Accessibility links

logo-print

მარკირების დასანერგად ეუთო სატელევიზიო კლიპების გადაღებას დააფინანსებს


საარჩევნო კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად საქართველოს ყველა დასახლებულ პუნქტში, სადაც ერთზე მეტი საარჩევნო უბანია შექმნილი, საუბნო კომისიის წევრები ამომრჩეველთა მარკირებას მოახდენენ,

რაც თვალით უხილავი და ადამიანის ჯანმრთელობისათვის უვნებელი ქიმიური საღებავის მარჯვენა ხელის ცერა ან საჩვენებლი თითის ფრჩხილზე წასმას გულისხმობს.

მარკირების ერთადერთი მიზანი გაყალბებისა და ე.წ. "კარუსელების" თავიდან აცილებაა, ანუ ის, რომ გამოირიცხოს ერთი და იმავე ადამიანის მიერ ხმის ორჯერ და მეტჯერ მიცემის შესაძლებლობა, რაც წინა არჩევნებზე არა ერთხელ და ორჯერ მომხდარა.

მარკირების გამოყენების გარდაუვალობაზე საუბრობს არასმთავრობო ორგანიზაციის, "სამართლიანი არჩევნების" წარმომადგენელი ნუგზარ კუპრეიშვილი. თუმცა ჩემთან საუბარში მან განაცხადა, რომ საკითხი იმის შესახებ, თუ რა სახით მოხდება ამომრჩეველთა მარკირება, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის.

[ნუგზარ კუპრეიშვილის ხმა] "ეს შეიძლება იყოს საღებავი, პულივიზატორით და მისი ამომცნობი დეტექტორით და ეს შეიძლება იქოს ფანქარი, ეს შეიძლება იყოს ფუნჯით საღებავის დატანება და სხვა. არ ვიცი, როგორ იქნება, მაგრამ ის, რომ კანონით აუცილებელია მარკირება, ეს უნდა შესრულდეს და ამაზე უკვე ზრუნავს ცენტრალური საარჩევნო კომისია." (სტილი დაცულია)

საინტერესოა რას ფიქრობენ სიახლის შესახებ რიგითი ამომრჩევლები. მარკირების გამო, ხომ არ გადაიფიქრებენ ისინი არჩევნებზე მისვლას.

[ქალბატონის ხმა] "ეს კეთდება იმიტომ, რომ შეამცირონ გაყალბების შესაძლებლობა"
[ქალბატონის ხმა] "არ არის არანაირად დამამცირებელი, წავალ, არ დამაფრთხობს მარკირება არანაირად"
[მამაკაცის ხმა] "რა თქმა უნდა, გაცილებით შეურაცხმყოფელია, როცა არჩევნებს აყალბებენ. ეს არანაირად არ არის დისკრიმინაციული ან სხვა რამე".
[ქალბატონის ხმა] "შეურაცხმყოფელი იმტომ არის, რომ ვფიქრობ ჩემი ნება უნდა გამოვხატო და იქ ვიღაცამ შტამპი დამადოს, არა მგონია რაღაც ისეთი იყოს"
[მამაკაცის ხმა] "არა, ამის გამო ნამდვილად არ გადავიფიქრებ. ერთად-ერთი რაც მაფიქრებს, თუ ეს ხელის ანაეჭდი არ დატოვებს კვალს, ანუ არ გამოიყენეს მომავალში პირვნების იდენტიფიცირებისათვის სახელმწიფო უწყებები, საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. (სტილი დაცულია)

იმის თაობაზე, თუ რატომ უფრთხის ზოგიერთი ამორჩეველი მარკირების უმტკივნეულო პროცედურას, სოციოლოგ ემზარ ჯგერენაის ასეთი პასუხი აქვს: [ემზარ ჯგერენაიას ხმა] "ეს მომდინარეობს ქართული ხასიათიდან, ჩვენი მენტალიტეტი ამას რატომღაც აღიქვამს, როგორც უნდობლობას ადამიანის მიმართ, მაგრამ ასევე ეს შეიძლება იყოს გარკვეული პოსტ-საბჭოთა სინდრომი - ადამიანებს ეშინიათ ყოველგვარი ამდაგვარი მარკირების. თვალთვალის ელფერი ახლავს ხოლმე ამ მომენტს და ეს ალბათ არის პოსტ-საბჭოთა სინდრომი ძირითადად"(სტილი დაცულია)

თუმცა, ამ ორი მიზეზის გარდა არის კიდევ ერთი, რომელზეც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საუბრობს. ნანა დავდარიანმა ჩემთან საუბარში არჩევნების გამყალბებელთა ბოროტ ზრახვებზე ასეთი რამ განაცხადა: [ნანა დევდარიანის ხმა] "ვიღაც-ვიღაცეებმა უკვე დაიწყეს სპეკულირება, რომ ეს ანტიქრისტიანულია და ასეთია და ისეთაი... და ვინც ამას აკეთებს, ის შეგნებულად ცდილობს, რომ გაყალბების შანსი დარჩეს. პირადპირ არ ჩანს, თუ ვინ აკეთებს ამას, მაგრამ, როგორც ჩანს მათი თვალსაზრისის გახმოვანება ხდება სხვადასხვა საშუალებებით, იმიტომ, რომ აბსოლუტურად უსაფრთხო, რომელიც თვალით არ ჩანს და მერე გადადის, რატომ შეიძლება ამას პროტესტი გამოუცხადო. თუ არ გინდა, რომ კარუსელი დაატრიალო და სხვადასხვა უბანში შენ ხალხს ხმა მიაცემინო. ასე არ არის?" (სტილი დაცულია)

ცხადია ასეა და იმისათვის, რომ ამ ადამიანებმა ამომრჩევლების ბოლომდე დაშინეება ვერ შეძლონ, ეუთო უახლოეს დღეებში შეუდგება პროექტის განხორციელებას, რომელის მიზანი, სატელევიზიო კლიმპების საშუალებით, მოსახლეობის ინფორმირების დონის ამაღლებაა.
XS
SM
MD
LG