Accessibility links

logo-print

საქართველოს პრესის მიმოხილვა


გიორგი კაკაბაძე, თბილისი თავდაპირველად, იმის შესახებ, თუ რას წერდა გასულ კვირაში საქართველოს პრესა წინასაარჩევნო ვითარებაზე.

იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ოპოზიციონერები კონსულტაციებისთვის კანცელარიაში მიიწვია, 18 სექტემბრის "მთავარი გაზეთი" წერს: "ოფიციალურად, კონსულტაციები ქვეყნის პირველ პირსა და წამყვან ოპოზიციურ პარტიებს შორის საპარლამენტო არჩევნების ნორმალურად ჩატარებას შეეხება". "ქართულ პოლიტპარტიებს ახასიათებთ ერთი თავისუბურება - როდესაც პრეზიდენტი მათ მიიწვევს, ისინი ჯერ ყოყმანობენ, შემდეგ კი მაინც მიდიან მასთან შესახვედრად. ...პრეზიდენტის განცხადებას ოპერატიულად გამოეხმაურნენ "ბურჯანაძე-დემოკრატების", "ახლებისა" და "აღორძინების" წარმომადგენლები.
საქმის ასე შემობრუნება ოპოზიციის ბრალია. კერძოდ, ბოლო თვეების განმავლობაში ქართულ პოლიტიკაში მიმდინარეობს თავისებური თამაში, ვინ ვისთან მივიდოდა კონსულტაციებისთვის. მაგალითად, სახელმწიფო კანცელარიას ძალიან აშფოთებდა "გაერთიანებული ოპოზიციის" ჩამოყალიბების შესაძლებლობა".

გაზეთის მიხედვით, "ოპოზიციამ გაერთიანება კი არა, ელემენტარულ საკითხებზე შეთანხმება ვერ შეძლო (მაგალითად, მაჟორიტარ კანდიდატებზე). ამას დაემატა ისიც, რომ "ბურჯანაძე-დემოკრატების" ალიანსმა საეროდ არია სიტუაცია, ანუ ერთი მსხვილი ოპოზიციური გაერთიანების ნაცვლად ჩამოყალიბდა დაახლოებით თანაბარი რეიტინგის მქონე რამდენიმე ოპოზციური პარტია - "ბურჯანაძე- დემოკრატები", ლეიბოირისტები, "ახლები", "ნაციონალები" "მრეწველები", "აღორძინება" და ა.შ."

შემდეგ "მთავარი გაზეთი" წერს: "... ოპოზიციურმა პარტიებმა ცალკე ერთმანეთს უნდა წაართვან ხმები, ცალკე კი - სახელისუფლებო ბლოკს. აქედან გამომდინარე, ... თითქმის ყველას აშინებს 7-პროცენტიანი ბარიერის გადალახვის პერსპექტივები". "მოკლედ, სულაც არ არის გასაკვირი, რომ ოპოზიციონერები პრეზიდენტთან შესაძლო კონსულტაციებს დიდი ენთუზიაზმით გამოეხმაურნენ. ჩვენი ინფორმაციით, ბევრ პარტიას აქვს იმედი, რომ ხელისუფლებასთან შეთანხმებით შეძლებენ აჯობონ
კოლეგა-ოპოზიციონერებს და გადალახონ 7-პროცენტიანი ბარიერი. 2005 წელს საპრეზიდენტო არჩევნების წინ პარლამენტში ყოფნა პოლიტიკური პარტიებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ თამაშგარე მდგომარეობაში დარჩენა ემუქრებათ".

"მოკლედ, ქართულ პოლიტიკაში არაფერი იცვლება - ყველა პარტია ერთი ორბიტის გარშემო ბრუნავს".

