Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


მათ, ვისაც არ აქვს საშუალება უცხოეთის პრესას გაეცნოს, ვთავაზობთ იმ სტატიების მიმოხილვას, რომლებიც გასულ კვირაში დასავლეთის გაზეთებმა მსოფლიოს უმნიშვნელოვანეს მოვლენებს მიუძღვნეს.

გასულ კვირას შვეციაში რეფერენდუმი მოეწყო, რომლის მონაწილეებმა უარი უთხრეს საერთო ვალუტას - ევროს. ბრიტანეთის "ფაინენშელ ტაიმსი" წერს, რომ საქმე მხოლოდ ევროში კი არ იყო, არამედ ევროპის კავშირისა და მისი მოქალაქეების ურთიერთობაშიც: ბევრს ევრო ელიტის მიერ წარმოებული პოლიტიკის სიმბოლოდ მიაჩნია, ასე რომ, რეაქცია - რეფერენდუმის შედეგი, - ისტებლიშმენტის მიმართ ანტაგონიზმის გამომხატველი იყო.

ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მექსიკაში, კანკუნში გამართული სამიტის წარუმატებლობას "ნიუ-იორკ ტაიმსი" მთელი მსოფლიოს ეკონმიკისათვის დარტყმად მიიჩნევს. მიუხედავად იმისა, რომ ამ წარუმატებლობამ კანკუნის ქუჩებში გასული გლობალიზაციის მომხრენი აღფრთოვანა, წერს სტატიის ავტორი, ამ წარუმატებლობის სავალალო შედეგებს, პირველ რიგში, მსოფლიოს უღარიბესი და ყველაზე დაუცველი ქვეყნები შეიგრძნობენ.

ამ სამიტს ეხება ციურიხში გამომავალი "ტაგეს-ანცაიგერის" სტატიაც, რომელშიც ვკითხულობთ, რომ მაშინ, როცა მდიდარი და ღარიბი ქვეყნები ერთმანეთს აბრალებენ სამიტის წარუმატებლობას - მდიდარი ჩრდილოეთი ღარიბ სამხრეთს და პირიქით, - სამხრეთმა წარსულის მწარე გაკვეთილიდან ისწავლა და შეხვედრა ჩაშალა. სტატიის ავტორი განაგრძობს, რომ ამ ჩაშლით ვერავინ მოიგო. დრო მოითხოვს, რომ მსოფლიო ვაჭრობა უფრო სამართლიანი გახდეს. ახლად შეძენილ ძალაუფლებასთან ერთად სამხრეთის ქვეყნების პასუხისმგებლობაც იზრდება.

17 სექტემბერს "ვაშინგტონ პოსტმა" სტატია მიუძღვნა აშშ-ის პოლიტიკას ჩრდილოეთი კორეისადმი. ჩვენ ჩრდილოეთ კორეას მეტი უნდა შევთავაზოთ და, ამავე დროს, მისგან მეტი მოვითხოვოთ, წერს გაზეთი. ჩრდილოეთმა კორეამ ეკონომიკური რეფორმების ინტერესი გამოავლინა. მიზანი ამ ქვეყნის იქითკენ წარმართვა უნდა იყოს, რომ ჩინეთის და ვიეტნამის მსგავსად, ამგვარი რეფორმების გატარებას სერიოზულად შეეცადოს. და თუკი ეს სახელმწიფო ისეთ ნაბიჯებს გადადგმს, უზიარებს აზრს მკითხველს "ვაშინგტონ პოსტი", რომლებიც ამგვარი გეგმის იმედს გააჩენდა - მაგალითად, შეამცირებდა ჩვეულებრივ შეირაღებულ ძალებს, - ჩვენ სამაგიეროდ შეგვეძლებოდა მეტად დავხმარებოდით მას, და ეს არ იქნებოდა გამოძალვა.

"ნიუ-იორკ ტაიმსი" იწონებს ბუშის ადმინისტრაციის მოქმედებას, როცა ის გაეროში არ მიემხრო სირიის მიერ შეტანილი რეზოლუცის პროექტს, რომელიც შეიცავდა ისრაელის მიმართ მოთხოვნას, არ გაეძევებინა პალესტინელთა ლიდერი არაფატი. ამ წერილის ავტორის აზრით, ვაშინგტონს აქვს სხვა საშუალებაც, რათა ზეწოლა მოახდინოს ისრაელზე. "ნიუ იორკ ტაიმსი" წერს: "მთავრობის გადაწყვეტილება, გამოეყენებინა კრედიტის გარანტიები იმისთვის, რომ ისრაელისთვის ახალი დასახლებების მშენებლობის შეწყვეტისკენ ებიძგებინა, სწორი მიმართულებით გადადგმული პატარა ნაბიჯია".

"ჯორჯ ბუში წინ აღუდგა ტერორიზმთან ერაყის კავშირის შესახებ გავრცელებულ ვარაუდებს, - ამცნობს მკითხველს ბავარიის "ზიუდდოიჩე ცაიტურგი", - ეს იმდენად არის აღსანიშნავი, რომ ბუშს ეს მტკიცება ერაყში სამხედრო შეჭრის გასამართლებელ არგუმენტებს შორის არ მოუტანია. რატომ უნდა უარყოს ბუშმა ის, რაც არასოდეს უთქვამს? - სვამს გაზეთი შეკითხვას. იქვეა პასუხიც, - პროფილაქტიკის მიზნით: მთავრობის მიმართ რწმენა შერყეულია, არჩევნები კარს არის მომდგარი და ბუშს არაფრად სჭირდება ოპოზიციურმა დემოკრატებმა იმის გამო უსაყვედურონ, რაც არასოდეს უთქვამს.

საფრანგეთის დამოუკიდებელი გაზეთი "მონდი" გერმანიასა და საფრანგეთს შორის ურთიერთობის კიდევ უფრო გაუმჯობესებას, რაც გასულ კვირაში მათი ლიდერების შეხვედრას მოჰყვა, ერაყის კრიზისს უკავშირებს. ის, რომ პარიზს და ბერლინს ვაშინგტონის საპირისპირო ერთიანი პოზიცია ჰქონდათ, - წერს "მონდი", - მთავრობებს, საზოგადოებებს შორის ნდობის განმტკიცების ბიძგად გვევლინება, რაც წინსვლის შესაძლებლობას იძლევა.

ესპანეთის მემარცხენე ლიბერალური გაზეთი "ელ პაისი" პარიზის და ბერლინის ურთიერთობას ახასიათებს როგორც იმ სახელმწიფოთა ღერძს, რომლებიც ევროპის კავშირის გაფართოების, ერაყის გამო კამათისა და ევროსადმი შვედების უარის ფონზე, ევროპის შეკავშირებისთვის ზრუნავენ. გაზეთი წერს, იქნებ ესპანეთიც გერმანია-საფრანგეთის ავანგარდს შეუერთდეს იმის ნაცვლად, რომ აშშ-ის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშთან ერთად უკან ჩამორჩესო.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG