Accessibility links

logo-print

ამოიწურა საარჩევნო ბლოკების რეგისტრაციის ვადა


თამარ ჩიქოვანი 20 სექტემბერს, საღამოს 6 საათზე ამოიწურა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საარჩევნო ბლოკების რეგისტრაციის ვადა. პოლიტიკურ პარტიებს სწორედ 20 სექტემბრამდე უნდა გადაეწყვიტათ,

რა ფორმით - დამოუკიდებლად თუ რომელიმე პარტნიორთან ერთად მიიღებენ მონაწილეობას 2 ნოემბრისთვის დაგეგმილ არჩევნებში.

როგორც ჩანს, ამომრჩეველს ამჯერადაც რთული არჩევანი ელის - გაერთიანებისკენ სწრაფვის შემცველი განცხადებების მიუხედავად, ბლოკების შექმნის თვალსაზრისით პოლიტიკურ პარტიების საქმიანობაში რაიმე გარღვევა არც 2 ნოემბრის არჩევნების წინ მოხდა. დიდი ოპოზიციური ბლოკის შექმნის იდეის გამხმოვანებელი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი საპარლამენტო არჩევნებში თბილისის თვითმმართველობის ორგანოს არჩევნებისას გამოცდილი პარტნიორებით ჩაერთვება - 20 სექტემბერს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციაში გატარდა ბლოკი " სააკაშვილი-ნაციონალური მოძრაობა", რომელშიც შედიან ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ეროვნულ ძალთა გაერთიანება და რესპუბლიკური პარტია. ის მომენტი, რომ ბლოკის დასახელებაში მიხეილ სააკაშვილის სახელი ფიგურირებს, იმის ნიშნად უნდა ჩაითვალოს, რომ ყოყმანის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა მაინც მიიღო გადაწყვეტილება, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გადადგომის შესახებ.
ორიოდე თვის წინ საჯაროდ გამოთქმული მოსაზრების მიუხედავად, არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობას რომ ეხებოდა, საარჩევნოდ ამომრჩევლის წინაშე მაინც ბლოკის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო მოძრაობამ "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს", რომელმაც პარტნიორად პოლიტიკური გაერთიანება " სპორტული საქართველო" შეარჩია. არადა, მანამდე აქტიურად მუსირებდა ხმები, მრეწველებისა და ახალი მემარჯვენეების შესაძლო პარტნიორობის თაობაზე. ამ უკანასკნელმაც - ახლებს ვგულისხმობ, - საკმაოდ ჭრელ პოლიტიკურ სპექტრში საარჩევნოდ მხოლოდ ერთი პარტნიორი - ლიბერალური პარტია შეარჩია.

საკმაოდ მოკრძალებულად გამოიყურება კიდევ ერთი საარჩევნო ბლოკი სახელმწოდებით "ერთობა" - იგი პოლიტიკურ გაერთიანება "ერთობას" და საქართველოს სოციალ-დემოკრატიულ პარტიას აერთიანებს. არადა, ერთობის ლიდერის ჯუმბერ პატიაშვილის საკმაოდ მაღალი რეიტინგი საქართველოს რეგიონებში მას ბევრი პარტიის ლიდერისთვის სასურველ პარტნიორად წარმოაჩენდა. მაგალითად, გავრცელებული ხმებით, ჯუმბერ პატიაშვილთან შესაძლო გაერთიანების თაობაზე მოლაპარაკებებს მართავდა როგორც ნაციონალური მოძრაობის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი, ისე სახალხო პარტიის თავმჯდომარე მამუკა გიორგაძე.

რაც შეეხება სახელისუფლებო ბლოკს "ახალი საქართველოსთვის" - ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციის დასრულებამდე რამდენიმე საათით ადრე გავრცელდა ცნობები, რომ თითქოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტია ბლოკის დატოვებას გეგმავდა. ეს ცნობა დღის ბოლოს არ დადასტურდა - სახელისუფლებო ბლოკს სუბიექტები არ გამოკლებია. ბოლო წუთამდე ასევე გაურკვევლად რჩებოდა ბლოკ "ბურჯანაძე-დემოკრატების" შემადგენლობაც - რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადების მიუხედავად, ბლოკში ტრადიციონალისტთა კავშირის გაერთიანების თაობაზე, ოფიციალურად თავად ტრადიციონალისტებს ეს არ დაუდასტურებიათ. თუმცა, საბოლოოდ ტრადიციონალისტებმა არჩევანი მაინც ბურჯანაძის სასარგებლოდ გააკეთეს - ცენრტალურ საარჩევნო კომისიაში გატარებულ ბლოკში ტრადიციონალისტები შედიან, ქრისტიან-დემოკრატიული პარტიისგან განსხვავებით...

როგორც გახსოვთ, სწორედ ამ პარტიამ დაუთმო თავისი ადგილი რეგისტრაციის გარეშე დარჩენილ ზურაბ ჟვანიას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიებში არჩევნების მისაღებად. სწორედ ქრისტიან-კონსერვატორული პარტიის სულგრძელი ჟესტის შედეგად მიეცა ბლოკ "ბურჯანაძე-დემოკრატებს" თავისი წარმომადგენლის დანიშვნის უფლება როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ისე დაბალი დონის კომისიებში.
XS
SM
MD
LG