19 სექტემბრის გაზეთ "24 საათის" ინფორმაციით, სახელისუფლებო ბლოკშიც დიდი პრობლემებია. გაზეთის თქმით, "ბლოკის რიგებში ახალი პოლიტსუბიექტების გამოჩენამ ვითარება საგრძნობლად დაძაბა და თითოეული ადგილისთვის ლამის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაა გაჩაღებული". თუმცა, "... ბლოკის ლიდერები საჯაროდ კვლავაც უარყოფენ მათ შორის ურთიერთობების დაძაბვის ფაქტს და ერთხმად აცხადებენ, რომ ბლოკში "მტრების ჯინაზე, ყველაფერი იდეალურად არის დარეგულირებული". თანაც, ცალკე, ირინა სარიშვილი, ცალკე ვაჟა ლორთქიფანიძე და ცალკე ლევან მამალაძე აქეთ უტევენ მედიის წარმომადგენლებს და აცხადებენ, რომ მათთვის გაუგებარია, "რატომ იწვევს ჟურნალისტების ინტერესს კვოტების საკითხი მაშინ, როდესაც თავად სახელისუფლებო ბლოკის პოლიტსაბჭო გაცილებით სერიოზულ საკითხებზე ბჭობს. თუნდაც იმაზე, თუ ვინ აწყობს ქვეყანაში ენერგოსაბოტაჟს და ვინ ჭამს პენსიებს".

შემდეგ გაზეთი წერს: "ჩვენდა სამწუხაროდ, უნდა განვაცხადოთ, რომ ლიდერთა ასეთი განცხადებები, რბილად რომ ვთქვათ, სიმართლეს არ შეესაბემება. ამ ბოლო დროს ბლოკის ლიდერთა შეკრება იწყება და მთავრდება (და ისიც უშედეგოდ!) მხოლოდ ერთ პრობლემაზე ბჭობით - ვის რამდენი ადგილი სურს პარტიულ სიაში
(ამ ფაქტს შინაურულ საუბრებში არაერთი პოლიტიკოსი გვიდასტურებს).

და კიდევ: საზოგადოების ინტერესი სახელისუფლებო ბლოკის კვოტებისადმი სულაც არ არის მედიის ფანტაზიის ნაყოფი. მაშინ, როცა დაწყებული საქართველოს პრეზიდენტიდან, ყველა მისი მხარდამჭერი სიამაყით გვიცხადებს, რომ ისინი პარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობით მოვლენ, რიგით მოკვდავებს მართლაც აინტერესებთ, ვინ და რომელი პარტიის წარმომადგენლები იქნებიან ის ადამიანები, რომლებმაც, მათივე თქმით, კიდევ ოთხი წელი უნდა აკონტროლონ ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრება".

ახლა კი იმის შესახებ, თუ რატომ არ განიხილეს იალტის სამიტზე აფხაზეთის საკითხი. 19 სექტემბრის "მთავარი გაზეთის" თქმით, "დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის 11 სახელმწიფოს ხელმძღვანელი იალტაში აფხაზეთის საკითხის გახილვის წინააღმდეგია. დსთ-ის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა გუშინ მხარი არ დაუჭირეს საქართველოს დელეგაციის ინიციატივას და, შესაბამისად, სამიტის დღის წესრიგში ვერ მოხვდა აფხაზეთის საკითხი."

20 სექტემბრის "მთავარი გაზეთის" ინფორმაციით კი, "იალტის სამიტზე განსაკუთრებული არაფერი მომხდარა - იგი ისე დასრულდა, როგორც ამ ორგანიზაციის "ტრადიციას" ეკადრებოდა".

"მართალია, სამიტზე მიღებული დოკუმენტი თანამეგობრობის სივრცეში არსებულ კონფლიქტებს ეხება, მაგრამ, ვლადიმირ პუტინის შეფასებით, იალტაში სპეციალური დოკუმენტი სწორედ აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებით მიიღეს. შეიძლება ითქვას, რომ ამ შემთხვევაში სიტყვა დოკუმენტი აშკარად გადამეტებულია - იალტაში მიღებული განცხადება რევოლუციური შინაარსის არ არის და მხოლოდ მორიგი, არაფრის მთქმელი რეზოლუციაა".

