Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შესაძლებელია თუ არა აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა?


მაშინ, როდესაც რუსეთი, ბელორუსია, ყაზახეთი და უკრაინა ერთიანი ეკონომიკურ სივრცის შექმნაზე თანხმდებიან, საქართველოს არა თუ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნებთან,


არამედ საკუთარ რეგიონთან აფხაზეთთან ვერ ახერხებს ეკონომიკური ურთიერთობების დამყარებას. თავის დროზე დსთ-ს სახელმწიფოებთან ერთიანი ეკონომიკური სივრცის შექმნის იდეით საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე გამოდიოდა, თუმცა ახლა წინასაარჩევნო კამპანიაში ჩაფლულ საქართველოში ნებისმიერი სახის ეკონომიკური ინტეგრაცია, მათ შორის აფხაზეთთანაც, კი ქვეყნის ღალატადა გამოცხადებული.

დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მეთაურთა იალტის სამიტზე აფხაზეთის საკითხის უგულებელყოფამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ქართველებმა თავად უნდა ეძებონ აფხაზებთან საერთო ენის გამონახვის გზები და საშუალებები. ერთადერთი რითაც დანარჩენმა საქართველომ აფხაზეთში დარჩენილი აფხაზები შეიძლება დააინტერესოს ეკონომიკური თანამშრომლობაა.

თუმცა ამის კატეგორიული წინაღმდეგია ქართულ პოლიტიკურ ძალთა დიდი ნაწილი ისევე როგორც აფხაზეთიდან დევნილი ხელისუფლება და მისი ლიდერი თამაზ ნადარეიშვილი.

[თამაზ ნადარეიშვილის ხმა] "ჩვენ კატეგორიული წინააღმდეგნი ვართ ასეთი მიდგომის და ჩვენ არც დავუშვებთ ასეთ მიდგომას. ჩვენ უნდა ვიცოდეთ ვის ველაპარაკებით, ვინ არის აფხაზეთი ეს არის დამოუკიდებელი სახელმწიფო თუ ეს არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი და ჩვენ ვსაუბრობთ კონფლიქტის მოგვარებაზე სადაც შეგვიძლია ვისაუროთ ეკონომიკურ საკითხებზე სოციალურ საკითხებზე კი ბატონო არავინ არ არის წინააღმდეგი მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ მთავარი საკითხი რომ აფხაზეთი არის საქართველო ეს არის გადაწყვეტილი."

თამაზ ნადარეიშვილი საქარტველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებას აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლებისგან მოითხოვს, თორემ საერთაშორისო საზოგადოებაში საქართველოს საზღვრების ურღვეობა კამათს არ იწვევს.

სანამ აფხაზი სეპარატისტები საქართველოსთან შემოერთებას რომელიც მათ ჰააგის სასამართლოში გასამართლებით ემუქრება, მანამდე ეკონომიკური სიტუაცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ურღვეობის საწინააღმდეგოდ იცვლება.

აფხაზეთის მიმართ რუსეთის მხრიდან ეკონომიკური სანქციების გაუქმებამ, უვიზო მიმოსვლის შენარჩუნებამ, საკომუნიკაციაო სისტემების აღდგენამ ბოლო 2 წლის მანძილზე საგრძნობლად გამოაცოცხლა ომისშემდგომი აფხაზეთის ეკონომიკა. არაოფიციალური ინფორმაციით სოხუმსა და გაგრაში დასვენება თითქმის ორჯერ ძვირი ღირს ვიდრე ბათუმსა თუ ქობულეთში და ეს ყველაფერი რუსული ტურისტული კომპანიების დამსახურებაა. თუ ქართულმა ბიზნესმა დროულად არ შეაბიჯა აფხაზეთში, მოულოდნელად კონფლიქტის პოლიტიკური მოწესრიგების შემთხვევაში შეიძლება ისე მოხდეს, რომ საქართველო აფხაზეთში არც არავის დასჭირდეს. არადა აფხაზეთის სეპარატისტულ რეჟიმთანაც რომ შესაძლებელია ეკონომიკური ურთიერთობების ჩამოყალიბება, ამაზე ენგურჰესის ერთობლივი ექსპლოატაციის მაგალითიც მეტყველებს. ენგურჰესის ირგვლივ თანამშრომლობა ქართველი ენერგეტიკოსის იური გუგუჩიას ინიციატივითა და თავდადებული მონდომებით ჩამოყალიბდა. მე მას ვკითხე თუ რამდენად შესაძლებელია ენგურჰესის მაგალითი ქართულ-აფხაზური ეკონომიკური თანამშრომლობის მოდელად იქცეს.

[იური გუგუჩიას ხმა] "ეს არის ცოცხალი მაგალითი იმისა რომ როდესაც ინტერესების დამთხვევას აქვს ადგილი თანამშრომლობა შესაძლებელია და აუცილებლად მიმაჩნია მე ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობა, იმიტომ რომ ამას მოსდევს ადამიანებს შორის კონტაქტები დაახლოება და მთელი ის სიკეთე რაც აუცილებელია... ანუ ჩვენ აფხაზებს აფხაზეთიდან ხომ ვერ გავრეკავთ, ანუ თანაცხოვრებაზე უნდა ვიფიქროთ. თანაცხოვრება ეკონომიკისა და საერთო ინტერესების გარეშე წარმოუდგენელია. ჩემი პოზიცია ეს არის უნდა გაიხსნას რკინიგზა ჯერ სატვირთო შემდეგ სამგზავრო, ასევე უნდა გაიხსნას ავტოსატრანსპორტო, გამოაცოცხლებს ეკონომიკას გაცვლა იქნება გამოცვლა იქნება და... ეს არის გზა ჩემის აზრით. რა თქმა უნდა სინქრონულად ლტოლვილების სინქრონულად დაბრუნებასთან ერთად."

ეკონომიკური ურთიერთობების დამყარების პარალელურად დევნილების სინქრონულად დაბრუნება რომ რეალობაა ამაზე ისევ ენგურჰესის მაგალითი მეტყველებს. მის სამართავ პულტს, რომელიც აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზეა განლაგებული მთლიანად ქართველი სპეციალისტები მართავენ და ისინი სეპარატისტული აფხაზეთის ტერიტორიაზე ხელფასს ქართული ლარებით იღებენ.
XS
SM
MD
LG