Accessibility links

logo-print

პრეზიდენტმა მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი დასამუშავებლად საფინანსო უწყებას უკან დაუბრუნა


ზაზა გაჩეჩილაძე გასულ კვირას საქართველოს პრეზიდენტმა მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი ფინანსთა სამინისტროს გადასამუშავებლად უკან დაუბრუნა.

2004 წლის მთავარი ეკონომიკური კანონის პროექტი საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საკანონმდებლო ხელისუფლებას 1 ოქტომბრამდე უნდა წარედგინოს. მიუხედავად იმისა, რომ ამ პარლამენტს ბიუჯეტისათვის ნამდვილად არ სცხელა და პროექტს საბოლოოდ მაინც ახალად არჩეული საკანონმდებლო ორგანო დაამტკიცებს, ფინანსთა სამინისტრო მაინც ვერ დააღწევს თავს შექმნილ "საკონსტიტუციო ცაიტნოტს".

თავად ბიუჯეტის პროექტი, რომელიც მთავრობის სხდომაზე არც განხილულა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელთა უმრავლესობას თვალითაც არ უნახავს, გასულ კვირაში პრეზიდენტს და ეკონომიკური ბლოკის მინისტრებს წარედგინა. ამ პროეტის მიმართ თავისი უკმაყოფილება პრეზიდენტის გარდა სხვა უწყებების ხელმძღვანელებმაც გამოთქვეს. საქმე ისაა, რომ მომავალი წლის ბიუჯეტის საშემოსავლო და ხარჯვით ნაწილში წლევანდელი პარამეტრები სულ უნიშვნელოდ არის გაზრდილი. ხელისუფლება კი, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში მთავარი ეკონომიკური კანონის ამბიციურ ციფრებს მიეჩვია, ბუნებრივია, კმაყოფილი ვერ იქნება მოკრძალებული პარამეტრებით, მითუფრო, არჩევნების წინ, როდესაც სხვადასხვა რაიონების თუ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელთა გულებია მოსაგები. ხელისუფლებისათვის ამჯერად მნიშვნელობა არა აქვს რეალური იქნება თუ არა გაბერილი ხარჯები, მთავარი ქაღალდზე დაფიქსირებული პარამეტრებით მავანთა გული მოიგოს და არჩევნების შემდეგ მომავალ წელს ამ ციფრებს ისე ურცხვად ჩაუტარებს სეკვესტრს, რომ სინდისის ქეჯნის მისთვის უცხო გრძნობა ნაკლებად შეაწუხებს.

"საკონსტიტუციო ცაიტნოტის" მთავარი მიზეზიც სწორედ ეს გახლავთ. საფინანსო უწყება საგონებელშია ჩავარდნილი, რადგან არ იცის რით დააბალანსოს ახალი ბიუჯეტის ხარჯების დაახლოებით 120 მილიონიანი გარღვევა. უფრო მეტიც, პრეზიდენტი არსებული დეფიციტის გარდა ხარჯების კიდევ უფრო მეტ გაზრდას მოითხოვს. ანუ გასული წლების ბიუჯეტის "ჰაერით გაბერვის" ტრადიცია, სავარაუდოდ, არც ამჯერად დაირღვევა.

ისტორია მეორდება - ყოველი წლის ზაფხულში საფინანსო უწყება კონსტიტუციური მოთხოვნის შესაბამისად, პარლამენტს მომავალი წლის ბიუჯეტის ძირითად პარამეტრებს წარუდგენს, შემდგომ ამ პარამეტრებს პროექტში, რომელიც 1 ოქტომბერს შედის საკანონმდებლო ხელისუფლებაში სხვადასხვა უწყებების ზეწოლით რამოდენიმე ათეული მილიონი ლარი ემატება, ხოლო კანონმდებლები თავის მხრივ სხვადასხვა მანქანებით კიდევ ახერხებენ ხარჯების ზრდას, საბოლოოდ ვიღებთ არარეალურ და სეკვესტრისათვის წინასწარ განწირულ ბიუჯეტს, რომლის შესრულებაზე პასუხისმგებლობას უკეთეს შემთხვევაში ერთ უწყებას ვავალებთ.

საბიუჯეტო ვაჭრობა, რომელიც ჯერ აღმასრულებელ ხელისუფლებაში იწყება და შემდეგ საკანონმდებლო ორგანოს კულუარებში გადადის, როგორც წესი, ერთი მიმართულებით მიმდინარეობს და როგორც შედეგი ილუზორული კანონის მიღებით სრულდება. სწორედ ამის გამო ქვეყანა ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში ტოტალურ საბიუჯეტო დეფიციტში, გაუცემელ ხელფასებსა და შემწეობების პირობებში, დაუფინანსებელი სასიცოცხლო პროგრამებში და მუდმივი სეკვესტრის მოლოდინში ცხოვრობს.

მომავალი 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტად ფინანსთა მინისტრი საშინაო და საგარეო დავალიანებების გასტუმრებას ასახელებს. ამ მიზნით ბიუჯეტის პროექტში 120 მილიონი საგარეო ვალდებულებების გასტუმრება და 90 მილიონი ლარის საშინაო ვალის გადახდაა გათვალისწინებული. ამ უკანასკნელიდან 40 მილიონი ლარი ძველი საპენსიო დავალიანებების, ხოლო 20 მილიონი სახელფასო დავალენებების გასტუმრებაზეა გაწერილი.