გასულ კვირაში ქართულ საზოგადოებაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ საქართველოს მთავრობა გასაიდუმლოებულად აპირებდა ვატიკანთან ხელშეკრულების გაფორმებას, რასაც საპატრიარქოს კატეგორიული წინააღმდეგობა და საზოგადეობის გარკვეული ნაწილის საპროტესტო აქციები მოჰყვა.

საპატრიარქოს განცხადებაში, კერძოდ, ნათქვამია: "ქართული მართლმადიდებლური ეკლესია კატეგორიული წინააღმდეგია ვატიკანსა და საქართველოს შორის გაფორმდეს ისეთი ხელშეკრულება, რომელიც კათოლიკურ ეკლესიას ფაქტობრივად იმავე სტატუსს ანიჭებს საქართველოში, როგორიც აქვს მართლმადიდებლურ ეკლესიას".

19 სექტემბრის გაზეთი "რეზონანსი" წერს, რომ საპატრიარქოსგან განსხვავებული პოზიცია აქვს "დისიდენტ", როგორც გაზეთი მას უწოდებს, დეკანოზს - ბასილ კობახიძეს. მან განუცხადა გაზეთს: "ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს, რადგან ეს არის ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობის საკითხი და საპატრიარქო არ უნდა ერეოდეს ამ საკითხში. საერთოდ, ეს არის არა მხოლოდ ხელშეკრულების გაფორმების საწინააღმდეგო აქცია, არამედ ეს არის ანტიდასავლური დემარში".

18 სექტემბრის გაზეთი "რეზონანსი" კი წერს, რომ "...ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში ის ავტომატურად ძალაში არ შევა".

გაზეთი გვამცნობს, რომ პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, ზვიად მუკბანიანის განცხადებით, საერთაშოისო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მისი რატიფიკაცია საქართველოს პარლამენტში უნდა მოხდეს და მას მაღალი კვორუმი, 118 ხმა სჭირდება. ხოლო იმ პუნქტებს, რომლებიც გასაიდუმლოებულია, იხილავს პარლამენტის ნდობის ჯგუფი, სადაც რამდენიმე დეპუტატია გაწევრიანებული. თუმცა, არსებობს ინფორმაცია, რომ არის ხელშეკრულებები, რომელთა რატიფიკაცია აუცილებელი არ არის. ამ შემთხვევაში, კიდევ უფრო საეჭვოა, რომ აღნიშნული პროექტის შინაარსის სააშკარაოზე გამოტანა არ ხდება".

დაბოლოს ისევ არჩევნების თემას დავუბრუნდეთ. 17 სექტემბრის გაზეთი "24 საათი" წერს, რომ 2 ნოემბერს საარჩევნო უბნებში მისულ თითოეულ ამომრჩეველს ხელზე წაუსვამენ უფერო საღებავს, რომელიც ჯანმრთელობისთვის სახიფათო არ იქნება და ოცდაოთხ საათში თავისით გაქრება. გაზეთის თქმით, "...ამომრჩევლისთვის მარკირების პროცდურა სიცოცხლისთვის საშიში სულაც არ იქნება. სამაგიეროდ, ამ საღებავმა, შესაძლოა, ქართული არჩევნების ისტორიაში საეტაპო ფუნქციაც კი შეასრულოს, რადგან, როგორც ბევრი პოლიტიკოსი იმედოვნებს, მისი მეშვეობით თავიდან ავიცილებთ არჩევნების გაყალბების უამრავ მცდელობას. ისეთს, როგორიცაა, ვთქვათ, საარჩევნო კარუსელები, სხვადასხვა უბანში ერთი და იგივე პიროვნების მრავალგზის შესვლა და ა.შ."
XS
SM
MD
LG