შეხვდა და ესაუბრა, ჟურნალისტებთან შეხვედრისას ორი სახელმწიფოს პოზიცია ასე გამოხატა:
[შირაკის ხმა] "რაც შეიძლება უნდა დავაჩქაროთ პოლიტიკური მოგვარება, სწრაფად გადავცეთ ერაყის ამჟამინდელ ხელისუფლებას სამთავრობო პასუხისმგებლობა გაეროს კონტროლით. და როცა ვამბობ - რაც შეიძლება დავაჩქაროთ, ჩვენთვის ეს თვეების საქმეა და არა წლების".
"ნიუ-იორკ ტაიმსი" პარასკევის ნომერში შრიოდერთან საუბარს აქვეყნებს. კანცლერი ამბობს, რომ ვაშინგტონი და ბერლინი ერაყში მშვიდობის დასამყარებლად ერთად უნდა იღწვოდნენ და გაერომ უნდა ითამაშოს მაკონტროლებელი როლი, რთა მათ მისიას უფრო ფართო სამართლებრივი ნიშანი მიანიჭოს. ამასთან, ის, რომ გერმანელები არ აპირებენ ერაყში ჯარის გაგზავნას, ცხადად გამოხატა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოშკა ფიშერმა. რაც შეეხება თვით გაეროს, გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა გამოაცხადა, რომ ის არ ესწრაფვის ერაყში სრული კონტროლის აშშ-ისგან საკუთარ თავზე გადაბარებას.
[ანანის ხმა] "ზოგიერთს, როცა გაეროს როლზე ლაპარაკობს, ჰგონია, რომ გაერო ქვეყნის გადაბარებას და მართვას აპირებს. ეს არასოდეს ყოფილა ასე. გაერო არც უსაფრთხოების ხელში აღებით და არც ცისფერჩაფხუტიანების იქ გაგზავნით არ არის დაინტერესებული".
ახლა ერთი ექსპერტის - ალექსანდერ სმოლარის მოსაზრებას გავეცნოთ. ალექსანდერ სმოლარი პარიზში ცხოვრობს და მუშაობს და ვარშავის სტეფან ბატორის ფონდს ხელმძღვანელობს.
[სმოლარის ხმა] "საკუთრივ ბრიტანეთსა და ფრანკო-გერმანულ პოზიციებს შორის კომპრომისს ადვილად მიაღწევენ, რადგან ბლერი გაეროს და უშიშროების საბჭოს უფრო დიდი როლის მომხრე იყო ყოველთვის და, ამდენად, ევროპელი იყო. ის ევროპის უფრო ფართო ჩარევას ემხრობოდა მაშინაც, როცა აშშ ამის წინააღმდეგი იყო. ისე რომ, პრობლემა ბლერსა და შრიოდერ-შირაკს შორის, მე მგონია, კომპრომისი კი არ არის, არამედ როგორ მოვძებნოთ კომპრომისი ვაშინგტონთან".
აღსანიშნავია, რომ ბრიტანეთის საგანგებო წარგზავნილმა ერაყში, ჯერემი გრინსტოკმა ბაღდადში ხაზი გაუსვა - ერაყში აშშ-ის ადმინისტრაციის მეთაურის, ბრემერის მიზანი ჩემი მიზანია, აქ იმიტომ ვარ, რომ მას დავუდგე მხარში, ბრიტანეთი და აშშ ერთნი არიანო.
XS
SM
MD
LG