თავად 2004 წლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი მილიარდ 700 მილიონ ლარს შეადგენს. მომავალი წლის ბიჯეტი ასევე თავს ვერ დააღწევს აჭარიდან გადმოსარიცხი თანხების პრობლემასაც. პროეტის თანახმად უკვე ამ ეტაპზე დაუბალანსებელია დაახლოებით 120 მილიონი ლარის ხარჯები, რომლის დაფარვის წყარო ჯერ არ არის გამოძებნილი. დეფიციტის მთავარ მიზეზად კანცელარიაში საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან დაფინანსების შეწყვეტას ასახელებენ. თავის მხრივ ამ პროგრამების შეჩერების ძირითადი მიზეზი ისევ და ისევ სახელმწიფო ბიუჯეტია, რომლის რეალურ დონეზე გათვლა და შემდეგ კი მისი განუხრელი შესრულება ვერ ხერხდება. ფისკალური პრობლემების წყალობით საქართველო წელს ვეღარც იოცნებებს სავალუტო ფონდის დაგეგმილ დაფინასებაზე, რაც ასევე ადექვატურად აისახება სხვა დონორების პროგრამებზეც. ანუ შეკრულია მოჯადოებული წრე - ქვეყანა იღებს ამბიციურ ბიუჯეტს, ქაღალდზე აფიქსირებს არარეალურ შემოსავლებს, შემდეგ ვერ ახერხებს გადასახადების დმინისტრირებას, პერმანენტულად არღვევს ფონდთან შეთანხმებულ პარამეტრებს, რაზეც ეს ორგანიზაცია პროგრამის დაფინასების შეწყვეტით რეაგირებს, რაც თავის მხრივ აპრიორი დეფიციტს აჩენს მომავალი წლის საბიუჯეტო კანონში.

დღეს სხვადასხვა წრეებში მეტისმეტად პოპულარულია საგადასახადო რეზერვებზე საუბარი და აღმასრულებელი თუ საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებიც ხარჯების გაწელვის მოთხოვნისას სწორედ ამ რეზერვებზე აპელირებენ. თუმცა რეზერვების რეალური ამოქმედება, ბუნებრივია, არ ან ვერ ხერხდება და ამაში ისევ ხელისუფლებაა დამნაშავე, რომელიც საკანონმდებლო ლაფსუსების, დანაშაულებრივი დაუდევრობის თუ აშკარა კორუფციის ხარჯზე "კონტრაბანდულ ლაქებსა" და ჩრდილოვანი ეკონომიკის მასშტაბებს განუხრელად ზრდის.

გარდა დაუბალანსებელი ხარჯებისა, მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის რეალურ დაგეგმვას წელს აფერხებს საგარაო ვალდფებულებებთან დაკავშირებული გაურკვეველი ვითარება. თუ ქვეყანა პარიზის კლუბის ეგიდით ვერ შეძლებს კრედიტორი ქვეყნების დაყოლიებას ვალების რესტრუქტურიზაციაზე, მომავალი წლის ბიუჯეტის უდიდესი ნაწილი სწორედ ამ ვალების მომსახურებას დასჭირდება, რაც ბუნებრივია, სხვა პროგრამების დაფინანსებას მოაკლდება.

ვალების რესტრუქტურიზაციის პროცესი მეტისმეტად გაძნელდება, რადგან საერთაშორისო სავალუტო ფონდს, რომლის რეკომენდაციები ხელისუფლების მიერ იგნორირებულია, გაუჭირდება საქართველოს პარტნიორად გამოსვლა პარიზის კლუბში, ეს კი ნიშნავს, რომ ქვეყანა პირისპირ აღმოჩნდება საკაოდ ჭირვეულ კრედიტორებთან, რომელთაც წმინდა ეკონომიკური მოტივაციისა ტრადიციული პოლიტიკური დაინტერესებაც გააჩნიათ საქართველოს მიმართ.

იმ შემთხვევაში თუ ქვეყანა ვერ შეძლებს კრედიტორების დაყოლიებას, სახელმწიფო ბიუჯეტს მოუწევს როგორც 2004 წელს გადასახდელი საგარეო ვალდებულებების ძირითადი ნაწილის და პროცენტების გადახდა, ასევე 2003 წელს გადასახდელი ვალდებულებების გასტუმრებაც. ამჟამად ჩვენ საგარეო ვალებს, ფაქტობრივად რესტრუქტურიზაციის რეჟიმში ვემსახურებით, ანუ 2001 წელს პარიზის კლუბში მიღწული შეთანხმება ითვალისწინებდა ფორმულას 2+1 წელი. თუ წლის ბოლოს ვალები არ გადაგვივადეს, 2003 წლის ვალდებულებები თავიდან აითვლება. ვალების მომსახურების სიმძიმის გარდა წარუმეტებელ მოლაპარაკებებს საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და სხვადასხვა დონორებიდან მისაღები გრანტებისა და კრედიტების შეჩერებაც მოჰყვება, რაც დამატებით სიძნელეებს შეუქმნის ქვეყნის ისედაც მწირ საბიუჯეტო შესაძლებლობებს.

შესაბამისად, ხელისუფლებისათვის უაღრესად დიდი მნიშვნელობა უნდა ჰქონოდა სავალუტო ფონდის რეკომენდაციების შესრულებას. ფონდი საქართველოს მთავრობიდან არაფერს ექსტრაორდინალურს არ ითხოვდა, საუბარი იყო მხოლოდ იმ ვალდებულებების შესრულებაზე, რასაც ხელისუფლება თავად, სხვისი კარნახის გარეშეც უნდა ახერხებდეს. თუმცა საკუთარ პოლიტიკურ და ფინანსურ ინტერესებზე მზრუნველ ხელისუფლებას ამგავრი ვალდებულებების ტვირთვის ნებელობა და პასუხისმგებლობის გრძნობა, როგორც ჩანს, უკვე კარგა ხანია ატროფირებული აქვს.
XS
SM
MD
LG